№ას-1125-1056-2012 21 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე –მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი/მ ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის და თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – სს „ს. ბ-ის“ სარჩელის გამო მოპასუხეები ი/მ ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის და თ. მ-ის მიმართ თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ი/მ ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით კასატორებს განესაზღვრა 3 დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოსადგენად.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება ნ. ჯ-ის მეუღლეს თ. მ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 13 სექტემბერს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 17 სექტემბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორების მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ნ. ჯ-ის, ლ. გ-ის და თ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მ. სულხანიშვილი