№ას-894-840-2012 13 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ჭ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ნ. ჭ-ს, ე. დ-ისა და მ. ნ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ნ. ჭ-ს, ე. დ-ს და მ. ნ-ს სს ,,ს. ბ.”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 218,53 ლარის და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 396.5 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ნ. ჭ-ს მოსარჩელე სს ,,ს. ბ.”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2591.6 ლარისა და მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 77.8 ლარის გადახდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ნ. ჭ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 საქტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტიელბა და 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-მ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით ნ. ჭ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „ს. ბ-მა“, მოპასუხედ ნ. ჭ-ა დაასახელა და მოპასუხეზე თანხის დაკისრება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2011 წლის 1 ივლისის განჩინებით სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში და დაინიშნა მთავარი სხდომა.
2011 წლის 9 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
2011 წლის 23 სექტემბერს დანიშნულ მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარე ნ. ჭ-ა არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის რაიმე მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე ნ. ჭ-ს მიმართ მიღებულ იქნა განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით, განთავსებულ იქნა შესაბამის ვებ-გვერდზე და სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სახეზე იყო ორივე პირობა დაუსწრებელი გადაწყვეტიელბის მისაღებად, კერძოდ, მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჭ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის განჩინებით ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ნ. ჭ-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟჲს გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ლ. მურუსიძე