Facebook Twitter

№ას-906-851-2012 13 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორebი – 1. ო. კ-ე, ნოტარიუსი მ. კ-ე, გ. შ-ე, ტ. წ-ი

2. ც. კ-ე,ლ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება

კასატორების: ო. კ-ის, ნოტარიუს მ.კ-ის, გ. შ-ისა და ტ. წ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

კასატორების: ც. კ-ისა და ლ. კ-ის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. და ც. კ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ო. კ-ის, ნოტარიუს მ. კ-ის, გ. შ-ისა და ტ. წ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს 2010 წლის 15 ოქტომბერს დ. კ-ის მიერ ო. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობა, 2010 წლის 25 ოქტომ,ბერს დ. კ-ის წარმომადგენელ ო. კ-სა და გ. შ-ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქ. ქობულეთში, კ-ს ქ. №108-ში მდებარე უძრავი ქონების, კერძოდ, 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის გ. შ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, დ. კ-ის სამკვიდრო მასაში შეტანა და აღნიშნული უძრავი ქონების 1/3 ნაწიილს მესაკუთრედ ლ. კ-ის ცნობა, ხოლო 1/3 ნაწილისა კი - ც. კ-ის.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და თავის მხრივ ო. კ-მ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ლ. და ც. კ-ებისათვის ო. კ-ის სასარგებლოდ 7174 ლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. და ც. კ-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა ო. კ-ის შეგებებული სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ორივე მხარემ. ლ. და ც. კ-ებმა მოითხოვეს მისი გაუქმება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ო. კ-მ მოითხოვა მისი გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა ლ. და ც. კ-ების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. და ც. კ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო აქტი – რწმუნებულება/მინდობილობა, შედგენილი 2010 წლის 15 ოქტომბერს, ნოტარიუს მ. კ-ის მიერ, რეესტრის რეგისტრაციის №101037719; ბათილად იქნა ცნობილი სანოტარო აქტი, 2010 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დ. კ-ის უფლებამოსილი პირის, ო. კ-სა და გ. შ-ს შორის ქობულეთში, კ-ს ქ. №108-ში მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ლ. კ-ე და ც. კ-ე ცნობილ იქნენ ქობულეთში, კ-ს ქუჩა №108-ში მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ და აღნიშნული მიწის ნაკვეთი გამოთხოვილ იქნა გ. შ-ის მფლობელობაში. ო. კ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლ. და ც. კ-ებს ო. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 1283.6 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მხარეები არიან 2010 წლის 6 დეკემბერს გარდაცვლილი დ. კ-ის შვილები, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა გააჩნდა უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. ქობულეთი, კ-ს ქ№108-ში, სადაც ამჟამად ცხოვრობს მოპასუხე ო. კ-ე;

2010 წლის 15 ოქტომბერს, ნოტარიუს მ. კ-ის მიერ დამოწმებული იქნა №101037719 სანოტარო აქტი- მინდობილობა, რომლის თანახმად, დ. კ-მ ო. კ-ს მიანიჭა უფლებამოსილება მართოს, განკარგოს, გააჩუქოს, გაყიდოს, იპოთეკით დატვირთოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ, ბათუმი, კ-ს ქ№108-ში; მინდობილობის საფუძველზე, ო. კ-მ, როგორც დ. კ-ის მინდობილმა პირმა 2010 წლის 25 ოქტომბერს სანოტარო ნასყიდობის ხელშეკრულებით, გ. შ-ს მიყიდა ქ. ქობულეთი, კ-ს ქ№108-ში მდებარე დ. კ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან 300 კვმ მიწის ნაკვეთი 11000 ლარად (ს.ფ.27-30);

მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. კ-სთან ერთად, მის გარდაცვალებამდეც და გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა ო. კ-ე ცოლ-შვილთან ერთად. დ. კ-ის გარდაცვალების შემდეგ, ქ. ქობულეთში, კ-ს ქ№108-ში დ. კ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი და დარჩენილი მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღეს მისი პირველი რიგის მემკვიდრეებმა, ლ., ც. და ო. კ-ებმა თანაბარ წილად.

