Facebook Twitter

ბს-516-102(კ-05) 21 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: მიწის იჯარის გადასახადისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 18 მაისს თ. ო.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საგარეჯოს რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ არასწორად დარიცხული თანხისაგან გათავისუფლების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მას და საგარეჯოს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს შორის 2001წ. 2 აპრილს დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მას გამოეყო კოოპერატივ “გ.-სა” და საგარეჯოს გამგეობის ტერიტორიაზე 205 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის _ 48 ჰექტარი სახნავი.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ამ ფართის ფლობას შეუდგა 2001წ. 30 აპრილიდან. გამომდინარე იქიდან, რომ სახნავად გამოყოფილი სავარგული იყო ხირხატი და მოუსავლიანი, დაიწყო მისი გამოყენება საძოვრად. აღნიშნულის თაობაზე მან აცნობა რაიონის გამგეობას ჯერ სიტყვიერად, ხოლო 2003წ. 18 მარტსა და თებერვალში კი წერილობით, იმის თაობაზე, რომ გამოეგზავნათ კომისია და შეემოწმებინათ ფაქტიურად არსებული ვითარება და გამოეტანათ სათანადო დასკვნა, მაგრამ მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, იგი შეტანილ იქნა გადამხდელთა სიაში და იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, დაარიცხეს წლიურად 960 ლარი, სამ წელიწადში კი – 2880 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა, საგარეჯოს რაიონის საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა უკანონოდ დარიცხული – 2880 ლარისაგან გათავისუფლება.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის _ საგარეჯოს რაიონის ზონალური საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის შუამდგომლობა და საქმეში მოპასუხედ ჩაება საგარეჯოს რაიონის გამგეობა, ხოლო საგარეჯოს რაიონის ზონალური საგადასახადო ინსპექცია მიჩნეულ იქნა მესამე პირად, იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა საგარეჯოს რაიონის გამგეობასთან და იგი წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თემურ ო.-ის სასარჩელო განცხადება და იგი გათავისუფლდა უკანონოდ დარიცხული მიწის გადასახადის _ 2880 ლარის გადახდისაგან.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაცო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა თელავის საგადასახადო ინსპექციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2001წ. 2 აპრილს თ. ო.-ს საგარეჯოში კოოპერტივ “გ.-ისა” და საგარეჯოს რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე გამოეყო სასოფლო-სამეურნეო სავარგული 205 ჰექტარის ოდენობით, მათ შორის _ 48 ჰა გამოყოფილი იყო სახნავ-საკვები ბალახისათვის, როგორც ურწყავი მიწა. ამდენად, 2004წ. 2 აპრილის მდგომარეობით სადავო 48 ჰა მიწის ნაკვეთი არის მესამე კატეგორიის სახნავი ფართი და არ არის გადაყვანილი საძოვარ ფართობში. აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა მოსარჩელის 2003წ. 18 მარტის მოთხოვნა კომისიის გამოყოფის თაობაზე, ვინაიდან მისივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 თებერვლის ¹182 ბრძანებულება “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის შესახებ” არის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 18 დეკემბრის ¹398 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც თავის მხრივ ძალადაკარგულად არის გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 1987წ. 31 დეკემბრის ¹727 ბრძანებულების შესაბამისად.

საგარეჯოს რაიონის გამგეობის 1998წ. 31 მარტის ¹65 დადგენილებით გამგეობამ ცალკეული საკრებულოების ტერიტორიაზე მწირი, დაქვიანებული და ფერმისპირა სახნავების კატეგორიების შესაცვლელად მიმართა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს სახნავიდან საძოვარში 5112 ჰა მიწის გადატანაზე, მაგრამ აღნიშნული დადაგენილებით გაუგებარია, ეხება თუ არა იგი თ. ო.-ის 48 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთს, გარდა ამისა, ¹65 დადგენილების დაკმაყოფილების თაობაზე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა გამოეცა ბრძანება, რაც არ მომხდარა.

აპელანტის მოსაზრებით, ცნობა საქართველოში ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მომხდარი ტრანსფორმაციის შესახებ 1995-1997 წლებში არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, ვინაიდან მას არ გააჩნია პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და სახელმწიფო დაწესებულების ბეჭედი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილებით თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თემურ ო.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 319-ე მუხლის მეორე ნაწილი და არასწორად მიიჩნია, რომ გამგეობამ მოსარჩელეს შესთავაზა ხელშეკრულების უკანონო პირობები და დააწესა კანონით დადგენილზე მეტი გადასახადი, ვინაიდან დადგენილია, რომ მეიჯარემ _ საგარეჯოს რაიონის გამგეობამ, მოიჯარეს გადასცა იჯარის ობიექტი 205 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ Dშორის 48 ჰა სახნავი ფართი, აღნიშნული მიწის ნაკვეთების იჯარით სარგებლობისათვის გადასახადი დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსით (149-152 მუხლები), ამიტომაც, მეიჯარის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა უსაფუძვლოდ კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების არათანაბარი პირობების შეთავაზება და, მით უმეტეს, კანონით დადგენილზე მეტი გადასახადის დაწყება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სკ-ის 597-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის შესაბამისად, დადგენილია საიჯარო ქირის შესაბამისად შემცირების მოთხოვნის უფლება წლიური მოსავლის ნახევარზე მეტის დაღუპვის შემთხვევაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 24 თებერვლის ¹182 ბრძანებულება “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო მიწებით სარგებლობისათვის გადასახადის შესახებ” არის საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 18 დეკემბრის ¹398 ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 31 დეკემბრის ¹727 ბრძანებულებით გაუქმდა. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ იჯარის ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებულია 2001წ. 2 აპრილს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი განსახილველი დავის გადაწყვეტისას გამოეყენებინა 1998წ. 31 დეკებრის გაუქმებული ნორმატიული აქტი.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ო.-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც – სასარჩელო განცხადებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2001წ. 2 აპრილს საგარეჯოს რაიონის გამგეობასა და კასატორ თ. ო.-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც თ. ო.-ს საგარეჯოს კოოპერატივ “გ.-ისა” და საგარეჯოს გამგეობის ტერიტორიაზე გამოეყო 205ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მათ შორის, 48 ჰა მიწის ფართობი წარმოადგენდა სახნავს.

კასატორი სარჩელის საფუძველზე ითხოვს არაკანონიერად დარიცხული გადასახადის 1880 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ ზემოაღნიშნული 48 ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახნავად უვარგისს, რის გამოც, აღნიშნული მიწა მიჩნეულ უნდა იყოს საძოვრად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ადასტურებს, რომ თ. ო.-ის მხრიდან წარმოდგენილი არ არის, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას საგარეჯოს რაიონის გამგეობის 1998წ. ¹65 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა კომისიის მიერ წარმოდგენილი ნუსხა საკრებულოს ტერიტორიაზე მწირი, დაქვიანებული და ფერმისპირა სახნავების შეცვლის შესახებ. საყურადღებოა, რომ მითითებული აქტი გამგეობის მხრიდან მიღებულია 1998 წელს, ხელშეკრულება მხარეთა შორის გაფორმებულია 2001 წელს. თ. ო.-ს ხელშეკრულების დადების პროცესში პრეტენზია არ განმოუთქვამს და არ მოუთხოვია ხელშეკრულების პირობების ზემოაღნიშნულ აქტთან მისადაგება. სამოქალქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების პირობები კასატორს სადავოდ არ გაუხდია არც წინამდებარე სარჩელის საფუძველზე, კერძოდ, კასატორი არ ითხოვს ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, მისი მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ “უკანონოდ დრიცხული თანხის გადახდისგან გათავისუფლებით”, მითითებული თანხის დარიცხვის საფუძველს კი წარმოადგენს მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც 48 ჰა მიწის სავარგული დაფიქსირებულია სახნავის სახით. შესაბამისად, სასამართლო წინამდებარე ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალსიწინებით, უფლებამოსილი არ არის კორექტირება მოახდინოს გადასახადის ოდენობაში და სწორად მიიჩნევს 48 ჰა-ს მიმართ სახნავი მიწის კატეგორიისათვის გათვალისწინებული გადასახადის დაკისრებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯლობას საგარეჯოს რაიონის გამგეობის 1998წ. ზემოაღნიშნულ ¹65 დადგენილების მიმართ და მიუხედავად იმისა, რომ მითითებული აქტის იურიდიული ძალა ვერ შეცვლის სარჩელის ბედს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა მხარე სარჩელით არ ითხოვს არც მიწის კატეგორიის შეცვლას და არა ცვლებებს იჯარის ხელშეკრულებაში, თვლის, ვინაიდან აღნიშნული აქტი რეგისტრირებული არ არის ნოტარიული აქტების შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული ვერ წარმოშობს შესაბამის იურიდიულ შედეგს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო პრეტენზია უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქარველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პიორველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ო.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 იანვრის გადაწყვეტილება;

3. თ. ო.-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 115 ლარის ოდენობით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.