№ას-378-359-2012 25 სექტემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი _ ზ. ჯ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ჯ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა ზ.ჯ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა შემდეგი დასაბუთებით: ნ. და ზ. ჯ-ები 1992 წლის 7 აპრილიდან ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ქორწინების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ მოპასუხის საკუთრებაში რიცხულ ბინაში, რომელიც მდებარეობდა ქ.ბათუმში, გ-ის ქ. 63-ში. აღნიშნული ბინა მოპასუხემ მემკვიდრეობით მიიღო. თანაცხოვრების პერიოდში სადავო უძრავ ქონებას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და განხორციელდა რიგი სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც გაიზარდა სადავო ბინის საბაზრო ღირებულება. 2009 წლიდან მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა, ხოლო 2010 წლის 29 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ შორის ქორწინება შეწყდა. მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ზ.ჯ-ე უარს აცხადებს, ქ.ბათუმში მდებარე უძრავ ქონებაზე ნ.ჯ-ე თანამესაკუთრედ ცნოს.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სადავო სახლი მიღებულია მემკვიდრეობით. თანაცხოვრების პერიოდში რემონტის შედეგად არ გაზრდილა აღნიშნული სახლის საბაზრო ღირებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ნ. ო-ე და ზ. ჯ-ე 1992 წლის 7 აპრილიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების რეგისტრაციის დროს ნ. ო-მ შეიცვალა გვარი და გადავიდა მეუღლე ზ. ჯ-ის გვარზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-სა და ზ. ჯ-ს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. ბათუმში, გ-ის №63-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ზ. ჯ-ის სახელზე. უძრავ ქონებაზე ზ. ჯ-ის საკუთრების უფლება წარმოშობილია 1990 წლის 11 მარტის №1113 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 189.91 კვ.მ-ს, შესაბამისად, ზ. ჯ-ის წილს თანასაკუთრებაში შეესაბამება 94.95 კვ.მ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 19 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალაქ ბათუმში, გ-ის ქუჩა №63-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლზე, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ფართის პირველ სართულზე სახლის მარჯვენა ნაწილის უკან მიშენებული აქვს კაპიტალური შენობა, დამხმარე ფართები: სამზარეულო - 14.83 კვ.მ, საკუჭნაო 10.48 კვ.მ, სველი წერტილი მისი შესასვლელით 9.34 კვ.მ. სახლის მე-2 სართულზე ამავე ზონაში მოწყობილია 14.00 კვ.მ ღია საჩეხი ე.წ „ნავესი“. სახლთმფლობელობის წინა ეზოში მარჯვენა მხარეს, მე-2 სართულზე ასასვლელი კიბის ქვედა ზონაში განთავსებულია კაპიტალური 25.24 კვ.მ ავტოფარეხი. ამდენად, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული ფართის კაპიტალური მინაშენისა და ავტოფარეხის ფართობი მთლიანად შეადგენს 73.89 კვ.მ-ს. ნ. ჯ-ე სარჩელით ითხოვს ქ. ბათუმში, გ-ის ქუჩა №63-ში მდებარე ზ. ჯ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობას იმ დასაბუთებით, რომ მხარეთა ერთად ცხოვრების პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სადავო უძრავი ქონება, კერძოდ, მიაშენეს კაპიტალური ნაგებობები, აშენდა ავტოფარეხი, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ამდენად, წინამდებარე სააპელაციო საჩივრის განსახილველად უნდა დადგინდეს სადავო უძრავ ქონებაზე კაპიტალური შენობა-ნაგებობის მიშენება, ავტოფარეხის აშენება და გარკვეული სარემონტო სამუშაოების ჩატარება განხორციელდა თუ არა ნ. ჯ-ისა და ზ. ჯ-ის ქორწინების განმავლობაში და ზემოაღნიშნულით უძრავი ქონება მნიშვნელოვნად გაუბჯობესდა თუ არა.
