Facebook Twitter

№ას-755-811-2011 10 სექტემბერი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. გ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 04 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. გ-მა მოპასუხე შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან სადაზღვევო თანხის ანაზღაურება 10000 ლარის ოდენობით.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის 2009 წლის 08 ივლისს გარდაცვლილი ს.რ-ის მეუღლე. ეს უკანასკნელი მსახურობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის №9 სამმართველოს მობილურ ჯგუფში ინსპექტორად და გარდაიცვალა სასაზღვრო პოლიციის №6 სექტორის დასაცავ მონაკვეთზე მიოკარდიუმის ინფარქტით. სასაზღვრო პოლიციამ, როგორც დაინტერესებულმა პირმა, 2009 წლის 01 მარტის №4/3-38 ხელშეკრულების საფუძველზე თხოვნით მიმართა სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ს“ (მზღვეველს) გარდაცვლილის ოჯახის წევრებისათვის სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 2009 წლის 01 მარტის №4/3-38 ხელშეკრულების მიხედვით, ს.რ-ის გარდაცვალება არ განიხილება სადაზღვევო შემთხვევად და არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მოსარჩელე უკანონოდ მიიჩნევს სადაზღვევო კომპანიის უარს და თვლის, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულება ავალდებულებს მზღვეველს, გადაუხადოს გარდაცვლილის მემკვიდრეს სადაზღვევო თანხა (ტომი I, ს.ფ. 1-10).

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების წინაპირობა არ დამდგარა, ვინაიდან 2009 წლის 08 ივლისს ს.რ-ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სწორედ ამ მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა. ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო თანხა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, რადგან 2009 წლის 01 მარტის №4/3-38 ხელშეკრულების მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდება პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროზე და არ გულისხმობს შემსყიდველთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მომსახურების შესრულების დროს მომხდარ შემთხვევებს (ტომი 1, ს.ფ. 59-68).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე ი. გ-ი არის 2009 წლის 08 ივლისს გარდაცვლილი ს. რ-ის მეუღლე და მემკვიდრე;

ს. რ-ი მსახურობდა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №9 სამმართველოს მობილური ჯგუფის მე-3 ჯგუფის ინსპექტორად;

ს. რ-ი, როგორც შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2009 წლის 01 მარტის №4/3-38 ხელშეკრულების შესაბამოსად დაზღვეული იყო შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ის“ მიერ;

აღნიშნული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად, დაზღვეულნი არიან შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, ხოლო დაზღვევის საგანს წარმოადგენს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა;

ხელშეკრულების 3.1.3.0 პუნქტის თანახმად, დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია გარდაცვლილის სამართალმემკვიდრეს აუნაზღაურებს სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებულ თანხას (სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში 10000 ლარი). აღნიშნული დანაწესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემსყიდველთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დაზღვეულის გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

საქალაქო სასამართლომ დადგენლად მიიჩნია და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მეუღლე ს.რ-ი გარდაცვალების დღეს იმყოფებოდა სასაზღვრო პოლიციის №6 სექტორის ჭუბერის დასაცავ მონაკვეთზე, სადაც დაახლოებით თხუთმეტ საათზე დაეწყო ტკივილები გულის არეში, გაეწია სამედიცინო დახმარება, თუმცა, მიუხედავად გაწეული დახმარებისა, გარდაიცვალა; ს.რ-ის გარდაცვალების მიზეზია გულის ტამპონადა, რომელიც განვითარდა აორტის ანევრიზმის გაგლეჯილი კედლიდან გამოსული სისხლის ჩაღვრით გულის პერანგში.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლე ს.რ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალების შესრულების დროს, თუმცა მისი გარდაცვალება არ უკავშირდებოდა უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო დაეყრდნო შსს სასაზღვრო პოლიციის ინსპექციის სამმართველოს სამსახურებრივი შემოწმების 2009 წლის 29 დეკემბრის დასკვნას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს.რ-ის გარდაცვალება, 2009 წლის 01 მარტის ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევად ვერ განიხილებოდა, ამიტომ მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას თანხის ანაზღაურება არ უნდა დაკისრებოდა.

