Facebook Twitter

№ას-879-825-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სარკინიგზო მომსახურებით 24 სთ-ზე მეტი ხნით სარგებლობისთვის დარიცხული თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის შპს „ს. რ-ის“ დანიშნულების რუსთავის სატვირთო სადგურში 24 საათზე მეტი სარკინიგზო მომსახურებით სარგებლობისათვის საფასურის 1856.52 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, შპს „გ-მა“ 2008 წლის მაისში განახორციელა შემოსული ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა რუსთავის სატვირთო სადგურის მიმართულებით. კასატორის განმარტებით, შპს „ს. რ-მ“ კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და დროულად შეასრულა გადაზიდვის ვალდებულება, მაგრამ მოპასუხემ ვერ შეძლო დანიშნულების რუსთავის სადგურში გადაზიდული ტვირთების დროული მიღება და ვაგონების დაცლა. კერძოდ, მოპასუხის მიზეზით ვაგონები მოცდა, რის გამოც 24 საათზე მეტი სარკინიგზო მომსახურებისათვის მოპასუხეს დაერიცხა 1856.52 ლარის საფასური.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ,,ს. რ-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს 'გ-ს'' შპს ''ს. რ-ის'' სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებიის მიიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს “ს. რ-ს” და შპს ''გ-ს'' შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სარკინიგზო მომსახურების შესახებ. კერძოდ, შპს „გ-მა“ 2008 წლის 9 მაისს, 2008 წლის 9 სექტემბერს და 2008 წლის 8 ნოემბერს ისარგებლა შპს „ს. რ-ის“ მომსახურებით: გადაზიდა ტვირთი რუსთავის სატვირთო სადგურის მიმართულებით, რაც დასტურდება სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროებით #165018, #202888, #203827 (ტ. I, ს.ფ. 26-28).

რუსთავის სატვირთო სადგურში შპს „გ-ის“ სახელზე მიღებულ თითოეულ ვაგონზე შედგა საერთო ფორმის აქტები #110398, #125035, #124840, რომელზედაც ხელი მოწერილი აქვს ორივე მხარეს (ტ. I, ს.ფ. 26-28).

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა, რომ 2008 წლის 9 მაისს მიწოდებულ იქნა 11 ვაგონი ტვირთი, 2008 წლის 9 სექტემბერს - 4 ვაგონი, ხოლო 8 ნოემბერს - სამი ვაგონი.

შპს ,,ს. რ-ის” გადაზიდვა განახორციელა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 28.11.2011წ. გადაწყვეტილებით სს ,,ს. რ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „გ-ს'' დაეკისრა 300 (სამასი) ლარის გადახდა შპს ''ს. რ-ის'' სასარგებლოდ.

სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა შპს ''გ.''-ს მიერ 2011 წლის 8 ნოემბერს განხორცილებულ გადაზიდვის დროს 24 სთ-ზე მეტი სარკინიგზო მომსახურებით სარგებლობისათვის დარიცხული თანხის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო 2008 წლის 5 მაისს და 2008 წლის 8 სექტემბერს განხორციელებული გადაზიდვების დროს 24 სთ-ზე მეტი სარკინიგზო მომსახურებით სარგებლობისათვის თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელს ხანდაზმულობის საფუძვლით ეთქვა უარი.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 128-130 მუხლებზე მითითებით, გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა 2008 წლის 5 მაისს და 2008 წლის 8 სექტემბერს განხორციელებული გადაზიდვების დროს 24 სთ-ზე მეტი სარკინიგზო მომსახურებით სარგებლობისათვის დარიცხული თანხის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,ს. რ-ა” აწარმოებდა შპს ,,გ-ის” კუთვნილი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვებს 2008 წელში. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, სარკინიგზო გადაზიდვა განხორციელდა 2008 წლის 9 მაისს და 2008 წლის 8 სექტემბერს. საერთო ფორმის აქტები, რომელიც დგება ტვირთის მიწოდების დაყოვნებისას, შედგენილია 2008 წლის 10 მაისს და 2008 წლის 9 სექტემბერს, რაც ცხადყოფდა, რომ ამ გადაზიდვების შესაბამისად მოსარჩელე მხარეს დარიცხული საფასურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2008 წლის 10 მაისს და 2008 წლის 9 სექტემბერს. შპს „ს. რ-ს“კი, სარჩელი აღძრული აქვს 2011 წლის 15 სექტემბერს, ანუ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ (ტ. I, ს.ფ. 3-13).

სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „გ-ი“ რუსთავის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში უთითებს აღძრული სარჩელის ხანდაზმულობაზე (ტ. I, ს.ფ. 36). ამას გარდა, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სს ,,ს. რ-ის” მიერ შპს ,,გ-ის” მიმართ მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე ვერც აპელანტი უთითებს წინამდებარე სააპელაციო საჩივარში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სს „ს. რ-ის“ მიერ სარჩელი აღიძრა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხე მხარე უთითებდა სარჩელის ხანდაზმულობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ დააკმაყოფილა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიმღებ-ჩამბარებლის სამახსოვროებით და საერთო ფორმის აქტებით დასტურდებოდა, რომ ვაგონები შპს „გ-ის“ მიზეზით მოცდა, რის გამოც 24 სთ-ზე მეტი სარკინიგზო მომსახურებისათვის მოპასუხეს დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური 1556.52 ლარი. ამდენად, ვინაიდან მოაპსუხემ ვერ შეძლო დანიშნულების სადგურში მიოწოდებული ტვირთის დროულად მიღება, რამაც გამოიწვია ვაგონების დაყოვნება, შესაბამისად, კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სარკინიგზო კოდექსის 22-23-ე, 25-26-ე და 36-ე მუხლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ივნისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ს“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №344 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 1 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ლ. მურუსიძე