№ას-1112-1043-2012 12 სექტემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ე-ე, ნ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ე-ე, ი. ე-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ი. და ი. ე-ების სარჩელი უძრავ ნივთზე მოპასუხეთა მიერ საკუთრების ხელყოფის თაობაზე და სადავო უძრავი ქონების (თანმხლები პირების ჩათვლით) გამოთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ნ. ე-ის შეგებებული სარჩელი სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის მიღებით, ქ.თბილისში, თ-ის ჩიხი №4ე-ში მდებარე უძრავი ქონების – ერთი ოთახი 31,67კვ.მ და ამ ოთახის თავზე მდებარე 46,71კვ.მ სხვენის და 14,52კვ.მ საკუთარი დამხმარე სათავსოების, ხოლო 11,28კვ.მ საერთო სარგებლობის დამხმარე ფართის (საერთო მოხმარების) მიწის შესაბამისი ფართის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი., ი. ე-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ი. და ი. ე-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით (გასაჩივრებულ ნაწილში) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ი. და ი. ე-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – ნ. ე-ს, ნ. ჯ-ს, ნ. ე-ს, თ. ე-ს, მ. ე-ს, ნ. ე-სა და მ. ძ-ს დაევალოთ გამოათავისუფლონ სადავო ქონება, მდებარე – ქ.თბილისში, თ-ის ჩიხი №4-ში, საკადასტრო კოდი №....
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ე-მ, ნ. ჯ-მ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ნ. ე-ის და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია).
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ნ. ჯ-მ (ნ. ე-ის წარმომადგენელმა) პირადად ჩაიბარა 2012 წლის 19 ივლისს (ტ.2, ს.ფ.67), ხოლო საკასაციო საჩივარი ნ. ე-მ და ნ. ჯ-მ შეიტანეს 2012 წლის 10 აგვისტოს (ტ.2, ს.ფ.69-79), ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 20 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 9 აგვისტოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 284-ე მუხლებით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ე-ის და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია