№ას-849-797-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ზ. ქ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ. ქ-ის მიერ 2011 წლის 12 სექტემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან შემდეგი ქონების ამორიცხვა:1) ფერადი ტელევიზორი ,,შარფი”-1 ცალი; 2) ტელევიზორის მაგიდა ,,სამსუნგი” – 1 ცალი; 3) კედელი, ყავისფერი ლამინატის 5 ნაჭრიანი - 1 ცალი; 4) რბილი სავარძლები რუხი ჭრელი გადასაკრავით - 4 ცალი შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის მითითებით, ზ. ქ-ე მისი დისშვილია, რომელიც დეიდის ოჯახს ხშირად სტუმრობდა. ზ. ქ-ს არც დაყადაღებული ქონება და რაც მის ოჯახში არსებული სხვა რაიმე ნივთი არ შეუძენია. იგი დაპატიმრებამდე ცხოვრობდა ქალაქ რუსთავში., შესაბამისად, მოითჴოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
მოპასუხე ზ. ქ-მ სარჩელი ცნო მთლიანად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლის გ. ქ-ის მიერ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის №4-513/4 სააღსრულებლო ფურცლის აღსრულების მიზნით, 2011 წლის 12 სექტემბერს, ხაშურში, დაბა სურამში, კ-ის ქუჩა №14-ში შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა მოძრავი ნივთები: 1) ფერადი ტელევიზორი ,,შარფი”-1 ცალი; 2) ტელევიზორის მაგიდა ,,სამსუნგი” – 1 ცალი; 3) კედელი, ყავისფერი ლამინატის 5 ნაჭრიანი - 1 ცალი; 4) რბილი სავარძლები რუხი ჭრელი გადასაკრავით - 4 ცალი.
რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 16.11.2009წ. დადგენილებით ზ. მ-ის ძე ქ-ე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის ჩადენისათვის დაჯარიმდა 500 ლარით (ტ.I, ს.ფ.13). 22.02.2010წ.. ზემოაღნიშნულ დადგენილებაზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი (ტ.I, ს.ფ. 14).
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 12.09.2011წ. მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების აქტით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ყადაღა დაედო დაბა სურამში კ-ის ქ.№14-ში არსებული შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1) ფერადი ტელევიზორი ,,შარფი”-1 ცალი;;2) ტელევიზორის მაგიდა ,,სამსუნგი” – 1 ცალი; 3) კედელი, ყავისფერი ლამინატის 5 ნაჭრიანი - 1 ცალი; 4) რბილი სავარძლები რუხი ჭრელი გადასაკრავით - 4 ცალი (ტ.I, ს.ფ.11,12 ).
მ. ბ-ი არის მოპასუხე ზ. ქ-ის დეიდა და მისი რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია ხაშურის რაიონის დაბა სურამი კ-ის ქუჩა №14. იგი მითითებულ მისამართზე ცხოვრობს ვაჟიშვილთან, რძალთან და მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად.
ადავო არაა, რომ ომზ. ქ-ე რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. რუსთავი, ბ-ის ქუჩა #35 (ტ.I, ს.ფ.14), რომელიც გასხვისებულია და ამიტომ უწევდა სხვადასხვა ნათესავთან, მათ შორის, დეიდასთან ყოფნა. ამჟამად ზ. ქ-ე იმყოფება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის №15 დაწესებულებაში.
აპელანტის განმარტება მასზე, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საკუთრების უფლება სარჩელში ჩამოთვლილ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. როგორც უკვე აღინიშნა, ხაშურის რაიონის დაბა სურამი კ-ის ქუჩა №14–ში მოსარჩელე ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული პირების: მ. გ-ისა და ხ. კ-ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ ის ნივთები, რომლებიც დაყადაღდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 12.09.2011წ. მოძრავი ქონების აღწერა-დაყადაღების აქტით, წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას (იხ.: ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ.I, ს.ფ. 77-83). ამასთან, გარდა მოწმეთა ჩვენებისა საქმეში წარმოდგენილია ინდმეწარმე გ. ნ-ის მიერ გაცემული ცნობა მასზედ, რომ მ. ბ-მა გ. ნ-ის „ავეჯის სახლში“ 2009 წლის 11 ოქტომბერს შეიძინა ე.წ. ,,კედელი” 770 ლარად (ტ.I, ს.ფ.15).
სააპელაციო პალატამ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მ. ბ-ს სარჩელი, ვინაიდან იმ დადგენილებასთან მიმართებაში, რომლის აღსრულების მიზნითაც მოხდა ქონების დაყადაღება, მოსარჩელე წარმოადგენდა მესამე პირს, რომელიც საქმეში მხარედ არ მონაწილეობდა, რის გამოც დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა ვერ განხორციელდებოდა მ. ბ-ის ქონების რეალიზაციის ხარჯზე და, შესაბამისად, არ არსებობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ, მოითხოვა მისი გაქუმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავაოდ ის გარემოება, რომ ზ. ქ-ე დაპატიმრებამდე ცხოვრობდა ხაშურის რაიონის დაბა სურამში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ლ. მურუსიძე