პალატის განმარტებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დ. კ-ე გარდაცვალებამდე იყო მძიმე ავადმყოფი, მას არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და 2009 წლიდან გადიოდა მკურნალობის კურსს.

შპს ”ქ. რ. პ-ის” მკურნალი ექიმის, ი. ქ-ის 2011 წლის 17 მარტის №102 ცნობაში დაფიქსირებულია, რომ დ.-ე. კ-ე იყო ავად. 2009 წლის მარტში მაღალი არტერიული წნევის ფონზე მიიღო ჰემორაგიული ინსულტი. თავის ტვინის ინფარქტი-ბულბალური დამბლა. განმეორებით ისევ მიიღო ჰემორაგიული ინსულტი 2010 წლის ოქტომბერში და ოჯახის წევრის (ქალიშვილის) თხოვნით მკურნალობა უტარდებოდა ბინაზე.

სააპელაციო პალატამ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, ლ. და ც. კ-ების წარმომადგენლის განმარტებითა და ექიმი ნევროპათოლოგის, რ. კ-ის ცნობით გამოარკვია რომ ექიმს წარედგინა დ. კ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა შეფასების საფუძველზე რ. კ-მა დაადგინა, რომ ავადმყოფი არ შეიძლებოდა ყოფილიყო ადექვატურად რაიმე დოკუმენტაციის აღმქმელი შესაბამისად, ვერც დასკვნის გამოტანას შეძლებდა. (ს.ფ.159)

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენების თანახმად, დ. კ-ის დაკრძალვის ხარჯები გაიღო ო. კ-მ, რომელმაც შეადგინა სულ 3861 ლარი;

საქმეზე წარმოდგენილი ფოტოსურათებითა და მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ დ. კ-ე დაკრძალულია მისი მეუღლის გვერდით. (ს.ფ.180-185). პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ, ნ. ა-მ აჩვენა, რომ არის დ. კ-ის მეუღლის და. სასაფლაო გაკეთებული იყო ჯერ კიდევ მისი ძმის დაკრძალვისას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 58.2-ე, 50-ე, 54-ე და 61-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 ოქტომბერს, ნოტარიუს მ. კ-ის მიერ №101037719 სანოტარო აქტის- მინდობილობის დამოწმებისას დ. კ-ს არ შეეძლო სანოტარო აქტში დაფიქსირებული ნების გამოვლენა.

სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 183-ე, 185-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია გ. შ-მ ქ. ქობულეთში, კ-ს ქ№108-ში მდებარე დ. კ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან 300 კვმ მიწის ნაკვეთი შეიძინა 2010 წლის 25 ოქტომბერს სანოტარო ნასყიდობის ხელშეკრულებით, მაგრამ გარიგების მეორე მხარეს წარმოადგენდა არა რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე, არამედ მესამე პირი- ო. კ-ე, რომლის წარმომადგენლობა არ იყო ნამდვილი. ამიტომ, გ.შ-ის განმარტება, რომ მესამე პირი, ო. კ-ე გარიგების დადებისას გამოხატავდა მესაკუთრე დ. კ-ის ნებას, პალატის მოსაზრებით, საფუძველს მოკლებული იყო. ის, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ო. კ-მ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა წარუდგინა მყიდველს, მნიშვნელობა არა აქვს

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 311.1-ე მუხლზე და იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. შ-ე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ბათილი გარიგების საფუძველზე, ბათილი გარიგება კი არ წარმოშობს გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს, მიიჩნია, რომ გ. შ-ე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ იყო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე მითითებით პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ქონებაზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი უნდა გაუქმებულიყო და ნივთის მესაკუთრედ უნდა დარეგისტრირებულიყო ის პირი, რომელსაც ეს უფლება ნამდვილად ეკუთვნოდა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1452-ე, 1469-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა დ. კ-ის სამკვიდროს, რომლის 1/3-1/3 ნაწილი უნდა აღრიცხულიყო ლ. და ც. კ-ების საკუთრებად.

სამოქალაქო კოდექსის 172.1-ე და 160-ე მუხლებზე მითითებით, რადგან, გიული შალამბერიძე არ წარმოადგენდა -ქ. ქობულეთში, კ-ს ქ№108-ში მდებარე 300 კვმ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მესაკუთრეთა, ლ. და ც. კ-ების სასარჩელო მოთხოვნა გ. შ-ის მფლობელობიდან თითოეულის საკუთრების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ო. კ-მ დ. კ-ის დაკრძალვისა და ორმოცისათვის გასწია აუცილებელი ხარჯები, რამაც შეადგინა 3861 ლარი, პალატამ მიიჩნია, რომ ო. კ-ე როგორც კრედიტორი, უფლებამოსილი იყო სხვა მემკვიდრეებისაგან მოეთხოვა გაწეული ხარჯის ანაზღაურება, ამ უკანასკნელთა მიერ მიღებული წილის პროპორციულად. ვინაიდან, ლ. და ც. კ-ებმა დ. კ-ის სამკვიდროდან 1/3-1/3 წილი მიიღეს, პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 1484-ე მუხლიდან გამომდინარე, ისინი ვალდებულნი იყვნენ ო. კ-ისათვისაენაზღაურებინათ მის მიერ გადახდილი აუცილებელი ხარჯის ნაწილი, კერძოდ თითოეულს 1/3 ნაწილი- 1283,6 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ო. კ-მ, ნოტარიუსმა მ. კ-მ, გ. შ-მ და ტ. წ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით ლ. და ც. კ-ების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ტქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 240-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან საოქმო განჩინებით თავად მოიწვია სპეციალისტად ის ექიმები, რომელთა მიერ იქნა ცნობები გაცემული და გადაწყვეტილება გამოიტანა მხოლოდ მათი განმარტებების საფუძველზე, ამასთან ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას თავისი დასკვნები დააფუძნა მხოლოდ ერთი მხარის (მოსარჩელეების ) მიერ მოწვეული მოწმეების განმარტებებზე და არ შეაფასა მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებები.

ლ. და ც. კ-ებმა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მჲრებით ო. კ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე აურის ტქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1434-ე , 1484-ე მუხლები. ამასთან არასწორად განსაზღვრა მტკიცების საგანი, ამასთან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28 ივნისის განჩინებით ც. კ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე სასამართლოს 13 ივლისის განჩინებით ო. კ-ის, ნოტარიუს მ. კ-ის, გ. შ-ისა და ტ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. კ-ისა და ლ. კ-ის, ასევე, ო. კ-ის, ნოტარიუს მ. კ-ის, გ. შ-ისა და ტ. წ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. და ლ. კ-ების, ასევე, ო. კ-ის, ნოტარიუს მ. კ-ის, გ. შ-ისა და ტ. წ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს: ო. კ-ს, ნოტარიუს მ. კ-ს, გ. შ-სა და ტ. წ-ს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (750 ლარი) 70% – 525 ლარი, ხოლო ც. და ლ. კ-ებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. კ-ისა და ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს ც. კ-ს (პირადი №...) და ლ. კ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ს-ძის მიერ №1 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 19 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი;

3.ო. კ-ის, ნოტარიუს მ. კ-ის, გ. ს-ისა და ტ. წ-ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

4. კასატორებს: ო. კ-ს (პირადი №...), ნოტარიუს მ. კ-ს (პირადი №...), გ. შ-სა (პირადი №...) და ტ. წ-ს (პირადი №...) დაუბრუნდეთ ო. კ-ის მიერ 2012 წლის 6ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (750ლარი) 70% – 525 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი