Facebook Twitter

№ას-869-815-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ე. და ც. ჯ-ები

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. და ც. ჯ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ხ. ჯ-ისა და მესამე პირის – აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ და მოითხოვეს შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 30 ნოემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №086-1645/1 აქტის საფუძველზე დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეთა განმარტებით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერმა აღწერა და დააყადაღა ქ. ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე, მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში თავიანთ საკუთრებაში რიცხული მოძრავი ნივთები მოპასუხე ხ. ჯ-ის საგადასახადო დავალიანების გამო ისე, რომ არ გამოუკვლევია თუ ვის ეკუთვნოდა დასაყადაღებელი მოძრავი ნივთები. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მათ საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში განთავსებული ნივთები წარმოადგენს მათ საკუთრებას, აღნიშნული ნივთები შეძენილია და სარგებლობენ თვითონ და მათთან ხ. ჯ-ს, რომელიც დიდი ხანია წასულია აღნიშნული სახლიდან შეხება არა აქვს, რის გამოც მოსარჩელეები მოითხოვენ დაკმაყოფილდეს სარჩელი და გათავისუფლდეს ყადაღისაგან მათი მოძრავი ნივთები.

მოპასუხე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადაო მოძრავი ნივთების დაყადაღება მოხდა საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. ვინაიდან ი/მ ხ. ჯ-ს, რომელიც რეგისტრირებულია მწვანე კონცხზე, გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის მიერ განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზეც შედგა შესაბამისი მოვალის ქონების დაყადაღების აქტი. აღნიშნულ აქტს ხელს აწერს როგორც დაყადაღების უფლებამოსილი ოფიცერი, ასევე ბიუჯეტის მიმართ დავალიანების მქონე ხ.ჯ-ე.

მოპასუხე ხ. ჯ-მ სარჩელი ცნო.

მესამე პირი აჭარისა და გურიის საარსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა კანონის სრული დაცვით და არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის და ც. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ც. ჯ-ებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ე. ჯ-ის და ც. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოძრავი ნივთების: 1) საძინებლის კომპლექტი - ერთი ცალი; 2) მისაღების კედელი - ერთი ცალი; 3) ტელევიზორი ”ვოგელი” - ერთი ცალი; 4) მუსიკალური ცენტრი ”ლჯ” - ერთი ცალი; 5) სატელიტური ანტენის კომპლექტი. ”სუპერმაქსი” ერთი ცალი თეფში; 6) მაცივარი ”სამსუნგი” - ერთი ცალი; გაზქურა ”ესცო” - ერთი ცალი; 7) სარეცხი მანქანა ”სამსუნგი” - ერთი ცალი, - ყადაღისაგან გათავისუფლებაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. და ც. ჯ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) საძინებლის კომპლექტი - ერთი ცალი; 2) მისაღების კედელი - ერთი ცალი; 3) ტელევიზორი ”ვოგელი” - ერთი ცალი; 4) მუსიკალური ცენტრი ”ლჯ” - ერთი ცალი; 5) სატელიტური ანტენის კომპლექტი. ”სუპერმაქსი” ერთი ცალი თეფში; 6) მაცივარი ”სამსუნგი” - ერთი ცალი; გაზქურა ”ესცო” - ერთი ცალი; 7) სარეცხი მანქანა ”სამსუნგი” - ერთი ცალი; სარჩელს მოძრავი ნივთების: 1) კომპიუტერის კომპლექტი ”პ3” ერთი ცალი; 2) ხმის დინამიკი - ორი ცალი; 3) ”უპს”-ი ერთი ცალი,- ყადაღისაგან გათავისუფლებაზე ეთქვა უარი დაუსაბუთებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქალაქ ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი სახლი, სადაც განთავსებულია დაყადაღებული მოძრავი ნივთები, წარმოადგენს აპელანტების ე. ჯ-ის და ც. ჯ-ის საკუთრებას (იხ. რეესტრის ამონაწერი).

მოვალე ხ. ჯ-ე არის აპელანტების -ე. ჯ-ის შვილი და ც. ჯ-ის ძმა, რომელსაც გააჩნია აღიარებული საგადასახადი დავალიანება.

საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერმა მ. კ-მ 2011 წლის 30 ნოემბერს შეადგინა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი № 086-1645/1, რომლის საფუძველზეც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) საძინებლის კომპლექტი - ერთი ცალი; 2) მისაღების კედელი - ერთი ცალი; 3) ტელევიზორი ”ვოგელი” - ერთი ცალი; 4) მუსიკალური ცენტრი ”ლჯ” - ერთი ცალი; 5) სატელიტური ანტენის კომპლექტი. ”სუპერმაქსი” ერთი ცალი თეფში; 6) კომპიუტერის კომპლექტი ”პ3” ერთი ცალი; 7) ხმის დინამიკი - ორი ცალი; 8) ”უპს”-ი ერთი ცალი; 9) მაცივარი ”სამსუნგი” - ერთი ცალი; გაზქურა ”ესცო” - ერთი ცალი; 11) სარეცხი მანქანა ”სამსუნგი” - ერთი ცალი.

პალატამ მხარეთა განმარტებების, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებების მოსმენის, საქმეში არსებული დოკუმენტების (საგარანტიო ტალონების) შემოწმების შემდეგ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 30 ნოემბერს შედგენილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №086-1645/1 აქტში მითითებული ნივთები: 1) საძინებლის კომპლექტი - ერთი ცალი; 2) მისაღების კედელი - ერთი ცალი; 3) ტელევიზორი ”ვოგელი” - ერთი ცალი; 4) მუსიკალური ცენტრი ”ლჯ” - ერთი ცალი; 5) სატელიტური ანტენის კომპლექტი. ”სუპერმაქსი” ერთი ცალი თეფში; 6) მაცივარი ”სამსუნგი” - ერთი ცალი; გაზქურა ”ესცო” - ერთი ცალი; 7) სარეცხი მანქანა ”სამსუნგი” - ერთი ცალი, - წარმოადგენენ ე. და ც. ჯ-ების და არა მოვალის-მოპასუხის – ხ. ჯ-ის საკუთრებას.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 477-ე მუხლებზე მითითებით,რადგან საქმეში წარმოდგენილი საგარანტიო ტალონებიდან დადგინდა, რომ სადაო ნივთები: მაცივარი, გაზი და მუსიკალური ცენტრი- შეიძინა ე. ჯ-მ, ამასთან, იგი წარმოადგენდა ამ ნივთების მფლობელს, მიიჩნია, რომ ამ ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენდა აპლანტი ე. ჯ-ე და არა მოწინააღმდეგე მხარე ხ. ჯ-ე. მით უმეტეს, რომ მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დგინდებოდა, რომ ხ. ჯ-ე არ ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულ და დაყადაღებულ იქნა სადაო მოძრავი ნივთები და, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა ამ ნივთების მფლობელსა და მოსარგებლეს. მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დგინდება, რომ ხ. ჯ-ე 2000 წლიდან აპელანტების საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში არ ცხოვრობს.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით, პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს აქტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, იგი ვერანაირი მტკიცებულებით, გარდა განმარტებისა, ვერ ადასტურება, რომ ქონების დაყადაღების აქტში მოხსენებული მოძრავი ნივთები: 1) საძინებლის კომპლექტი - ერთი ცალი; 2) მისაღების კედელი - ერთი ცალი; 3) ტელევიზორი ”ვოგელი” - ერთი ცალი; 4) მუსიკალური ცენტრი ”ლჯ” - ერთი ცალი; 5) სატელიტური ანტენის კომპლექტი. ”სუპერმაქსი” ერთი ცალი თეფში; 6) მაცივარი ”სამსუნგი” - ერთი ცალი; გაზქურა ”ესცო” - ერთი ცალი; 7) სარეცხი მანქანა ”სამსუნგი” - ერთი ცალი,- ხ. ჯ-ის საკუთრება იყო ან თუნდაც სარგებლობდა იგი ამ ნივთებით, მოწინააღმდეგე მხარე მისი პოზიციის გასამყარებლად მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ ხ. ჯ-ე რეგისტრირებულია ბათუმი, მწვანე კონცხზე არსებულ მისამართზე და რადგან რეგისტრირებულია, ამიტომ ამ სახლში არსებული მოძრავი ნივთები მისია.

იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეთა (პირველი ინსტანციის სასამართლოში) ჩვენებებით და საგარანტიო ტალონებით დადასტურებული იყო, რომ სადავო მოძრავი ნივთები ეკუთვნოდათ და სარგებლობდნენ აპელანტები (მოსარჩელე) ე. და ც. ჯ-ები და შეძენილია კიდეც ე. ჯ-ის მიერ, სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად,პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ სადავო ნივთები აპელანტების (მოსარჩელის) საკუთრებას წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტიურად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებისა და წარმოდგენილი საგარანტიო ტალონების გათვალისწინებით დაადგინა, რომ უნდა განხორციელებულიყო ნაწილი ქონების ამორიცხვა ყადაღის დადების აქტიდან, რაც კასატორის აზრით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სსიპ შემოსავლების სამსახური, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ლ. მურუსიძე