დავის გადაწყვეტისას საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 346-ე, 799-ე, 836-ე, 837-ე მუხლებით (ტომი 1, ს.ფ. 135-139).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 144-153).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 09 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო თანხის, 10000 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ი“ დამზღვევთან – საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან გაფორმებული 2009 წლის 01 მარტის №4/3-38 ხელშეკრულების საფუძველზე სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელის მამკვიდრებელთან – დაზღვეულ ს. რ-თან. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სიცოცხლის დაზღვევაც;

2009 წლის 1 მარტის №4/3-38 ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევად განიხილება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევები, რომელთა დადგომისას წარმოიშობა მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდება პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროზე, ასევე ოჯახის წევრებზე. ხოლო ხელშეკრულების 3.1.3.0 პუნქტის მიხედვით, დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია გარდაცვლილის სამართალმემკვიდრეს აუნაზღაურებს სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებულ თანხას (სიცოცხლის დაზღვევის შემთხვევაში 10000 ლარი). აღნიშნული დანაწესიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემსყიდველთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დაზღვეულის გარდაცვალება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე კოდექსის 844-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. 849-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სიკვდილის შემთხვევისთვის, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან იმ შემთხვევაში, როცა დამზღვევმა უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია ასეთი პირის სიკვდილი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სიცოცხლის დაზღვევისას მესამე პირს აქვს სარგებლის მიღების უფლება, ეს უფლება არ იქნება აღიარებული, თუ მან უკანონო მოქმედებით განზრახ გამოიწვია იმ პირის სიკვდილი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო, ხოლო 850-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სიცოცხლის დაზღვევისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ პირი, რომლის სიცოცხლეც დაზღვეული იყო, თავს მოიკლავს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ძირითად კრიტერიუმს სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, წარმოადგენს ის, თუ რამდენად ინარჩუნებს სადაზღვევო შემთხვევა დამოუკიდებლობას თავად დაზღვეულის ნებისაგან ანუ სადაზღვევო შემთხვევა აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს დაზღვეულის ქმედებისაგან. ამასთან, სიცოცხლის დაზღვევის დროს გამორიცხული უნდა იყოს დამზღვევის, ასევე სარგებლის მიმღების ჩარევა და ხელშეწყობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამორიცხავს სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო და საქმეზე წარდგენილი შსს სასაზღვრო პოლიციის ინსპექციის სამმართველოს სამსახურებრივი შემოწმების 2009 წლის 29 დეკემბრის დასკვნაში დაფიქსირებული ინფორმაციითაც დასტურდებოდა, რომ ს.რ-ი გარდაცვალების დღეს _ 2009 წლის 08 ივლისს, იმყოფებოდა სასაზღვრო პოლიციის №6 სექტორის ჭუბერის დასაცავ მონაკვეთზე, სადაც დაახლოებით 14.30 საათზე დაეწყო ტკივილები გულმკერდის არეში. დაახლოებით ერთ საათში №6 სექტორის უფროსის მოადგილემ (თ.ნ-მ) სოფელ ჭუბერიდან ამოიყვანა ექიმი, რომელმაც ს.რ-ს აღმოუჩინა პირველადი დახმარება. ასევე, მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით ორ საათში №9 სამმართველოს უფროსის მოადგილემ (თ.ფალიანმა) უზრუნველყო მესტიიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფის აყვანა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ს.რ-ს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი დაახლოებით 21 საათზე გარდაიცვალა;

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად და ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგების მიხედვით დადასტურდა, რომ ს.რ-ის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა გულის ტამპონადა, რომელიც განვითარდა აორტის ანევრიზმის გაგლეჯილი კედლიდან გამოსული სისხლის ჩაღვრით გულის პერანგში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემომითითებული მასალების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების, ასევე მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სადავო არ იყო, რომ დაზღვეულის – ს.რ-ის გარდაცვალება არ იყო გამოწვეული მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უშუალო შესრულებით, კერძოდ, იმგვარი მოქმედების განხორციელებით (მაგ: სპეც. ოპერაციაში ან რაიმე დავალების შესრულებაში მონაწილეობის მიღება), რომელიც გამოიწვევდა დაზღვეულის გარდაცვალებას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან დაზღვეული გარდაიცვალა სამსახურში ყოფნის და არა თვითდათხოვნის ან შვებულებაში ყოფნის დროს, ამიტომ 2009 წლის 01 მარტის ხელშეკრულების 3.1.6, 3.4.1 და 3.1.3.0 პუნქტების პირობებიდან გამომდინარე, ს.რ-ის გარდაცვალება არ შეიძლებოდა განხილულიყო სადაზღვევო შემთხვევად.

ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმა შეიცავს ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების დაცულობის საგარანტიოდ, სტანდარტული პირობების ბათილობის სამართლებრივ შესაძლებლობას იმ შემთხვევებისათვის, თუკი სტანდარტული პირობა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ 2009 წლის 01 მარტის ხელშეკრულების 3.4.1 და 3.1.3.0 პუნქტებით გათვალისწინებული წესი, რომლის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდება დაზღვეულის სამსახურში ყოფნის დროზე, თავისი შინაარსით წარმოადგენდა ისეთ პირობას, რომლის დაუცველობას არ შეიძლებოდა თავისთავად გაეზარდა სადაზღვევო რისკის განხორციელების შესაძლებლობა და გამოეწვია მზღვეველის კანონიერი ინტერესებისათვის ზიანის მიყენება. ამასთან, აღნიშნული პირობის გათვალისწინებით, მზღვეველი, ხელშეკრულების მეორე მხარის ინტერესების საზიანოდ, ახდენდა ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას, რამდენადაც ფაქტობრივად, სადაზღვევო შემთხვევის წარმოშობისათვის მზღვეველის მიერ გარკვეული დროის მონაკვეთის (დაზღვეულის შვებულებაში ან თვითდათხოვნაში ყოფნის პერიოდი) დაწესებით, ხდებოდა სადაზღვევო თანხის გაცემის შესახებ ვალდებულების ხელოვნურად გამორიცხვა. აღნიშნულის თვალსაჩინოებისათვის სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 2009 წლის 1 მარტის ხელშეკრულების 3.4.1 და 3.1.3.0 პუნქტებით განსაზღვრულ პირობებზე, რომელთა შინაარსის გათვალისწინებით გამოდის, რომ დაზღვეულის გარდაცვალება (რომელიც არ იქნება გამოწვეული რაიმე სადაზღვევო შემთხვევის ობიექტურად გამომრიცხველი გარემოებით /გათვალისწინებული ამავე ხელშეკრულების 3.4.2 პუნქტით/) მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად, თუკი დაზღვეულის გარდაცვალება მოხდებოდა მისი შვებულებაში ყოფნის ან თვითდათხოვნის დროს. ამდენად, ერთ შემთხვევაში დაზღვეულის გარდაცვალება, თუ ის დადგა დაზღვეულის შვებულებაში ყოფნის დროს, ხელშეკრულების მითითებული პუნქტების მიხედვით ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად, ხოლო მეორე შემთხვევაში დაზღვეულის გარდაცვალება, თუ ის დადგა დაზღვეულის სამუშაოზე ყოფნის დროს, არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად. ამასთან, როგორც აპელანტი მიუთითებდა, ამ შემთხვევაში სამსახურში ყოფნის ალბათობა თითქმის 100%-ი იყო, ვინაიდან ს.რ-ი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს და მას ჰქონდა 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმის გათვალისწინებით ხდებოდა სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და გამოვლენისათვის კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების უგულებელყოფა და, ამასთანავე, მხარის ინტერესების საზიანოდ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დარღვევა. ამგვარი დათქმის არსებობის პირობებში, მხარის ინტერესების საზიანოდ, მზღვეველს ეძლეოდა შესაძლებლობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაზღვეული გარდაიცვალა სამსახურში და არა შვებულებაში ყოფნის დროს, გაემართლებინა მის მიერ სადაზღვევო თანხის გაცემის შესახებ ვალდებულების შეუსრულებლობა. შესაბამისად, 2009 წლის 1 მარტის ხელშეკრულების 3.4.1. და 3.1.3.0 პუნქტებიდან გამომდინარე წესი იმის შესახებ, რომ სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროზე, განსახილველ შემთხვევაში ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 346-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არ ჩაითვლებოდა სადაზღვევო შემთხვევის გამომრიცხველ გარემოებად მისი ბათილობის გამო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული წესი შეიძლებოდა გამოყენებულიყო იმ შემთხვევების მიმართ, როდესაც დაზღვეულის გარდაცვალება მიზეზშედეგობრივ კავშირში იქნებოდა დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის (მაგ: სპეც. ოპერაციაში მონაწილეობის მიღების შედეგად, დავალების შესრულების შედეგად გარდაცვალება) შესრულებასთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დაზღვეულის გარდაცვალება უნდა შეფასებულიყო სადაზღვევო შემთხვევად, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენდა შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-ის“ მიერ ს.რ-ის მემკვიდრეზე სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს (ტომი 2, ს.ფ. 32-43).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. კ. ა. ს. ჯ-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგს:

სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნულ პუნტებში განსაზღვრული პირობები მიიჩნია ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად, მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. კონკრეტულ შემთხვევაში, საუბარია სახელმწიფო შესყიდვის გზით გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაზე, სადაც მხარეთა შორის ყველა სახელშეკრულებო პირობაზე შეთანხმება მოხდა ორმხრივად, შემსყიდველის მიერ მისი სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობები, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად, ხოლო აღნიშნულ ხელშეკრულებაში სადაზღვევო ანაზღაურების მიღებისას გამონაკლისის სახით გაწერილი პირობები ბათილ პირობებად;

დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლიდან გამომდინარე, ბათილია 2009 წლის 01 მარტის №4/3-38 ხელშეკრულების ის პუნქტები, რომლებიც შეეხება სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურებისას გამონაკლის შემთხვევებს. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო მხარეთა შორის ორმხრივი ნების სფუძველზე, სადაც ერთ-ერთ სახელშეკრულებო პირობად გაიწერა ის, რომ სიცოცხლის დაზღვევა არ ვრცელდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროზე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ხსენებული პუნქტი, როგორც ხელშეკრულების სტანდარტული პირობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მხარეთა შორის, ორმხრივი ინტერესების სრული დაცვით იქნა შეტანილი ზემოაღნიშნული პირობა ხელშეკრულებაში. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ დაზღვეული პირი გარდაცვალების დროს იმყოფებოდა სამსახურში. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.1.3.0 და 3.1.4 პუნქტებით განსაზღვრული პირობები, რომლის მიხედვითაც, სადაზღვევო ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის შემთხვევა, რომელიც მოხდება სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს/პერიოდში, დროის იმ ნაწილში როდესაც მას ევალება სამხედრო ვალდებულების შესრულება, სამხედრო სამსახურში ყოფნა. ამდენად, სადაზღვევო კომპანიისათვის განმსაზღვრელი არ არის გარდაცვალების მიზეზი, არც ის ფაქტი, იმყოფებოდა თუ არა პირი უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მდგომარეობაში გარდაცვალებისას;

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობა დაზღვეულის სამსახურში ყოფნის დროსთან დაკავშირებით არ წარმოადგენს ისეთ პირობას, რომლის დაუცველობაც არ შეიძლება ზრდიდეს სადაზღვევო რისკის განხორციელების შესაძლებლობას და იწვევდეს მზღვეველის კანონიერი ინტერესებისათვის ზიანის მიყენებას. იმისათვის, რომ მზღვეველმა ჯეროვნად შეასრულოს კონკრეტული დაზღვევის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სადაზღვევო საქმიანობა უნდა დააფუძნოს დაზღვევის ობიექტის, რისკის შესაძლო განხორციელების, გარემო ფაქტორებისა და სხვა გარემოებების შეფასებაზე და მათი შეფასების შესაბამისად განსაზღვრული დაზღვევის პირობებზე, ფორმირებულ სადაზღვევო რეზერვებსა და ფონდებზე. სადავო არ უნდა გახდეს ის გარემოება, რომ სამხედრო მოსამსახურის პირადი რისკებისაგან დაზღვევა მომეტებულ რისკთან არის დაკავშირებული და როდესაც მზღვეველის წინაშე დასმულია საკითხი აღნიშნული მოსამსახურის სიცოცხლის დაზღვევაზე მხოლოდ არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროის მონაკვეთზე, დაზღვევის პირობების განსაზღვრაც ხდება შესაბამისად, ანუ გაცილებით ნაკლები საფასურის სანაცვლოდ, ვიდრე დაზღვევა ეღირებოდა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს დაფარვის პირობით. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული პირობები არ შეიძლება მივიჩნიოთ სადაზღვევო შემთხვევის გამომრიცხველ გარემოებებად. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სადაზღვევო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა სწორედ ამ მოთხოვნით _ სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა იმ პირობით, რომ სადაზღვევო დაფარვა განხორციელებულიყო სამსახურებრივი მოვალების შესრულების დროისაგან დამოუკიდებელ, განსხვავებულ პერიოდზე;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა (შემსყიდველი) და შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ს“ (მიმწოდებელი) შორის 2009 წლის 01 მარტს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №4/3-38 ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, მზღვეველი არის შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ი“, დამზღვევი - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, ხოლო დაზღვეული - სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დამზღვევთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებიან (ასევე აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრები), რომელთა სასარგებლოდაც ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა და რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის საგანს;

