Facebook Twitter

№ას-728-684-2012 10 სექტემებრი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ე, ა. ს-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – მემკვიდრედ აღიარება, სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ., თ., თ. და ა. ს-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში რ. ს-ის, ნოტარიუსების: ნ. უ-ის, ხ. კ-ისა და ამხანაგობა „მ. კ-ის“ მიმართ და მოითხოვეს მემკვიდრედ აღიარება და სამკვიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა შემდეგი დასაბუთებით: ჯ. ს-სა და შ. მ-ს ქ.ბათუმში, კ-ის ქ.№13-ში გააჩნდათ კოოპერაციული ბინა №34, ბინა შვილებთან - მ. ს-სა და ა. ს-სთან ერთად მიღებულ იქნა 1976 წლის 18 ოქტომბერს, რაც დასტურდება №001668 ორდერით. შ. მ-ი 1994 წლის 16 ნოემბერს გარდაიცვალა, ხოლო ჯ. ს-ე - 2001 წლის 14 ოქტომბერს. მათი გარდაცვალების დროისათვის სადავო ბინა პრივატიზებული არ იყო და არც გარდაცვლილის შვილებს განუხორციელებიათ ბინის პრივატიზაცია. გარდაცვლილ ჯ. ს-ს ჰყავს ექვსი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები - მ., ა., თ., თე., რ. და გ. ს-ები. მემკვიდრეები შეთანხმდნენ და სადავო ბინაზე პრეტენზია არ განუცხადებია რ. და გ. ს-ებს. მ., ა., თ. და თე. ს-ებმა, როგორც მემკივდრეებმა, ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, არა მარტო მამის წილი ბინის ¼ და დედის - შ. მ-ის, ასევე, თავისი წილი ქონება, რაც დღემდე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის. სადავო ბინაზე პრეტენზიას აცხადებს ერთ-ერთი პირველი რიგის მემკვიდრე რ. ს-ე, რომელსაც 2004 წლის 1 ივნისს მამის, ჯ. ს-ის, გარდაცვალების შემდეგ მიუღია მემკვიდრეობა და მას ამჟამად ქალაქ ბათუმის ნოტარიუსთან - ნ. უ-სთან წარდგენილი აქვს საბუთები სადავო ბინის მთლიანად მიღების შესახებ. მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ მოსარჩელეებმა გაიგეს, მათ მიმართეს ნოტარიუს ხ. კ-ს, რომელმაც 2011 წლის 7 აპრილს მ. თ. და თე. ს-ებს უარი უთხრა მემკვიდრეობის მიღებაზე ექვსთვიანი ვადის გასვლის გამო, ხოლო ა. ს-ს უარი უთხრა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ვინაიდან, 2004 წლის 1 ივნისს და 2010 წლის 30 დეკემბერს სამკვიდრო მოწმობები გაცემულია რ. ს-ის სახელზე.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ქ.ბათუმში, კ-ის ქ.№13-ში მდებარე ბინა №34 წარმოადგენს საბინაო სამშენებლო №.. კოოპერატივის საკუთრებას, ხოლო ჯ. ს-ე აღნიშნული კოოპერატივის მეპაიე წევრს წარმოადგენდა, შესაბამისად მოპასუხე მიიჩნევს, რომ ჯ. ს-ის სამკვიდრო მასაში (აქტივში) შედიოდა მთლიანი ბინა. ამასთან, მოპასუხე განმარტავს, რომ მან მამის გარდაცვალების შემდეგ 2004 წლის პირველი ივნისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მამის დანაშთი სამკვიდრო ქონება, რომელშიც შედიოდა შპს „პ-ს“ 50%-იანი წილი, შესაბამისად, მან მიიღო მამის დანაშთი სხვა ქონებაც. 2010 წლის 30 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე კი, მიიღო მამის სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები და პასივები. რაც შეეხება მოსარჩელეებს, მოპასუხის მტკიცებით, მათ კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდრო ქონება არ მიუღიათ, რის გამოც მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით გ. ს-ე სარჩელს არ ცნო და მოითხოვა, მის მიერ მამის, ჯ. ს-ის, დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტის ფაქტობრივი ფლობით დადგენა და 2004 წლის 1 ივნისისა და 2010 წლის 30 დეკემბრის სამკვიდრო