საქმეში წარმოდგენილია ნ. ჯ-სა და ზ. ჯ-ს შორის არსებულ სასამართლო დავაზე სამოქალაქო საქმე №2/2156, 2010 წლის 28 ივლისს შედგენილი სასამართლო სხდომის ოქმი, რომელშიც ზ. ჯ-ე განმარტავს შემდეგს: „1992 წელს, როდესაც ი. შეგვეძინა, ჩამოსული იყო ნ-ს მამა და დაგვეხმარა ავტო ფარეხის მშენებლობაში. ფიზიკურად ჩვენც ვმუშაობდით. მას არავითარი თანხა არ დაუდია, უბრალოდ გვეხმარებოდა. მარტო ავტოფარეხი გააკეთა, სხვა არაფერი გაუკეთებია. შპალერიც ჩემმა სიძემ ააკრა, პარკეტი სხვამ დააგო და ა.შ..“. ზ. ჯ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ შესაგებელშიც ადასტურებს, რომ მხარეთა ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში მიაშენეს სახლს და ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, მაგრამ მოპასუხე სადავოდ ხდის მხოლოდ იმ გარემოებას, რომ ჩატარებული სამშენებლო–სარემონტო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად არ გაზრდილა უძრავი ნივთის ღირებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131–ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მხარე თავად ადასტურებს, რომ სამშენებლო–სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მოსარჩელესთან ქორწინების განმავლობაში, რაც საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ უძრავ ნივთს სადავო მიშენება ჩაუტარდა 1983–1986 წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით დასტურდება, რომ 1990 წლის მდგომარეობით ქ. ბათუმში, გ-ის ქუჩა №63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე არ იყო მიშენებული სადავო ფართები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების და 105-ე მუხლის საფუძველზე პალატამ საქმის მასალების ერთობლიობაში, შინაგანი რწმენით შეფასების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე კაპიტალური მიშენება, ავტოფარეხის აშენება და გარკვეული სარემონტო სამუშაოები განხორციელდა მხარეთა ქორწინების განმავლობაში. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ჩატარებული სამშენებლო–სარემონტო სამუშაოების შედეგად უძრავი ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ წილს ქ. ბათუმში, გ-ის №63-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეესაბამება 94.95 კვ.მ შენობა-ნაგებობები. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიშენების საერთო ფართი შეადგენს 73.89 კვ.მ-ს. ამდენად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებულ ფართსა და წარმოებული მინაშენის ფართის პროპორციიდან და ფუნქციური დანიშნულებიდან (სამზარეულო, სველი წერტილები და ა.შ) გამომდინარე, სააპელაცო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჩატარებული სამშენებლო–სარემონტო სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა სადავო უძრავი ქონების ღირებულება.
სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, ნ. ჯ-ე და ზ. ჯ-ე 1992 წლის 7 აპრილიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით. დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, გ-ის №63-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილი ზ. ჯ-მ მიიღო მემკვიდრეობით, 1990 წლის 11 მარტის №1114 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გასამახვილებელია ქორწინებამდე შეძენილი ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდაზე იმ ხარჯების შედეგად, რაც ქორწინების განმავლობაში იქნა გაწეული. ქონებაზე ქორწინების პერიოდში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და გაწეული ხარჯი, რომლის შედეგად უმნიშვნელოდ გაიზარდა ქონების ღირებულება, არ არის საკმარისი სამართლებრივი რეჟიმის ტრანსფორმაციისათვის. აუცილებელია ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდა. ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდად ითვლება გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება, ე.ი კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს არა მარტო ქონების ღირებულების გაზრდაზე, არამედ ამ ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის თავისებურებაზე. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავო უძრავი ქონების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. სააპელაციო პალატამ განმარტა, როდესაც, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თანასაკუთრებაში ზ. ჯ-ის წილს შეესაბამება 95 კვ.მ შენობა–ნაგებობები, ხოლო ქორწინების განმავლობაში მიშენებულია 73.89 კვ.მ, დაუსაბუთებელია მსჯელობა მასზე, რომ აღნიშნული მასშტაბის ცვლილებები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, მით უფრო, რომ მიშენება თავისი ფუნქციური დანიშნულებით მნიშვნელოვანია ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად (სამზარეულო, სველი წერტილები).
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ქორწინების განმავლობაში კაპიტალური შენობა-ნაგებობის მიშენებითა და ავტოფარეხის აშენებით, ასევე სარემონტო სამუშაოების ჩატარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა სადავო უძრავი ქონების ღირებულება, რაც საკმარისია მეუღლის ინდივიდუალური საკუთრების მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივ რეჟიმში ტრანსფორმაციისათვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ჯ-ის სარჩელი ქ. ბათუმში, გ-ის ქუჩა №63-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ზ. ჯ-ის სახელზე რიცხული 1/2 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჯ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სადავო სახლს შენობა-ნაგებობები მიაშენეს 1981-1982 წლებში, მაშინ, როდესაც ნ.ჯ-ე ოჯახის რძალი არ ყოფილა. სადავო ქონება წარმოადგენს ზ.ჯ-ის ინდივიდუალურ საკუთრებას, რადგან მხარეთა ერთობლივი ცხოვრების პერიოდში აღნიშნული ქონების ღირებულება არ გაზრდილა, ამასთან, მოსარჩელემ ვერც ერთ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ სახლის გადაგეგმარება განხორციელდა თანაცხოვრების პერიოდში. სასამართლომ კანონი დაარღვია, კერძოდ, მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა. ნ.ჯ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და არა ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
2012 წლის 25 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცება შემდეგი პირობებით:
ჩვენ ქვევით ხელისმომწერი მხარეები: კასატორი ზ. ჯ-ე (წარმომადგენელი ა. გ-ე) და მოწინააღმდეგე მხარე ნ. ჯ-ე ვთანხმდებით და ვადგენთ მორიგების აქტს შემდეგზე:
ნ. ჯ-ისა და ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმში, მ-ის ქ. 8ა-ში (საკადასტრო კოდი ...) თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს. ჯ-ებს;
ზ. ჯ-ის წილი უძრავ ქონებაზე, მდებარე ბათუმში, გ-ის 63-ში (საკადასტრო კოდი ...), თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს. ჯ-ებს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ისათვის ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 50.000 აშშ დოლარზე, მოთხოვნის უფლება თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს. ჯ-ებს (საქმე №2/2156-2010).
ზ. ჯ-ე კისრულობს ვალდებულებას აუქციონზე საარეალიზაციოდ გატანილი თბილისში, ტ. ტ-ის 43-ში ნ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ბინა (105.72 კვ.მ) (საკადასტრო კოდი ...) მოხსნას რეალიზაციიდან (ანუ გადაიხადოს თანხა) და საკუთრებაში გადასცეს შვილებს - ი. და ს. ჯ-ებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.
მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა მორიგების აქტი წარმოადგინეს საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ჯ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 5 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 750 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. და ნ. ჯ-ების შუამდგომლობა მორიგების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს მორიგება, ერთი მხრივ, ზ. ჯ-სა და, მეორე მხრივ, ნ. ჯ-ს შორის შემდეგი პირობებით:
ნ. ჯ-ისა და ზ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ბათუმში, მ-ის ქ. 8ა-ში (საკადასტრო კოდი ...) თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს. ჯ-ებს;
ზ. ჯ-ის წილი უძრავ ქონებაზე, მდებარე ბათუმში, გ-ის 63-ში (საკადასტრო კოდი ...), თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს. ჯ-ებს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ისათვის ნ. ჯ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 50.000 აშშ დოლარზე, მოთხოვნის უფლება თანაბარწილად საკუთრებაში გადაეცეს შვილებს - ი. და ს. ჯ-ებს (საქმე №2/2156-2010).
ზ. ჯ-ე კისრულობს ვალდებულებას აუქციონზე საარეალიზაციოდ გატანილი ბინა მდებარე თბილისში, ტ. ტ-ის 43-ში ნ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ბინა (105.72 კვ.მ, საკადასტრო კოდი ...) მოხსნას რეალიზაციიდან (ანუ გადაიხადოს თანხა) და საკუთრებაში გადასცეს შვილებს - ი. და ს. ჯ-ებს.
შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება, ნ. ჯ-ის სარჩელის გამო, ზ. ჯ-ის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
ზ. ჯ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 5 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 750 ლარი (2012 წლის 5 მარტი, სალაროს შემოსავლის ორდერი #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.