Facebook Twitter

№ას-854-801-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ რ. ს. სკოლა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ააიპ რ. ს. სკოლის წინააღმდეგ და მოითხოვა იძულებითი განაცდურის – 1200 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მუშაობდა ა.ა.ი.პ. ”რ. ს. სკოლაში” ჭადრაკის მწვრთნელის თანამდებობაზე და მისი ანაზღაურება შეადგენდა თვეში 120 ლარს, რასაც ემატებოდა ჭადრაკის წრის წევრების მიერ ყოველთვიურად განხორციელებული შენატანებიდან დარიცხული პროცენტები. 2011 წლის 31 იანვარს ა.ა.ი.პ. ”რ. ს. სკოლის” დირექტორმა მ. ა-მა მის შრომის წიგნაკში გააკეთა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სპორტთამაშების სკოლის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნული ჩანაწერის საფუძვლად მიუთითა ბრძანება #1. მოსარჩელის მითითებით, განთავისუფლების ბრძანება მისთვის არ გაუცვნიათ და არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით. მან ბრძანების გაცნობის მიზნით რამოდენიმეჯერ მიმართა მოპასუხეს, ასავე თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიას, მაგრამ ბრძანება არ გააცნეს, რის გამოც შეექმნა შთაბეჭდილება რომ ბრძანება საერთოდ არ არსებობდა. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2010 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა, რადგან მოსარჩელემ გაგარძელა მუშაობა, რასაც ადასტურებს 2011 წლის 28 მარტს მის სახელფასო ანგარიშზე დარიცხული ხელფასი 120.4 ლარის ოდენობით. დარიცხვა განახორციელა ა.ა.ი.პ ”რ. ს. ს. გ-მ” შეცდომით, რაც მათ მიერ გაცემული წერილით იქნა დადასტურებული და მოწმობს იმას რომ იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 იანვრის გადაწყევტილებით რ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ლ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინბით რ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

რ. ლ-ე 2010 წლის 4 იანვრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებული იყო ააიპ „ქ. რ. ს. სკოლაში“ მწვრთნელის თანამდებობაზე; მისი შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 120 ლარს, რასაც ემატებოდა მის სპორტულ ჯგუფებში მყოფ მოსწავლეთა შენატანის 60 პროცენტი (ტ. I. ს. ფ. 18).

აღნიშნული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2010 წლის 31 დეკემბრამდე (ტ. I. ს. ფ. 18). რ. ლ-ს გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციისათვის განცხადებით არ მიუმართავს.

ააიპ „ქ. რ. ს. სკოლის“ დირექტორის მ. ა-ის 2011 წლის 31 იანვრის ბრძანებით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რ. ლ-ე სხვა თანამშრომლებთან ერთად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია პირადი განცხადება და ააიპ-ის რეორგანიზაცია (ტ. I. ს. ფ. 67-68).

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს N281 განკარგულებით დადგინდა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქ. რ. ს. ს. გ-ა“ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად და არ წარმოადგენს ააიპ „ქ. რ.ს. სკოლის“ სამართალმემკვიდრეს (ტ. I. ს. ფ. 72).

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრრციული) იურიდიული პირების რეესტრში ააიპ „რ. ს. სკოლა“ რეგისტრირებულია, როგორც სუბიექტი და მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია მ. ა. (ტ. I. ს. ფ. 29), რომელიც თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერის N56 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ტ. I. ს. ფ. 66).

ააიპ „რ. ს. სკოლა“ იმყოფება რეორგანიზაციის პროცესში და იგი 2011 წლის 31 იანვრიდან ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს (ტ. I. ს. ფ. 100-101).

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 28-ე, 992-ე, 408-ე, 411-ე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და შრომის კოდექსის მე-6 , მე-7, 37-ე და 38-ე მუხლებით.

პალატამ აღნიშნა, რომ რ. ლ-ის სარჩელის საგანია მას და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარება და მითითებულ პერიოდში მიუღებელი ხელფასის (იძულებითი განაცდურის), როგორც მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრება. პალატის განმარტებით, აპელანტის მოთხოვნა _ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ვერ იქნება მიჩნეული დამოუკიდებელ მოთხოვნად და იგი შესაძლებელია მხოლოდ წარმოადგენდეს ძირითადი მოთხოვნის _ შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარების თანამდევ მოთხოვნას და მისი კანონიერება უნდა შემოწმდეს ძირითადი მოთხოვნის კანონიერების გარკვევის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ააიპ „რ. ს. სკოლა“ 2011 წლის 31 იანვრიდან ფაქტიურად აღარ ფუნქციონირებს, შეწყვეტილი აქვს დაფინანსება და მისი ყველა თანამშრომელი, დირექტორის ჩათვლით, გათავისუფლებულია თანამდებობიდან, რაც გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ რ. ლ-ე აღდგენილ იქნეს სამუშაოზე (ამ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით, პალატამ იძულებით მოცდენის გამო შრომის ანაზღაურების მოთხოვნაც უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან, რ. ლ-ე სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტის გამო მაინც ვეღარ გააგრძელებდა მუშაობას სპორტთამაშების სკოლაში და ვერ მიიღებდა შესაბამის ანაზღაურებას.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ლ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სამართლებრივად სწორად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

კასატორი, რ. ლ-ე, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ლ. მურუსიძე