Facebook Twitter
#as-1301-1536-05

№ას-1246-1175-2012 25 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა თ. ხ-ის და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ე. ხ-ის სარჩელის გამო მოპასუხეები მ. ხ-ის და თ. ხ-ის მიმართ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ შემთხვევაში თ. ხ-ის და მ. ხ-ის მოთხოვნაა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ხ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს „რ. ქ-ის“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 26 სეტემბრის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და იგი ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ქვემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო:

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ ,,არბიტრაჟის შესახებ’’ საქარათველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებიმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს ზემოთ მითითებული კატეგორიის საქმეები თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო საჩივრით მხარეების და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნორმა გამოიყენება მხოლოდდამხოლოდ სასარჩელო წარმოების წესით განხილულ საქმეების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი საქმე გვაქვს განსაკუთრებულ წარმოებასთან, რომლის მარეგულირებელი ნორმები სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობაზე მითითებას საერთოდ არ შეიცავს. აღნიშნულიდან შეიძლება გამოვიტანოთ ის დასკვნა, რომ კანონმდებელი მსგავსი კატეგორიის საქმეებში საკასაციო სასამართლოს ჩარევას დაუშვებლად მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამონდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ხ-ის და მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 391-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ხ-ის და მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი