№ას-1041-976-2012 18 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ი. გ-ე, ლ. გ-ე (მოპასუხეები ძირითად სარჩელში, მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)
წარმომადგენელი – ზ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. გ-ი (მოსარჩელე, ძირითად სარჩელში, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საიჯარო ხელშეკრულების განსაზღვრული პირობებით დადებულად ცნობა, საიჯარო ქირის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 მაისის განჩინებით დადგენილი სარჩელი უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მოპასუხე ვ. ი-ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ქ.თბილისი, სოფელი დიღომი, დ-ის ქ. №2 (საკადასტრო კოდი №...). ვ. ი-ის, ი. გ-ისა და ლ. გ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვ. გ-ს ი. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა საიჯარო ქირისსახით 17250 აშშ დოლარი, ლ. გ-ის სასარგებლოდ – 16250 აშშ დოლარი, ხოლო ვ. ი-ის სასარგებლოდ – 9400 აშშ დოლარი. ვ. გ-ს ვ. ი-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა საიჯარო ქირა 2011 წლის 1 იანვრიდან 2000 აშშ დოლარი საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-9, მე-10 პუნქტები და ამნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი. გ-ისა და ლ. გ-ის სარჩელი ვ. გ-ის მიმართ საიჯარო ქირის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ი. გ-ისა და ლ. გ-ის წარმომადგენელმა ზ. მ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2012 წლის 30 ივლისს ი. გ-ისა და ლ. გ-ის წარმომადგენელმა ზ. მ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი გადახდის გადავადება ან ოდენობის შემცირება.
საკასაციო პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ი. გ-ისა და ლ.გ-ის წარმომადგენელ ზ. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
2012 წლის 8 აგვისტოს ი. გ-ისა და ლ. გ-ის წარმომადგენელმა ზ. მ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
საკასაციო პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით ი.გ-ისა და ლ. გ-ის წარმომადგენელ ზ. მ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორების წარმომადგენელ ზ. მ-ს 2012 წლის 7 სექტემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ისა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორების წარმომადგენელ ზ. მ-ს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 7 სექტემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.3, ს.ფ.454).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 8 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 12 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ისა და ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია