Facebook Twitter
#as-1301-1536-05

№ას-1095-1026-2012 7 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „ს. ა. გ-ის“ წარმომადგენლების ი. პ-ის და ი. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელის გამო მოპასუხე შპს „ს. ა. გ-ის“ მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „ს. ა. გ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61.1 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 ივლისის განჩინება შპს „ს. ა. გ-ის“ წარმომადგენელს ი. ქ-ს ჩაბარდა 2012 წლის 6 ივლის (ტ. II, ს.ფ. 55), რაც ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად წარმოადგენს ადრესატისთვის ჩაბარებულად ჩათვლის საფუძველს. მიუხედავად ამისა საკასაციო საჩივარი კასატორის მიერ შეტანილ იქნა 2012 წლის 9 აგვისტოს (ტ. II, ს.ფ. 57), ანუ 21 დღიანი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე შპს „ს. ა. გ-ის“ წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი დოკუმენტი განუხილველი უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს. ა. გ-ის“ წარმომადგენლების ი. პ-ის და ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150 , დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე) ანგარიშიდან

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მ. სულხანიშვილი