Facebook Twitter

საქმე №ას-1314-1240-2012 28 სექტემბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს ,,ი. კ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,კ. 13“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დავალიანების გადახდებინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს ,,კ. 13“-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი. კ-ის“ მიმართ დავალიანების გადახდებინების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,კ. 13“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა შპს ,,ი. კ-მა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით შპს ,,ი. კ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ამავე სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ი.კ-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს ,,ი. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ი. კ-მა“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ი. კ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. (იხ. ხელწერილი ტ.II, ს.ფ.43).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. შპს ,,ი. კ-ი“ არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.

მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 9 ივლისი, ხოლო 30-ე დღე - 19 ივლისი, ამდენად, კასატორის წარმომადგენელს შეეძლო გამოცხადებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი 2012 წლის 9 ივლისიდან 2012 წლის 19 ივლისამდე. საქმიდან ირკვევა, რომ კასატორ შპს ,,ი. კ-ს“ აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელმა ა. ქ-მ გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა 2012 წლის 2 აგვისტოს (იხ.ტ.II, ს.ფ.57).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 19 ივლისს.

საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 19 ივლისს და დამთავრდა 2012 წლის 8 აგვისტოს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2012 წლის 9 აგვისტოს (იხ.ტ.II, ს.ფ. 58), საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 9 აგვისტო, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,ი. კ-ის“ საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს ,,ი. კ.საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ.კვანტალიანი