საქმე №ას-652-614-2012 2 ივლისის, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ინდ.მეწარმე მ. ე-ი, კ. გ-ე, ნ. ჩ-ი, ლ. გ-ე, მ. გ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინება
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – საკასაციო საჩივარზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე მ. ე-ის, კ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ის მიმართ მოპასუხეებისათვის სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ ძირი თანხის - 11 339.13 აშშ დოლარის, სარგებლის - 3 511.20 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 2 825.99 აშშ დოლარის, სულ 17 576.32 აშშ დოლარის გადახდის სოლიდარულად დაკისრების, ხოლო მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით, ქ.თბილისში, ი-ის ქუჩა #18-ში (საკადასტრო კოდი #...) მდებარე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული კ. გ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ის კუთვნილი 88.28 კვ.მ უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
კ. გ-მ, ნ. ჩ-მა, ლ. გ-მ და მ. გ-მ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარეს ვალდებულების არსებობა 11239,13 აშშ დოლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: მ. ე-ს, კ. გ-სა და ნ. ჩ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 12210.79 აშშ დოლარის გადახდა, რომლის დაფარვის მიზნით, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ი-ის ქუჩა #18-ში (საკადასტრო კოდი #...) მდებარე კ. გ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ის კუთვნილი 88.28მ2 უძრავი ნივთი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ბ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. ბ-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ე-ის, კ. გ-ისა და ნ. ჩ-ისათვის კასატორის სასარგებლოდ 12210,79 აშშ დოლარისა და დამატებით 5345,53 აშშ დოლარის დაკისრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქმის განხილვა, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
2012 წლის 26 ივნისს სს „ს. ბ-მა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა ბანკის მიერ მოთხოვნილი დავალიანება დაფარეს სრულად და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის გამოხმობისა და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე. განცხადების დაზუსტების მიზნით, 2012 წლის 29 ივნისს კასატორმა განმეორებით მომართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ უარს აცხადებდა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და სს „ს. ბ-ის“ შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ის საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველი საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი – ინდ.მეწარმე მ. ე-ის, კ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ის მიმართ ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქმეში წარმოდგენილი სს „ს. ბ-ის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის - ი.ჩ-ს წერილობითი მომართვით დასტურდება, რომ კასატორი უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე.
საქმეში წარმოდგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესწავლით დადასტურებულია, რომ ი.ჩ-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათაგან გააჩნია ასევე სარჩელზე უარის თქმის უფლება და სს „ს. ბ-ის“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება ამოწურული არ არის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას იხელმძღვანელოს საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმითაც, რომელიც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის თავში მდებარეობს, თუმცა არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვისათვის დადგენილ წესებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე (კასატორი) უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად განაცხადოს უარი თავის სარჩელზე (საკასაციო საჩივარზე).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ-ის“ უფლებამოსილ წარმომადგენელ ი. ჩ-ს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ამავე ნორმის მე-4 ნაწილით კი დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო საკასაციო საჩივარზე უარის თქმის მოთხოვნით სს „ს. ბ-მა“ სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისს მომართa, პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე სს „ს. ბ-ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 23 არილს №002 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 435,52 ლარის ნახევარი - 217,76 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. ბ-ის“ წარმომადგენელ ი. ჩ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება სს „ს. ბ-ის“ საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებაზე მოწინააღმდეგე მხარეების: ინდ.მეწარმე მ. ე-ის, კ. გ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. გ-ისა და მ. გ-ისათვის კასატორის სასარგებლოდ 12210,79 აშშ დოლარისა და დამატებით 5345,53 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
3. მოცემულ საქმეზე ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. კასატორ სს „ს. ბ-ს“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) მის მიერ 2012 წლის 23 არილს №002 საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 435,52 ლარის ნახევარი - 217,76 ლარი.
6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.