Facebook Twitter

№ას-444-419-2011 05 სექტემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ინდმეწარმე გ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 07 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე ინდმეწარმე გ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 80000 ლარის დაკისრება.

სარჩელის თანახმად, ინდმეწარმე გ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004 წლის 27 ოქტომბრის №03/49 ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხა 80000 ლარი საძილე ტომრების შესაძენად. მოპასუხეს არ შეუსრულებია სახელშეკრულებო ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელისათვის არ მიუწოდებია გადარიცხული თანხის შესაბამისი საქონელი (ტომი I, ს.ფ. 2-10).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მოპასუხის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმული იყო, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მას უნდა შეესრულებინა 2004 წლის 02 ნოემბრამდე, საიდანაც გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის აღიარება უკანასკნელად მოხდა 2005 წლის 17 ივნისს და, შესაბამისად, ამ დროიდანაც გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რადგან სარჩელი შეტანილი იყო 2010 წლის 07 ივლისს (ტომი 1, ს.ფ. 36-45).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004 წლის 27 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ინდივიდუალურ მეწარმე „გ. ბ-ს“ შორის. მხარეები ხელშეკრულების თანახმად შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხეს გადაუხდიდა 80000 ლარს, რის სანაცვლოდაც მოპასუხე ვალდებული იყო მიეწოდებინა მოსარჩელისათვის საქონელი (საძილე ტომრები) თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით განსაზღვრული რაოდენობით, ფასებით და ვადებში, ხელშეკრულების სპეციფიკაცია თან ერთვოდა ხელშეკრულებას;

მხარეებს შორის 2004 წლის 27 ოქტომბრის თარიღით შედგენილი და ხელმოწერილი ხელშეკრულების სპეციფიკაცია ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 80000 ლარის ღირებულების 1000 ცალი საძილე ტომრის მოსარჩელისათვის მიწოდებას 2004 წლის 2 ნოემბრამდე;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინდივიდუალურ მეწარმე „გ. ბ-ს“ სახელშეკრულებო თანხა 80000 ლარი გადაუხადა 2004 წლის 28 ოქტომბერს;

მოპასუხე ინდივიდუალურმა მეწარმე „გ. ბ-მა“ ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი მოსარჩელეს არ მიაწოდა. მოპასუხის განმარტებით, იგი მოსარჩელეს ვალდებულების შესრულებას უკანასკნელად დაპირდა 2005 წლის 17 ივნისს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანხის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2010 წლის 7 ივლისს.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების იურიდიული ფაქტიდან. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოცემული სადავო ურთიერთობის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადები, ვინაიდან მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (საქონლის მიწოდების ვალდებულების) შეუსრულებლობის გამო. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მისი მოთხოვნის საფუძველი მოპასუხის მიმართ გამომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრებიდან, რის გამოც მის მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა. სასამართლოს განმატებით, მოცემული დავა არ გამომდინარეობდა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრების ინტიტუტის მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებულ არცერთ შემთხვევას არ ჰქონდა ადგილი განსახილველ შემთხვევაში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლზე და სარჩელი ხანდაზმულად მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ვალის არსებობა უკანასკნელად აღიარა 2005 წლის 17 ივნისს, ამიტომ ხანდაზმულობის ვადის დენა მოპასუხის ამგვარი მოქმედებით შეწყდა და მისი ათვლა დაიწყო თავიდან, რომელიც დამთავრდა 2008 წელს, სარჩელი კი შეტანილ იქნა დაგვიანებით, კერძოდ, 2010 წლის 07 ივლისს. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან გასული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (ტომი 1, ს.ფ. 77-81).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ინდმეწარმე გ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 80000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004 წლის 27 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ერთის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ, ინდივიდუალურ მეწარმე „გ. ბ-ს“ შორის. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინდმეწარმე გ. ბ-ი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწვდიდა 80000 ლარის ღირებულების საქონელს (საძილე ტომრებს) თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით განსაზღვრული რაოდენობით, ფასებით და ვადებში;

მხარეთა შორის 2004 წლის 27 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების სპეციფიკაცია ითვალისწინებდა ინდმეწარმე გ. ბ-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 80000 ლარის ღირებულების 1000 ცალი საძილე ტომრის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას 2004 წლის 02 ნოემბრამდე;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, 2004 წლის 28 ოქტომბერს, ინდმეწარმე გ. ბ-ს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 80000 ლარი;

ინდმეწარმე გ. ბ-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის არ მიუწოდებია;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანხის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2010 წლის 07 ივლისს.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე ვალი უკანასკნელად აღიარა 2005 წლის 17 ივნისს და მიიჩნია, რომ ინდმეწარმე ,,გ. ბ-ის” წარმომადგენლის კ. ბ-ის 2005 წლის 17 ივნისის წერილის საფუძველზე, დგინდებოდა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებისა და ვალდებულების განუსაზღვრელ ვადაში შესრულების დაპირების ფაქტი, კერძოდ, ზემოაღნიშნული წერილით ირკვეოდა, რომ ინდმეწარმე ,,გ. ბ-ის” მიერ №03/26 და №03/27 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მათ მიერ შესრულებულია 2005 წლის 14 სექტემბრიდან, 7 ოქტომბრამდე, 12400 ლარის გამოკლებით. საქონლის მიწოდება შეჩერებულია იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ თანხების ანაზღაურება არ განხორციელებულა. ამიტომ მათ, 2004 წლის 27 ოქტომბრის №03/4926 და №03/48 ხელშეკრულებებით ჩარიცხული თანხებით საქონელი აღარ მიუწოდებიათ. ამასთან, წერილის შესაბამისად, ინდმეწარმე ,,გ. ბ-ი” მზად არის შემდგომი თანამშრომლობისთვის, ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეიტანოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი საქონელიც. 2005 წლის 17 ივნისის წერილის შინაარსიდან ასევე დგინდება, რომ ინდმეწარმე ,,გ. ბ-ის” სახელით წარმომადგენლი კ. ბ-ი ასევე სთავაზობდა მოსარჩელეს ურთიერთჩათვლის განხორციელებას ოთხივე ხელშეკრულების მიხედვით. სადავოს არ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ურთიერთჩათვლა არ განხორციელებულა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე, რაც შემდეგი არგუმენტებით დაასაბუთა:

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს; 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ; 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას; 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მუხლთან მიმართებით მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა დაიწყოს არა ხელშეკრულების დადების მომენტიდან, არამედ კრედიტორის მიერ მოვალისათვის შესრულების მოთხოვნის განცხადების მომენტიდან. მოთხოვნის უფლების წარმოშობა ასეთ შემთხვევაში დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. როგორც კი ეს ნება იქნება განცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზე იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და შესაბამისად, დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულების დრო არ არის განსაზღვრული, ვალდებულების დარღვევასა და მოთხოვნის წარმოშობის დროზე მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას და კრედიტორის ნება მიუვა მოვალეს. დრო, როდესაც კრედიტორის ნება მიუვა მოვალეს, უნდა ჩაითვალოს მოთხოვნის წარმოშობის დროდ.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, თავად მოპასუხე ინდმეწარმე ,,გ. ბ-ის” მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდებოდა ინდმეწარმე ,,გ. ბ-ის” მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, ვალის აღიარებისა და ვალდებულების განუსაზღვრელ ვადაში შესრულების დაპირების ფაქტი. ამდენად, 2005 წლის 17 ივნისს მოპასუხის მიერ ვალის აღიარებით შეწყვეტილ იქნა 2004 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ინდმეწარმე ,,გ. ბ-ის” მიერ არ იქნა განსაზღვრული ვალდებულების შესრულების დრო და ეს დრო არც სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან ირკვეოდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, რის გამოც მას ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა უვადოდ. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს მოეთხოვა, ვალდებულების შერულება, ან ხელშეკრულებიდან გასვლა და თანხის დაბრუნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაბრუნების შესახებ, ხანდაზმული არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, დამატებითი ვადის დაწესების, ან გაფრთხილების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დროული შესრულება წარმოადგენს კრედიტორის მიერ დათქმულ პირობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის 2004 წლის 27 ოქტომბრის თარიღით შედგენილი და ხელმოწერილი ხელშეკრულების სპეციფიკაცია ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 80000 ლარის ღირებულების 1000 ცალი საძილე ტომრის მოსარჩელისათვის მიწოდებას 2004 წლის 2 ნოემბრამდე. შესაბამისად, აშკარა იყო, რომ ხელშეკრულების დადებისას, ვალდებულების დროული შესრულება წარმოადგენდა კრედიტორის მიერ დათქმულ პირობას. დგინდებოდა, რომ მოპასუხეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 80000 ლარის ღირებულების 1000 ცალი საძილე ტომარა არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მიუწვდია და არც ამ ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ინდმეწარმე ,,გ. ბ-ს” 2004 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების თანახმად, არ შეუსრულებია გადარიცხული თანხის შესაბამისი სახელშეკრულებო ვალდებულება, სპეციფიკაციით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იყო უარი განეცხადებინა ხელშეკრულებაზე დამატებითი ვადის დაწესების, ან გაფრთხილების გარეშე (ტომი 2, ს.ფ. 33-43).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ინდმეწარმე გ. ბ-მა, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ინდმეწარმე გ. ბ-ის წარმომადგენლის კ. ბ-ის 2005 წლის 17 ივნისის წერილის საფუძველზე დგინდება მოპასუხის მიერ ვალის აღიარებისა და ვალდებულების განუსაზღვერლ ვადაში შესრულების დაპირების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ, ურთიერთჩათვლის მოთხოვნა, როგორც ეს სამინისტროსადმი მოპასუხის წერილობით მიმართვაშია აღნიშნული, არ გულისხმობს არც ვალის აღიარებას და, შესაბამისად, არც ვალდებულების განუსაზღვრელ ვადაში შესრულების დაპირების ფაქტს. მიმართვით ცალსახად დგინდება, რომ მიწოდება არ განხორციელდა სამინისტროს მიერ სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და გამოხატულია კეთილი ნება ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის შესახებ;

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ, სასამართლომ გვერდი აუარა სამოქალაქო კოდექსის 129-ე და 130-ე მუხლების გამოყენებას და თავისი დასაბუთება დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლზე. სასამართლო, იმის დასამტკიცებლად, რომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ხანდაზმული არაა, ცდილობს დაასაბუთოს, რომ არსებობდა უვადო ხელშეკრულება, რომ ვალდებულების შესრულებისათვის არ იყო განსაზღვრული დრო, მაშინ როდესაც, სწორედ იმიტომ, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა ხანდაზმულობის ვადა, იგი მოითხოვდა მის სარჩელის მიმართ 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელებას. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ არ უმსჯელია უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმის გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რასაც მოსარჩელე აფუძნებდა თავის მოთხოვნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2004 წლის 27 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება ერთის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ, ინდივიდუალურ მეწარმე „გ. ბ-ს“ შორის. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ინდმეწარმე გ. ბ-ი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწვდიდა 80000 ლარის ღირებულების საქონელს (საძილე ტომრებს) თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით განსაზღვრული რაოდენობით, ფასებით და ვადებში;

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების სპეციფიკაცია ითვალისწინებდა ინდმეწარმე გ.ბ-ის მიერ 80000 ლარის ღირებულების 1000 ცალი საძილე ტომრის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას 2004 წლის 02 ნოემბრამდე;

2004 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინდმეწარმე გ.ბ-ს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 80000 ლარი;

ინდმეწარმე გ.ბ-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის არ მიუწოდებია;

ინდმეწარმე გ.ბ-ის წარმომადგენელმა კ. ბ-მა 2005 წლის 17 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ზემოაღნიშნული წერილის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ინდმეწარმეებს: თ.ბ-ს, ე.ბ-ს, გ.ბ-ს და კ.ბერუაშვილს შორის სხვადასხვა დროს დაიდო ოთხი ხელშეკრულება (მათ შორის, სადავო 2004 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულება) სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდების თაობაზე. ორი ხელშეკრულება ინდმეწარმეებმა შეასრულეს, მაგრამ მიწოდებული საქონლის ღირებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ აუნაზღაურებია. რაც შეეხება დანარჩენ ორ ხელშეკრულებას (მათ შორის, 2004 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულებას), ისინი ინდმეწარმეებს არ შეუსრულებიათ ანუ ამ ორი ხელშეკრულებით ჩარიცხული თანხის სანაცვლოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი საქონელი არ მიუწოდებიათ. ინდმეწარმეები გამოთქვამდნენ შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნას და აღნიშნავდნენ, რომ სახეზე იყო და ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ შეეტანათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი საქონელიც. ამასთან, ისინი ითხოვდნენ ნებართვას, რათა მომხდარიყო ურთიერთჩათვლა ზემოხსენებული ოთხივე ხელშეკრულების მიხედვით;

მხარეთა შორის ურთიერთჩათვლა არ განხორციელებულა;

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანხის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართა 2010 წლის 07 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ არ ეთანხმება სასამართლოს მიერ 2005 წლის 17 ივნისის წერილის შეფასებას, კერძოდ, იმას, რომ ხსენებული წერილის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა მოპასუხის მიერ ვალის აღიარებისა და ვალდებულების განუსაზღვრელ ვადაში შესრულების დაპირების ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, სადავო წერილში აღნიშნული ურთიერთჩათვლის მოთხოვნა არ გულისხმობს არც ვალის აღიარებას და, შესაბამისად, არც ვალდებულების განუსაზღვრელ ვადაში შესრულების დაპირების ფაქტს, არამედ წერილში გამოხატულია მხოლოდ კეთილი ნება ვალდებულებების ურთიერთჩათვლის შესახებ.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ უარყოფს მისი მხრიდან 2004 წლის 27 ოქტომბრის ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2005 წლის 17 ივნისის წერილი მოპასუხემ თავად დაურთო შესაგებელს და იქვე განმარტა, რომ მან ამ წერილით მოსარჩელის წინაშე აღიარა ვალდებულების არსებობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 40). გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოპასუხემ ვალის არსებობა აღიარა 2005 წლის 17 ივნისის წერილით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 56). აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ მოპასუხის განმარტების საფუძველზე მიიჩნია დადგენილად და სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა, რომ 2005 წლის 17 ივნისის წერილით მოპასუხე მოსარჩელეს დაპირდა ვალდებულების შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ეს ფაქტობრივი გარემოება მოპასუხეს სააპელაციო შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია. ამდენად, მოპასუხე თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2005 წლის 17 ივნისის წერილით მან მოსარჩელის წინაშე აღიარა ვალის არსებობა. გარდა ამისა, მითითებული წერილის შინაარსი ცხადყოფს, რომ მოპასუხე, არა მარტო ვალდებულების არსებობის ფაქტს ადასტურებს, არამედ გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების სამომავლოდ შესრულების თაობაზე, კერძოდ, მოპასუხე მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ მომენტში მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ წერილში გამოხატულია მხოლოდ კეთილი ნება ვალდებულებათა ურთიერთჩათვლის შესახებ და მიიჩნევს, რომ სადავო ხელწერილი უნდა შეფასდეს ვალის არსებობის აღიარებად, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით.

კასატორი სადავოდ ხდის ასევე იმ გარემოებას, რომ მოპასუხე არ დაპირებია მოსარჩელეს ვალდებულების შესრულებას განუსაზღვრელი ვადით. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოსაზრებასაც არ იზიარებს და განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დაპირება შეიძლება როგორც განსაზღვრული, ასევე განუსაზღვრელი ვადით. ამ გარემოების დადგენა აუცილებელია მოთხოვნის წარმოშობის მომენტის განსაზღვრისათვის, რომელსაც, თავის მხრივ, უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება. მოცემულ შემთხვევაში, 2005 წლის 17 ივნისის წერილში ნათლად და გარკვევით არის მითითებული, რომ ინდმეწარმე გ.ბ-ის წარმომადგენელი მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ მომენტში მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მოპასუხე მოსარჩელეს დაპირდა ვალდებულების შესრულებას კონკრეტული ვადის მითითების გარეშე ანუ განუსაზღვრელი ვადით.

საკასაციო პალატა არ იზიარებს ასევე კასატორის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან 2005 წლის 17 ივნისის წერილში ვალდებულების შესრულების კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის გამოყენებას, რომლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ზემოხსენებულ წერილში ვალდებულების შესრულების კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის, ამიტომ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეეძლო მოეთხოვა მოვალისაგან ვალდებულების შესრულება. ასეთ დროს, უფლების დარღვევის შესახებ კრედიტორი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას, ხოლო მოვალე უარს იტყვის შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ კრედიტორს 2010 წლამდე ვალდებულების შესრულება არ მოუთხოვია, შესაბამისად, იგი ამ დრომდე ვერც მისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყობდა, ამიტომ სარჩელი ხანდაზმული არ არის.

ხელშეკრულებიდან მოსარჩელის გასვლის კანონიერებაზე კასატორს საკასაციო პრეტენზია არ განუცხადებია, რის გამოც საკასაციო სასამართლო აღნიშნულის თაობაზე ვერ იმსჯელებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდმეწარმე გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. სილაგაძე