მოწმობებში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ჯ. ს-ის სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილის მიკუთვნება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს 2011 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით მ., თ., თე. და ა. ს-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება; მ., თ., თე. და ა. ს-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგენილ იქნა, რომ ჯ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ, 2001 წლის 14 ოქტომბერს სამკვიდრო გაიხსნა ბათუმში, კ-ის ქ. №13-ში მდებარე №34 ბინის 1/4 წილზე; მ. ს-ე აღიარებულ იქნა ბათუმში, კ-ის ქ. №13-ში მდებარე №34 ბინაში ჯ. ს-ის კუთვნილი 1/4 წილის 1/3-ის, მთელი ბინის 1/12 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; ა. ს-ე აღიარებულ იქნა ბათუმში, კ-ის ქ. №13-ში მდებარე №34 ბინაში ჯ. ს-ის კუთვნილი 1/4 წილის 1/3-ის, მთელი ბინის 1/12 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ; სარჩელი, თ. და თე. ს-ების მიერ ჯ. ს-ის სამკვიდროს მიღებულად აღიარების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; რ. ს-ს მ. ს-ისა და ა. ს-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 2115 ლარისა და 32 თეთრის გადახდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბათუმში, კ-ის ქ.№13-ში მდებარე საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრები იყვნენ ჯ. ს-ე, შ. მ-ი, ა. ს-ე და მ. ს-ე და მათ ეკუთვნოდათ ამ მისამართზე არსებული 100,2 კვ.მ სამოთახიანი ბინა №34. ჯ. ს-ე გარდაიცვალა 2001 წლის 14 ოქტომბერს. მისი მემკვიდრეები იყვნენ შვილები: მ., თ., თე., ა., რ. და გ. ს-ები. ამათგან ჯ. ს-ის სამკვიდროს დაეუფლნენ მ., ა. და რ. ს-ები. თ., თე. და გ. ს-ებს ჯ. ს-ის სამკვიდრო არ მიუღიათ.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საბინაო-სამშენებლო ამხანაგობის წევრი იყო მხოლოდ ჯ. ს-ე. სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ ან, თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს. ჯ. ს-ე საბინაო-სამშენებლო ამხანაგობის წევრი გახდა სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, ამიტომ, ამ ურთიერთობათა მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს საბინაო კოდექსისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვალის №107 დადგენილებითა და 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილებით გათვალისწინებული წესები. საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვალის №107 დადგენილების მე-10 პუნქტის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება, ჩაითვალა ბინის მესაკუთრედ. საქართველოს რესპუბლიკაში საბინაო-სამშენებლო კოოპერატივებისათვის რიცხული სახელმწიფო სესხის ჩამოწერისა და საბინაო - სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრე მოქალაქეთა მიერ დაკავებული ბინების მათ საკუთრებაში გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, კი, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების საცხოვრებელი სახლების მობინადრეებს უსასყიდლოდ გადაეცათ საკუთრებაში ამ სახლებში მათ მიერ დაკავებული ბინები, მიუხედავად იმისა, გადახდილი ჰქონდათ თუ არა თავდაპირველი შესატანი საპაიო თანხა. ამ ნორმათა მიხედვით, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი (წევრები), ბინაზე უფლებამოპოვებული პირები 1993 წლის 1 იანვრიდან ჩაითვალნენ ბინის მესაკუთრეებად, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მათ გაფორმებული სათანადო ხელშეკრულება კოოპერატივის გამგეობასთან. ამგვარად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ ვის ჰქონდა უფლება სადავო ბინაზე 1993 წლის 1 იანვრისათვის. ამ დროისათვის მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის სახლის ბინებში ჩასახლება ხორციელდებოდა სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტების მიერ გაცემული ორდერების საფუძველზე. შესაბამისად, ამ ბინებზე უფლება ჰქოდათ და კოოპერატივის წევრად ითვლებოდნენ ორდერში მითითებული პირები. დადგენილი არის, რომ, ორდერის მიხედვით, სადავო ბინაზე უფლების მქონე პირებად მითითებული იყვნენ: ჯ. ს-ე, შ. მ-ი, ა. ს-ე და მ. ს-ე. აქედან გამომდინარე, 1993 წლის 1 იანვრიდან ეს პირები ჩაითვალნენ ბინის თანამესაკუთრეებად და თითოეულის წილი განისაზღვრა 1/4-1/4-ით. აქედან გამომდინარე, ჯ. ს-ს ეკუთვნოდა სადავო ბინის 1/4 წილი. დადგენილია, რომ შ. მ-ი გარდაიცვალა 1994 წლის 16 ნოემბერს. მხარეებს არ მიუთითებიათ, რომ ამ დროისათვის შ. მ-ი და ჯ. ს-ე იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჯ. ს-მ მიიღო შ. მ-ის სამკვიდრო, ამიტომ, შ. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, ჯ. ს-ის წილი სადავო ბინაში არ გაზრდილა. როგორც აღინიშნა, ჯ. ს-ე გარდაიცვალა 2001 წლის 14 ოქტომბერს, ანუ სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამის გამო, მისი სამკვიდროს გახსნისა და მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წესებით. სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად კი, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში –გარდაცვლილის შვილები. ამ ნორმათა შესაბამისად, ჯ. ს-ის სამკვიდრო გაიხსნა მისი გარდაცვალების დღეს, 2001 წლის 14 ოქტომბერს და მისი მემკვიდრეები იყვნენ მ. ს-ე, თ. ს-ე, თე. ს-ე, ა. ს-ე, რ. ს-ე და გ. ს-ე. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივის) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამ ნორმის მიხედვით, ჯ. ს-ის სამკვიდროს შეადგენდა სადავო ბინის 1/4 წილი, ამიტომ აპელანტთა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ჯ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო გაიხსნა სადავო ბინის 1/4 წილზე, დასაბუთებული და საფუძვლიანია. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ჯ. ს-ის სამკვიდრო არ მიუღია გ. ს-ს - მისი სარჩელი, ამ მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, მას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და, შესაბამისად, ამ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული. მხარეები არ დავობენ მასზე, რომ ჯ. ს-ის სამკვიდრო მიიღო რ. ს-მ. შესაბამისად, დასადგენია, მიიღეს თუ არა ჯ. ს-ის სამკვიდრო აპელანტებმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. უდავოა, რომ ბათუმში, კ-ის ქ. №13-ში მდებარე ბინაში ჯ. ს-ის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც, დღემდე ცხოვრობს ა. ს-ე. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ იგი დაეუფლა სადავო ბინას და ამ გზით მიიღო ჯ. ს-ის სამკვიდრო. საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ სადავო ბინით, მთელი ამ დროის განმავლობაში, სარგებლობდა მ. ს-ც. აღსანიშნავია ისიც, რომ მ. ს-ე არის ბინის თანამესაკუთრე, რაც თავისთავად, გულისხმობს მასზე სამართლებრივი ბატონობის განხორციელებას, ე.ი მის მართვას. ამიტომ, პალატამ დაადგინა, რომ ჯ. ს-ის სამკვიდრო მიიღო მ. ს-მაც. თ. და თე. ს-ებს კი არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ისინი დაეუფლნენ ჯ. ს-ის სამკვიდროს ნაწილს მაინც.

პალატამ დაადგენილად მიიჩნია, რომ თ. და თე. ს-ებს ჯ. ს-ის სამკვიდრო არ მიუღიათ. შესაბამისად, დადგენილია, რომ სადავო ბინაში ჯ. ს-ის სამკვიდრო, 1/4 წილი, თანაბარწილად, მიიღეს მ., ა. და რ. ს-ებმა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ეს ნიშნავს, რომ ჯ. ს-ის სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეები: მ. ს-ე, ა. ს-ე და რ. ს-ე 2001 წლის 14 ოქტომბრიდან არიან ჯ. ს-ის სამკვიდრო ქონების, ბათუმში, კ-ის ქ. №13-ში მდებარე ბინის 1/4 წილის 1/3-1/3 წილის, ანუ მთელი სახლის 1/12-1/12 წილის მესაკუთრენი. პალატა მიიჩნევს, რომ სამკვიდროს მიღებულად ჩათვლისა და მოწინააღმდეგე მხარისათვის წილის მიკუთვნების მოთხოვნა მოიცავს წილის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნას. სამკვიდროს მიღება, თავისთავად, გულისხმობს საკუთრების წარმოშობას, ხოლო მოპასუხისათვის წილის განსაზღვრა - მოსარჩელეთა წილის დადგენასაც. ამის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ მ. ს-ე და ა. ს-ე აღიარებულ უნდა იქნენ ჯ. ს-ის სამკვიდრო ქონების, ბათუმში, კ-ის ქ. №13-ში მდებარე ბინის 1/4 წილის 1/3-1/3 წილის, ანუ მთელი სახლის 1/12-1/12 წილის მემკვიდრეებად და მესაკუთრეებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. ს-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ა. და მ. ს-ებზე წილის მიკუთვნების ნაწილში შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ სამართლებრივად არ შეაფასა ის გარემოება, რომ მხარეები ითხოვდნენ მხოლოდ ბინიდან წილის მიკუთვნებას და არა მთლიანად სამკვიდროს გაყოფას, რასაც საფუძვლად დაედო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 1435-ე მუხლის გამოუყენებლობა. მამის დანაშთი ქონება რ.ს-ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მთლიანად იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თ. და თე. ს-ებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ, სასამართლომ, მხარეების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები სრულად დააკისრა კასატორს, რაც არასწორია, რადგან ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯები იმ ოდენობით უნდა დაკისრებოდა, რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა მოთხოვნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ცნობილ იქნა დასაშვებად, ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მ., თ., თე. და ა. ს-ებმა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას სახელმწიფო ბაჟი 907 ლარი გადაიხადეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ., ა., თ. და თე. ს-ების სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა. საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს მოსარჩელეებმა (აპელანტებმა) სახელმწიფო ბაჟის სახით 1208.32 ლარი გადაიხადეს. აქედან გამომდინარე, მ., თ., თე. და ა. ს-ების მიერ გადახდილმა სახელმწიფო ბაჟმა ორივე ინსტანციის სასამართლოში 2115.32 ლარი შეადგინა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით თ. და თე. ს-ების სარჩელი სამკვიდროს მიღებულად აღიარების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რ.ს-ს მ. და ა. ს-ების სასარგებლოდ 2115.32 ლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრებასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბაჟი - 2115.32 ლარი მოსარჩელეებმა - მ., ა., თ. და თე. ს-ებმა ორივე ინსტანციის სასამართლოში სოლიდარულად გადაიხადეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. და ა. ს-ების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო თ. და თე. ს-ებს უარი ეთქვათ მის დაკმაყოფილებაზე. ვინაიდან, ორივე ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ სოლიდარულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა იყო 2115.32 ლარი, ხოლო თ. და თე. ს-ების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რ. ს-ს მათ მიერ გადახდილი ბაჟის 1057.66 ლარის გადახდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკისრებოდა.

რაც შეეხება, მ. და თ. ს-ების მიერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს - 1057.66 ლარს, აღნიშნულის გადახდა ზემოთდასახელებული ნორმის თანახმად, მოსარჩელეების სასარგებლოდ მოპასუხე რ.ს-ს უნდა დაეკისროს.

ამასთან, მ. და ა. ს-ებს რ. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს რ.ს-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 105.76 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

რ. ს-ის საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების სახელმწიფო ბაჟის დაკისრების გაუქმების ნაწილში დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება რ. ს-ისათვის სახელმწიფო ბაჟის - 2115.32 ლარის მ. და ა. ს-ების სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

რ. ს-ს მ. და ა. ს-ების სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო ხარჯის - 1057.66 ლარის გადახდა.

მ. და ა. ს-ებს რ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისროს რ.ს-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 105.76 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ.კვანტალიანი

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

პ.ქათამაძე