№ას-1099-1030-2012 12 სექტემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ტ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარ\ცელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ს. ბ-ის“ სარჩელი მოპასუხეების – ნ. გ-ის, მ. ჩ-ისა და ა. ტ-ის მიმართ 2008 წლის 28 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს – ნ. გ-ს, მ. ჩ-სა და ა. ტ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13544,72 ლარის გადახდა; მოპასუხეებს – ნ. გ-ს, მ. ჩ-სა და ა. ტ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პროცენტის სახით 5995,95 ლარის გადახდა; მოპასუხე ნ. გ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 4775,9 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 7792,95 ლარის გადახდა, მოპასუხე ნ. გ-ს სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანების – 1503,84 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჩ-მა და ა. ტ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ა. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი კასატორმა (ოჯახის ქმედუნარიანმა პირმა, დედამ – ზ.ხ-მა) ჩაიბარა 2012 წლის 12 ივლისს (ტ.2, ს.ფ.84). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 13 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 2 აგვისტოს. ა. ტ-მა საკასაციო საჩივარი ფოსტას სავარაუდოდ ჩააბარა 2012 წლის 7ან 8 აგვისტოს, ვინაიდან საკასაციო საჩივარი ხელმოწერილია 2012 წლის 7 აგვისტოთი (ფოსტის შტამპზე არ იკვეთება გაგზავნის რიცხვი, ტ.2, ს.ფ.87-96), ხოლო სააპელაციო სასამართლოს შტამპზე მითითებულია 2012 წლის 9 აგვისტო. ამდენად, კასატორის მიერ დარღვეულია გასაჩივრების 21-დღიანი ვადა, ვინაიდან საკასაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 2 აგვისტო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია