Facebook Twitter

№ას-127-124-2011 05 სექტემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ტ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოპასუხე ტ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა, რომ გადახდის ბრძანების საფუძველზე მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 3717 ლარის გადახდა.

განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხეს 2008 წლის 09 ივლისის №1/1970 ხელშეკრულების საფუძველზე გაეწია ფონოსკოპიური საექსპერტო მომსახურება და მომზადდა შესაბამისი №კ1995/15 საექსპერტო დასკვნა. მოპასუხეს არ გადაუხდია საექსპერტო მომსახურების საფასური 3717 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 მარტის გადახდის ბრძანებით მოპასუხე ტ. ჩ-ს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ დაეკისრა 3733 ლარის გადახდა.

მოპასუხის შესაგებლის (პროტესტის) საფუძველზე საქმე განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების წესით.

მოპასუხის შესაგებლის მოტივები:

მოპასუხემ, როგორც განსასჯელ მ. რ-ის წარმომადგენელმა (ადვოკატმა), 2008 წლის 09 ივნისს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მარწმუნებლის სახელით გამოხატა ნება ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო მაქსიმუმ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა დამკვეთის მიერ ინტერესის დაკარგვას შესრულების მიმართ, რაც ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 359-ე მუხლის შესაბამისად, იძლეოდა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველს.

საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებულად ითვლება ექსპერტიზის დასკვნის დამკვეთისათვის ჩაბარების მომენტიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნა ჩაბარებულად და, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულად ითვლება პირველ პუნქტში მითითებული დოკუმენტის (ექსპერტიზის დასკვნის) დამკვეთისათვის გადაცემის მომენტიდან, რაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, ან დამკვეთისათვის ამ დოკუმენტის ფოსტის საშუალებით გაგზავნის დღიდან. კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა დასკვნის არც მხარისათვის გადაცემა და არც ფოსტის საშუალებით გაგზავნა, შესაბამისად, ვალდებულება არ შესრულებულა.

მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე მოქმედებდა, როგორც განსასჯელ მერაბ რატიშვილის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, იგი მოქმედებდა არა საკუთარი, არამედ მარწმუნებლის სახელით. სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტ. ჩ-ი (მოპასუხე) წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 06 მაისს მ. რ-მა ტ. ჩ-ის სახელზე გასცა რწმუნებულება 2 წლის ვადით;

2007 წლის 27 ოქტომბერს მ. რ-ის ინტერესების დაცვის მიზნით გაიცა ორდერი ტ. ჩ-ის სახელზე;

2008 წლის 09 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იურიდიული განყოფილების უფროს ზ. წ-სა და მ. რ-ის ადვოკატ ტ. ჩ-ს შორის გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ №1/1970 ხელშეკრულება;

2008 წლის 06 ნოემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადდა №კ1995/15 ექსპერტის დასკვნა;

საქალაქო სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 103-ე, 104-ე მუხლები. ამ მუხლების თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით; იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს; თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგები დამოკიდებულია წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე. გარიგებითი წარმომადგენლობის საფუძველს წარმოადგენს მინდობილობა, რომელშიც გამოიხატება ამა თუ იმ პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება. წარმომადგენლობის დროს მართალია სამართალურთიერთობაში გარეგნულად მონაწილეობს წარმომადგენელი, მაგრამ ამ ურთიერთობის შედეგები დგება უშუალოდ წარმოდგენილი პირის მიმართ. წარმომადგენლობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დადებული გარიგებით უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ეს განპირობებულია იმით, რომ წარმომადგენელი მოქმედებს სხვისი სახელითა და სხვისი ინტერესებისათვის. წარმომადგენლის გარიგება ეს ისეთი ნების გამოვლენაა, რომლის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების სუბიეტები ხდებიან წარმოდგენილი და მესამე პირი. მოცემულ შემთხვევაში დავის საფუძვლად მითითებული გარიგება დადებულია მოსარჩელესა და მ. რ-ს შორის, რომლის ინტერესების დაცვასაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით ახორციელებდა ტ. ჩ-ი.

სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. სასამართლოს განმარტებით, მითითებული მუხლის დანაწესი ვრცელდებოდა განსახილველ შემთხვევაზეც, ვინაიდან მოპასუხე ტ. ჩ-ი ახორციელებდა მ. რ-ის ინტერესების დაცვას და ეს გარიგების შინაარსიდანაც ირკეოდა. გარიგებით ხელშეკრულების საგანი იყო საექსპერტო მომსახურების გაწევა მ. რ-ის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად, ანუ იგი ემსახურებოდა მ. რ-ის ინტერესებს.

სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის დროს დაადგინა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის მიმართ, ვისაც პასუხი უნდა ეგო სარჩელზე და შესთავაზა მოსარჩელეს არასათანადო მხარე ტ. ჩ-ი შეცვლილიყო სათანადო მხარით მ. რ-ით, რასაც მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა. ასეთ პირობებში სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თავისი გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ფულადი ვალდებულების შესრულება, რაც გამომდინარეობდა 2008 წლის 09 ივლისის ხელშეკრულებიდან. დასახელებული ხელშეკრულება დადებული იყო, ერთის მხრივ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (შემსრულებელი) და, მეორეს მხრივ, მ. რ-ის ადვოკატ ტ. ჩ-ს (დამკვეთი) შორის. სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ 2007 წლის 27 ოქტომბერს გაცემული ორდერის საფუძველზე ადვოკატი ტ. ჩ-ი იცავდა მ. რ-ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე. სადავო იყო საკითხი იმის შესახებ, თუ ვის წარმოეშვა ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება ადვოკატ ტ. ჩ-ს, თუ მ. რ-ს.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას მოცემულ საქმეზე მოპასუხე ტ. ჩ-ის არასათანადოობის შესახებ, შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ამდენად, იმისათვის რომ სადავო ხელშეკრულებით უფლება-მოვალეობები წარმოეშვას მ. რ-ს (წარმოდგენილი პირი), ხელშეკრულება ტ. ჩ-ს დადებული უნდა ჰქონდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ტ. ჩ-ს არ დაუდია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რადგან მას ექსპერტიზის ბიუროსათვის არ წარუდგენია მინდობილობა, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ იგი უფლებამოსილი იყო მ. რ-ის სახელით დაედო სამოქალაქო გარიგება (ნარდობის ხელშეკრულება).

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის (განსასჯელის) ინტერესების დასაცავად გაცემული ორდერით არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო ის გარემოება, რომ ადვოკატს აქვს ბრალდებულის (განსასჯელის) სახელით სამოქალაქო გარიგებების დადების უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ტ. ჩ-ს ექსპერტიზის ბიუროსათვის არ წარუდგენია განსასჯელ მ. რ-ის სახელით სამოქალაქო გარიგების (კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულების) დადების უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ტ. ჩ-ის მითითება იმის შესახებ, რომ მან სადავო ხელშეკრულების დადებისას ექსპერტიზის ბიუროში წარადგინა ს.ფ. 10-ზე განთავსებული მ. რ-ის მიერ მის სახელზე გაცემული რწმუნებულება. ეს ფაქტი, გარდა იმისა, რომ უარყოფილი იყო მისი პროცესუალური მოწინააღმდეგის მხრიდან, არ დასტურდებოდა არც სადავო ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო არა მ. რ-ის, არამედ ტ. ჩ-ის სახელით. ამასთან, ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი ხელშეკრულებაში მოხსენიებულია მ. რ-ის ადვოკატად, ვერ გახდებოდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველი, რომ ამ ხელშეკრულებიდან აღმოცენებული უფლება-მოვალეობები წარმოეშვა მ. რ-ს.

სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილ პირს წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან უფლება-მოვალეობები წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულება წარმომადგენელს დადებული აქვს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, ვისაც ის წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო გარიგება არ დადებულა მ. რ-ის მიერ ადვოკატ ტ. ჩ-ისათვის მიცემული უფლებამოსილების ფარგლებში და მ. რ-ის სახელით, რის გამოც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები წარმოეშვა სწორედ მოპასუხე ტ. ჩ-ს. ამ გარემოების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. რ-ი ვერ იქნებოდა იმ სახელშეკრულებო ურთიერთობების მონაწილე, რომელიც აღმოცენდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ტ. ჩ-ს შორის 2008 წლის 09 ივლისის №1/1970 ხელშეკრულების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში იყო მისაღები ის ფაქტი, რომ სახეზე იყო ორი ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობა - ერთის მხრივ, მ. რ-სა და ტ. ჩ-ს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი და მეორეს მხრივ, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ტ. ჩ-ს შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. ორივე ეს ხელშეკრულება მონაწილე მხარეებისათვის წარმოშობდა დამოუკიდებელ უფლება-მოვალეობებს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელი იყო ამ ურთიერთობის მოწესრიგება სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მითითებული ნორმის თანახმად, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია ვისთან დადებს გარიგებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ ჰქონდა საფუძველი, ევარაუდა ტ.ჩ-ის წარმომადგენლობის შესახებ, რადგან, როგორც წესი, სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილე ადვოკატებს არ გააჩნიათ დასაცავი პირის სახელით სამოქალაქო გარიგებების დადების უფლებამოსილება და ასეთი უნდა მიეთითოს სპეციალურ მინდობილობაში, რაც მოპასუხის მიერ ექსპერტიზის ბიუროში წარდგენილი არ ყოფილა. ამასთან, ბიუროსათვის არ ყოფილა სულ ერთი, თუ ვისთან გააფორმებდა ხელშეკრულებას.

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გააჩნდა საკმარისი წინაპირობები განსახილველ საქმეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის გამოყენებისა და ტარიელ ჩოჩიშვილის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია დავის არსებითად გადაწყვეტა, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე არსებითად არ განუხილავს, არ უმსჯელია სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლებზე, მათ წინააღმდეგ მოპასუხის მიერ წამოყენებულ არგუმენტებზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლს (მოპასუხის არასათანადოობა).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ჩ-მა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 09 ივლისს მოსარჩელესა და ტ. ჩ-ს, როგორც მ. რ-ის ადვოკატს შორის დაიდო ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების თაობაზე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა ტ. ჩ-ს (მ.რ-ის წარმომადგენელს) და არა თავად მ.რ-ს (მარწმუნებელს). მითითებული პოზიცია სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ ტ.ჩ-ს მოსარჩელისათვის არ წარუდგენია შესაბამისი რწმუნებულება. აღნიშნული მოსაზრება არასწორია, რადგან რწმუნებულების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოპასუხე ხელშეკრულებაში არ იქნებოდა მითითებული როგორც მ.რ-ის ადვოკატი;

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა მოპასუხის წარმომადგენლობის თაობაზე, რადგან, როგორც წესი, სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილე ადვოკატებს არ გააჩნიათ სამოქალაქო გარიგების დადების უფლებამოსილება.

კასატორი მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში, მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამ ნორმიდან გამომდინარე, ადვოკატსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულება ყველა შემთხვევაში განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით გათვალისწინებულ დავალების ხელშეკრულებად. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ მ. რ-ს რომც არ გაეცა წერილობითი რწმუნებულება, მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი იყო მ. რ-ის ადვოკატი, ადასტურებს წარმომადგენლობის არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლობის შესახებ გარიგების დასადებად წერილობითი ფორმის დაცვა აუცილებელი არ არის;

კასატორის მოსაზრებით, რომც გავიზიაროთ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთნ დაკავშირებით, რომ ტ. ჩ-ს ექსპერტიზის ბიუროსათვის არ წარუდგენია მ. რ-ის სახელით სამოქალაქო გარიგების დადების უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, მაშინ საკითხის დარეგულირება უნდა მომხდარიყო სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად. დასახელებული ნორმის მიხედვით, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარისათვის სულერთია ვისთან დადებს გარიგებას. ის გარემოება, რომ ექსპერტიზის ბიურომ ივარაუდა წარმომადგენლობის შესახებ უდავოდ დასტურდება თავად ხელშეკრულებიდან საექსპერტო მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების პირველ მუხლში ნათლად არის მითითებული, რომ ხელშეკრულება იდება მ. რ-ის ადვოკატთან, ხოლო ის გარემოება, რომ ადვოკატი მოქმედებს კლიენტის ხარჯით და სახელით, საყოველთადო ცნობილია;

კასატორის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ მეორე მხარისათვის სულერთია ვისთან დადებს ხელშეკრულებას, ასეთ დროსაც, მინდობილობის წარუდგენლობის შემთხვევაში უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ დებულების პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ექსპერტიზის ბიუროს აკისრია კანონისმიერი ვალდებულება, დადოს ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირთან. იგივე შინაარსის ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან. ამდენად, უდავოა, რომ ექსპერტიზის ბიუროსათვის სულერთია ვისთან დადებს ხელშეკრულებას;

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოქალაქე მ. რ-მა ტ. ჩ-ის სახელზე გასცა რწმუნებულება, ანუ მათ შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელით და ხარჯზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე ნათელია, რომ რწმუნებულება ცალსახად ფორმდება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან, აშკარაა, რომ რწმუნებულების არსებობის შემთხვევაში წარმომადგენელს არ შეიძლება დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძველების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 09 ივლისს, ერთის მხრივ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (შემსრულებელი) და, მეორეს მხრივ, მ. რ-ის ადვოკატ ტ. ჩ-ს (დამკვეთი) შორის დაიდო ხელშეკრულება აუდიო-ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;

აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას ადვოკატ ტ. ჩ-ს ექსპერტიზის ბიუროში არ წარუდგენია მის სახელზე მ. რ-ის მიერ გაცემული რწმუნებულება;

2007 წლის 27 ოქტომბერს გაცემული ორდერის საფუძველზე ადვოკატი ტ. ჩ-ი იცავდა მ. რ-ის ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

მოცემულ საქმეში სადავო არაა მხარეთა შორის 2008 წლის 09 ივლისის ხელშეკრულების დადების ფაქტი, მაგრამ სადავოა საკითხი იმის შესახებ, თუ ვის წარმოეშვა ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები - ადვოკატ ტ. ჩ-ს თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მ. რ-ს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2009 წლის 09 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშვა ადვოკატ ტ. ჩ-ს, ვინაიდან სადავო გარიგების დადებისას იგი არ მოქმედებდა მ. რ-ის მიერ მის სახელზე გაცემული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ უკანასკნელის სახელით.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ მ. რ-ის მიერ მის სახელზე გაცემული 2008 წლის 06 მაისის რწმუნებულება, მას ანიჭებდა სადავო გარიგების დადების უფლებამოსილებას მ. რ-ის სახელით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, იმისათვის, რომ გარიგებიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშვას წარმოდგენილ პირს, აუცილებელია, რომ წარმომადგენელი მოქმედებდეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს. დავის შემთხვევაში, წარმომადგენელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ იგი ნამდვილად მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ანუ წარმოდგენილი პირის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ამ პირის სახელით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პირის (მ. რ-ის) სახელით სადავო გარიგების დადების უფლებამოსილებას მას ანიჭებდა წარმოდგენილი პირის მიერ მის სახელზე გაცემული 2008 წლის 06 მაისის რწმუნებულება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ წარუდგენია ზემოხსენებული რწმუნებულება და, შესაბამისად, ხელშეკრულებაც მის საფუძველზე არ დაუდია. ამ ფაქტობრივი გარემოების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2008 წლის 06 მაისის რწმუნებულება მოპასუხეს არ ანიჭებდა სადავო გარიგების დადების უფლებამოსილებას, ვინაიდან იგი არ შეიცავს მითითებას წარმოდგენილი პირის სახელით სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. აღნიშნული რწმუნებულებით მოპასუხე უფლებამოსილი იყო დაეცვა მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები და ამ მიზნით წარმოედგინა მარწმუნებელი საქრთველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში და ეწარმოებინა შესაბამისი სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმე. ამდენად, მითითებული რწმუნებულებით მოპასუხისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები არ მოიცავს წარმოდგენილი პირის სახელით სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების (მოცემულ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების) დადების შესაძლებლობას.

კასატორი მიიჩნევს ასევე, რომ 2008 წლის 06 მაისის რწმუნებულების არარსებობის შემთხვევაშიც, იგი, როგორც ადვოკატი, უფლამოსილი იყო დაედო სადავო გარიგება „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში, მოკვლევისა და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ამ მოსაზრებას, ვინაიდან იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობის თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, კონკრეტული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების უფლებამოსილება მას გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში პირდაპირაა აღნიშნული ასეთი უფლაბამოსილების მინიჭების თაობაზე.

დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მითითება სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ევარაუდა მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების თაობაზე, ვინაიდან იგი, როგორც ადვოკატი, მოქმედებდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესებში.

კასატორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო გარიგების დადებისას მოსარჩელეს არ ჰქონდა საფუძველი, ევარაუდა მოპასუხის წარმომადგენლობის შესახებ, რადგან ადვოკატს არ გააჩნია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახელით სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებების დადების უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადვოკატს, რომელიც ორდერის საფუძველზე ახორციელებს კლიენტის ინტერესების დაცვას, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში პირდაპირაა აღნიშნული ასეთი უფლაბამოსილების მინიჭების თაობაზე. მართალია, დავალების ხელშეკრულების ფორმა თავისუფალია, მაგრამ ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში, რწმუნებულმა სარწმუნოდ უნდა დაამტკიცოს მარწმუნებლის მიერ კონკრეტული დავალების მიცემის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მითითება 2008 წლის 06 მაისის რწმუნებულებაზე და ადვოკატის ორდერზე, სადავო ფაქტის არსებობას არ ადასტურებს. კასატორი ვერც იმას ასაბუთებს, თუ რატომ იყო სულერთი მოსარჩელისათვის, თუ ვისთან დადებდა სადავო გარიგებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული კანონი არ დარღვეულა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. სილაგაძე