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1.3.0 პუნქტით გათვალისწინებულია სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც ვრცელდება მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებზე. ხსენებული პუნქტის მიხედვით, დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევაში (არ გულისხმობს შემსყიდველთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მომსახურების შესრულების დროს მომხდარ შემთხვევებს), გარდა ქვემოთ მოყვანილი გამონაკლისებისა, სადაზღვევო კომპანია გარდაცვლილის სამართლამემკვიდრეს აუნაზღაურებს სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებულ თანხას, რაც შეადგენს 10000 ლარს. ამავე ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტის მიხედვით, რომელიც განსაზღვრავს სადაზღვევო პირობებს, მზღვეველის მიერ გასაწევი მომსახურების ჩამონათვალში შედის ასევე სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც არ ვრცელდება პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროზე, ასევე ოჯახის წევრებზე;

ზემოხსენებული ხელშეკრულებით საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაზღვეული ჰყავდა თავისი თანამშრომლები, მათ შორის, აწ გარდაცვლილი ს. რ-ი (სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი (ჯგუფის უფროსი), ს/პ მაიორი);

ს. რ-ი გარდაცვალების დღეს _ 2009 წლის 08 ივლისს, იმყოფებოდა სასაზღვრო პოლიციის №6 სექტორის ჭუბერის დასაცავ მონაკვეთზე, სადაც დაახლოებით 14.30 საათზე დაეწყო ტკივილები გულმკერდის არეში. დაახლოებით ერთ საათში №6 სექტორის უფროსის მოადგილემ (თ.ნარსავიძემ) სოფელ ჭუბერიდან ამოიყვანა ექიმი, რომელმაც ს.რ-ს აღმოუჩინა პირველადი დახმარება. ასევე, მომხდარი ფაქტიდან დაახლოებით ორ საათში №9 სამმართველოს უფროსის მოადგილემ (თ.ფალიანმა) უზრუნველყო მესტიიდან სასწრაფო დახმარების ჯგუფის აყვანა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ს.რ-ს აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დაახლოებით 21.00 საათზე გარდაიცვალა;

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასევე, ჩატარებული საექსპერტო კვლევის შედეგების მიხედვით, დადასტურდა, რომ ს. რ-ის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა გულის ტამპონადა, რომელიც განვითარდა აორტის ანევრიზმის გაგლეჯილი კედლიდან გამოსული სისხლის ჩაღვრით გულის პერანგში;

2009 წლის 07 ოქტომბრის სამსახურებრივი დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი (ჯგუფის უფროსი), ს/პ მაიორი ს. რ-ი გარდაიცვალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, თუმცა მისი გარდაცვალება არ უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის უშუალო შესრულებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო საჩივრით სადავოდ არაა გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის დადგენილი ფაქტების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2009 წლის 01 მარტის ხელშეკრულების 3.4.1. და 3.1.3.0 პუნქტები, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად და არასწორად ცნო ისინი ბათილად სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობების სტანდარტულ პირობებად მიჩნევის სავალდებულო ნიშნებია:

1. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები;

2. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები;

3. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები;

4. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს;

5. სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ამ მათი შემვსები წესების დადგენა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, პასუხობდა თუ არა ხელშეკრულების სადავო პირობები სტანდარტულ პირობებად მიჩნევისათვის სავალდებულო ნიშნებს, მათ შორის, არც ის დაუდგენია, სადავო პირობები იყო თუ არა მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები ანუ მზღვეველი იგივე პირობებს სთავაზობდა თუ არა სხვა მომხმარებლებსაც. შესაბამისად, ამ ნაწილში სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია, მაგრამ, იმ შემთხვევაშიც, თუ ზემოხსენებული ხელშეკრულების სადავო პირობებს არ მივიჩნევთ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ისინი არ ათავისუფლებენ მზღვეველს სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულებისაგან, როგორც ამას კასატორი მიიჩნევს. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების სადავო პირობების მიხედვით, სადაზღვევო ანაზღაურებას არ ექვემდებარება დაზღვეულის გარდაცვალების ის შემთხვევები, რომლებიც მოხდება დაზღვეული სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ანუ დროის იმ პერიოდში, როდესაც მას ევალება სამხედრო ვალდებულების შესრულება, სამხედრო სამსახურში ყოფნა. კასატორის მოსაზრებით, სადაზღვევო კომპანიისათვის განმსაზღვრელი არ არის დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი, არც ის ფაქტი, იმყოფებოდა თუ არა დაზღვეული უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მდგომარეობაში გარდაცვალებისას.

საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს და ყურადღებას მიაქცევს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2009 წლის 01 მარტის ხელშეკრულების სადავო პირობებს, კერძოდ, აღნიშნული ხელშეკრულების 3.1.3.0 პუნქტი იძლევა სიცოცხლის დაზღვევის განმარტებას, რომლის მიხედვით, დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევაში (არ გულისხმობს შემსყიდველთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მომსახურების შესრულების დროს მომხდარ შემთხვევებს), გარდა ქვემოთ მოყვანილი გამონაკლისებისა, სადაზღვევო კომპანია გარდაცვლილის სამართლამემკვიდრეს აუნაზღაურებს სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებულ თანხას. ამავე ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტის მიხედვით კი, რომელიც განსაზღვრავს სადაზღვევო პირობებს, მზღვეველის მიერ გასაწევი მომსახურების ჩამონათვალში შედის ასევე სიცოცხლის დაზღვევა, რომელიც არ ვრცელდება პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროზე, ასევე ოჯახის წევრებზე.

ამდენად, ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტების მიხედვით, სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი) სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებულ თანხას არ აუნაზღაურებს გარდაცვლილი დაზღვეულის სამართლამემკვიდრეს იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეულის გარდაცვალება წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ შემთხვევას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების ზემოხსენებული პუნქტების სწორად შეფარდებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის, გადამწყვეტია დაზღვეულის (სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის) მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და დაზღვეულის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა; დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეული უნდა იყოს იმის შედეგად, რომ მან თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა ან ასეთ მოვალეობას ასრულებდა ანუ გარდაიცვალა სამუშაოს მიზეზით. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს იმას, გარდაიცვალა თუ არა დაზღვეული სამუშაო ადგილას ან სამუშაო საათების დროს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ხელშეკრულების ზემოხსენებულ პირობებზე მითითებით, მზღვეველის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე კანონიერი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარსებებდა მიზეზობრივი კავშირი დაზღვეულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და დაზღვეულის გარდაცვალებას შორის. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მზღვეველის პასუხისმგებლობისათვის განმსაზღვრელი არ არის დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი და მისი კავშირი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, არამედ, გადამწყვეტია მხოლოდ ის, რომ დაზღვეული სამუშაო საათებში იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე. კასატორის ზემოაღნიშნული მსჯელობის უსაფუძვლობას ადასტურებს ასევე ხელეკრულების 3.4.2 პუნქტი, რომელიც ადგენს სიცოცხლის დაზღვევის გამონაკლისებს ანუ იმ გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა დადგომის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვეულის გარდაცვალებისას. მითითებული პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი საგამონაკლისო შემთხვევა არ მოიცავს სადავო კაზუსს (შემთხვევას). ასეთზე ვერც კასატორი მიუთითებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის უმთავრესია გაირკვეს დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი და მისი კავშირი დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენდა გულის ტამპონადა, რომელიც განვითარდა აორტის ანევრიზმის გაგლეჯილი კედლიდან გამოსული სისხლის ჩაღვრით გულის პერანგში; სასამართლოს მიერ დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა სამსახურში ყოფნის დროს, მაგრამ მისი გარდაცვალება არ უკავშირდებოდა სამსახურებრივი მოვალეობის უშუალო შესრულებას ანუ არ არსებობდა მიზეზობრივი კავშირი დაზღვეულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და დაზღვეულის გარდაცვალებას შორის. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსკ-ის 407.2 მუხლი).

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის დადებული ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება. შესაბამისად, სადავო ურთიერთობის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები.

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამავე კოდექსის 844-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს.

მხარეთა შორის დადებული 2009 წლის 01 მარტის ხელშეკრულების 3.1.5 პუნქტის მიხედვით, მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ ხელშეკრულების და/ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. ამავე ხელშეკრულების 3.1.3.0 პუნქტის მიხედვით, დაზღვეულის უბედური შემთხვევით ან ნებისმიერი სხვა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევაში (არ გულისხმობს შემსყიდველთან შრომით ურთიერთობაში მყოფი დაზღვეულის მიერ სამსახურებრივი მომსახურების შესრულების დროს მომხდარ შემთხვევებს), გარდა ქვემოთ მოყვანილი გამონაკლისებისა, სადაზღვევო კომპანია გარდაცვლილის სამართლამემკვიდრეს აუნაზღაურებს სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებულ თანხას. ამავე ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევის თანხა შეადგენს 10000 ლარს, ხოლო 3.3.1.3 პუნქტის მიხედვით, მზღვეველი ვალდებულია დროულად და სრულად გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება 30 კალენდარულ დღეში მოსარგებლეზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას სადაზღვევო თანხის ანაზღაურების თაობაზე, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 09 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ნ. კვანტალიანი