Facebook Twitter

საქმე №ას-732-688-2012 24 ივლისი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შეგებებული საკასაციო საჩივარის ავტორი – კ. ღ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“(მოპასუხე)

მოპასუხე - ი. უ-ა (შეგებებული სარჩელის ავტორი), ა. ო-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ღ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ის“, ა. ო-სა და ი. უ-ს მიმართ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილოების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხის - 120736 აშშ დოლარის დაბრუნების, ზიანის ანაზღაურების სახით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ ბანკისათვის გადახდილი და გადასახდელი პროცენტის, ასევე კრედიტის წინსწრებით დაფარვისათვის გადასახდელი პროცენტის, როგორც ფაქტიური ზიანის ანაზღაურების, მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელის მიერ განხორციელებული შენატანის 55736 აშშ დოლარის 10%-ის, ყოველწლიურად, 2008 წლის მარტიდან გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე დაკისრების, მოსარჩელის მიერ 2008 წლის 28 თებერვლის შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდილი და გადასახდელი ქირის ჯამში 7200 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით (ქირის დაკისრების მოთხოვნაზე მოგვიანებით მოსარჩელემ უარი განაცხადა).

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ამასთან, ი. უ-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს კ. ღ-ის მიმართ, საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 30 750 აშშ დოლარის, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, 2009 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, პირგასამტეხლოს - 30 750 აშშ დოლარის 0,4%-ის - 123 აშშ დოლარის ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით 2009 წლის 1 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველწლიურად 30 750 აშშ დოლარის 10%-ის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ღ-ის სარჩელი მოპასუხეების: შპს „ა-ისა“ და ა. ო-ს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს: შპს „ა-სა“ და ა. ო-ს დაეკისრათ მოსარჩელის კ. ღ-ის სასარგებლოდ 206 351.4 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 2008 წლის 3 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა შეადგენდა 185 594,75 ლარს, ზიანის სახით ანაბრისათვის გათვალისწინებული პროცენტი 2009 წლის 31 ივლისიდან 2011 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით - 20756,65 ლარს, აღნიშნული თანხის გადახდა მოპასუხეების: შპს „ა-ისა“ და ა. ო-ს მიერ მოსარჩელისათვის უნდა განხორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, უარი ეთქვა მოსარჩელე კ. ღ-ს მოპასუხეების: შპს „ა-ისა“ და ა. ო-სათვის 2008 წლის 3 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებით 14 971,85 ლარის დაკისრებაზე, 2008 წლის 14 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ ბანკისათვის გადახდილი (2010 წლის თებერვლის მდგომარეობით 7964,26 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) და გადასახდელი პროცენტის (16 426,92 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი), ასევე კრედიტის წინსწრებით დაფარვისათვის გადასახდელი პროცენტის ზიანის სახით დაკისრებაზე, ანაბრისათვის გათვალისწინებული პროცენტის ზიანის სახით დაკისრებაზე, რაც 2008 წლის მარტიდან 2009 წლის 31 ივლისამდე მდგომარეობით შეადგენდა 11573,51 ლარს და გადახდილი და გადასახდელი ქირის 7200 აშშ დოლარის, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე, არ დაკმაყოფილდა კ. ღ-ის სარჩელი მოპასუხე ი. უ-სათვის სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხეებთან: შპს „ა-თან“ და ა.ო-სთან ერთად სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა ი. უ-ს შეგებებული სარჩელი, დაეკისრა მოპასუხეებს: შპს „ა-სა“ და ა. ო-ს მოსარჩელე კ. ღ-ის სასარგებლოდ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაცვლად - 2205,15 ლარი, ხოლო წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაცვლად - 7157 ლარი, რომელიც მოპასუხეებს გადახდათ მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილებაში დაკისრებულ თანხასთან (20756,65 ლართან) ერთად ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ა-მა“ და ა. ო-მ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყველების გაუქმება კ. ღ-ის სარჩელის დაკმაყოფილების, სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა კ. ღ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისიმ ნაწილში გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც მოპასუხეებს: შპს „ა-ისა“ და ა. ო-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ დაეკისრათ თანხის ანაზღაურება, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (გარდა ქირის სახით 7200 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმისა) და გაუქმებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეძთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ა. ო-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, კ. ღ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტები; ასევე, მეექვსე პუნქტი სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის ნაწილში) და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ა-ს“ კ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 120 736 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, შპს „ა-ს“ კ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20 756,65 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა კ. ღ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ო-ს მიმართ, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კ.ღ-ის სასარგებლოდ 120736 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებისა და 20756.65 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა ასევე კ. ღ-მა.

საკასაციო პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით შეგებებულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა შემდეგი: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლების დაზუსტება; ბ) შეგებებული საკასაციო საჩივრის განაცხადის გარკვევით განსაზღვრა; დ) დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების სარწმუნოდ განსაზღვრა; დ) ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის უკვე გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორების მიზნით, კ.ღ-ის წარმომადგენელმა (მოგვიანებით უშუალოდ შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა) განცხადებით მომართა სასამართლოს და შეგებებულ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო მისი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საკასაციო პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით შეგებებულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა კონკრეტული საპროცესო მოქმედებების განხორციელება.

საქმის მასალებით ასევე დადასტურებული, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით განსაზღვრული არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, არამედ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა შეგებებულ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია ის სავალდებულო წინაპირობები, რომლებსაც საკასაციო საჩივარი (შეგებებული საკასაციო საჩივარი) უნდა უპასუხებდეს მისი წარმოებაში მიღებისათვის, ამავე ნორმის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს რა, რომ კ.ღ-ს მის შეგებებულ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ამ შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა.

რაც შეეხება მხარის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას, შეგებებულ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და შეგებებულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საკასაციო პალატა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არსებობს თავად შეგებებული საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა, მოკლებულია შესაძლებლობას, განხილოს შუამდგომლობის საფუძვლიანობის საკითხი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან შეგებებულ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ არის გამოსწორებული, რაც მის წარმოებაში მიღებას გამორიცხავს, საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ღ-ს სრულად უნდა დაუბრუნდეს ი. ა-ის მიერ 2012 წლის 13 იანვარს N7 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ღ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. კ. ღ-ის შუამდგომლობა შეგებებულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, კასატორის მიერ შეგებებულ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, დარჩეს განუხილველად.

3. კასატორ კ. ღ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) ი. ა-ის მიერ 2012 წლის 13 იანვარს N7 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.