Facebook Twitter
#as-1301-1536-05

№ას-1135-1066-2012 11 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ა-ის წარმომადგენლის მ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე – ზ. მ-ის სარჩელის გამო მოპასუხე ე. ა-ის მიმართ ალემენტის დაკისრება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ე. ა-ის წარმომადგენლის მ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61.1 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება ე. ა-ის წარმომადგენელს მ. კ-ს ჩაბარდა 2012 წლის 30 ივლისს (ტ. II, ს.ფ. 46), რაც ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად წარმოადგენს ადრესატისთვის ჩაბარებულად ჩათვლის საფუძველს. მიუხედავად ამისა საკასაციო საჩივარი კასატორის მიერ შეტანილ იქნა 2012 წლის 22 აგვისტოს (ტ. II, ს.ფ. 47), ანუ 21 დღიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ა-ის წარმომადგენლის მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მ. სულხანიშვილი