Facebook Twitter

№ას-909-854-2012 10 სექტემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ი. XXI“

გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ი-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ საინფორმაციო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელე 2007 წლის აგვისტოდან 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით მოპასუხეს ფასიან სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურებას უწევდა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მთლიანი მომსახურების ღირებულებამ 15855,49 ლარი შეადგინა, საიდანაც მოპასუხემ მხოლოდ 12879,95 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2975,54 ლარს შეადგენს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ასევე მიაჩნია, რომ სასარჩელო განცხადებას არ ერთვის მომსახურების გაწევის სათანადო მტკიცებულებანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ი-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სს „ი. XXI-ის“ სასარგებლოდ 1610,64 ლარი დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სს ,,ი. XXI“ ახორციელებს აბონენტების მომსახურებას საყოფაცხოვრებო, საქმიან, პროფესიულ და ინტელექტუალურ სფეროში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სს „ი. XXI-ს“ ერთი წლის ვადით ნუმერაციის რესურსი მიენიჭა, ციფრების - 09–ის კომბინაციის გამოყენების უფლება. აღნიშნული ნუმერაციის გამოყენების უფლება მოსარჩელეს ერთი წლის ვადით მიენიჭა და შემდგომ კომისიის 2008 წლის 21 აპრილის, 2009 წლის 24 აპრილის, 2010 წლის 26 აპრილისა და 2011 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებებით გაგრძელდა. მოპასუხე 2007 წლის აგვისტოდან 2011 წლის სექტემბრამდე სარგებლობდა სს ,,ი. XXI-ის“ მომსახურებით. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბრუნვის ისტორიით, ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და მოპასუხე დაწესებულებიდან საინფორმაციო ცენტრ 09-ში განხორციელებული ზარების ელექტრონულ ფორმატში მომზადებული დეტალური ამონაწერით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მხარეთა შორის 2008, 2009, 2010 წლებში დადებული იქნა ხელშეკრულებები სათანადო სატელეფონო სერვისის შესყიდვის შესახებ, რაც მოპასუხის მიერ სს „ი. XXI“–ის მომსახურებით სარგებლობას უპირობოდ ადასტურებდა.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და მოპასუხე დაწესებულების მიმართ შედგენილი კლიენტის ბრუნვის შინაარსის შესაბამისად, 2007 წლის აგვისტოდან 2011 წლის სექტემბრამდე მიღებული მომსახურების ღირებულებაა 15855,49 ლარი. აღნიშნული თანხიდან მოპასუხის მიერ გადახდილ იქნა 12879,95 ლარი, შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 2975,54 ლარს.

სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების შინაარსზე, რომლის მიხედვით მხარეთა შორის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე. აღნიშნულის შესახებ მითითებული იყო 2008 წლის ხელშეკრულების 4.1. 2009 წლის ხელშეკრულების 3.1. და 2010 წლის ხელშეკრულების 4.1, პუნქტებში. მხარეთა განმარტებებითაც გაირკვა, რომ ანგარიშსწორება ყოველთვიურად უნდა განხორციელებულიყო. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კლიენტის ბრუნვის ისტორიიდან 2007 წლის დეკემბრისათვის მოსარჩელის დავალიანება 1364,90 ლარს შეადგენდა. მოპასუხის მიერ პირველად 2008 წლის აპრილში 801 ლარი იქნა გადახდილი. ამავდროულად 2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის მარტისთვის მოპასუხის დავალიანება 2446,04 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, 2008 წლის აპრილში 801 ლარის გადახდით დაიფარა მხოლოდ 2008 წლის დავალიანების ნაწილი, რომელიც 2008 წლის მარტისთვის შეადგენდა (2446,04-1364,90=1081,14) 1081,14 ლარს.

სს „ი. XXI-სა“ და მოპასუხეს შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობანი. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელემ მოპასუხეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაუწია საინფორმაციო მომსახურება და სახელშეკრულებო ვალდებულება შეასრულა სრულყოფილად, რომლის ღირებულება მოპასუხის მიერ ანაზღაურებული არ არის. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოხმობილი ნორმების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სს ,,ი. XXI - ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების არახანდაზმული მოთხოვნის ნაწილის - 1610,64 ლარის დაკისრების შესახებ მიიჩნია დასაბუთებულად. სასამართლომ დაადგინა, რომ სს ,,ი. XXI“ სასარჩელო მოთხოვნა იყო ნაწილობრივ ხანდაზმული 2007 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე წარმოშობილი დავალიანების 1364,90 ლარის ნაწილში. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 1364,90 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ სს ,,ი. XXI“ სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურებას უწევდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრ ,,09-ს“ მეშვეობით 2007 წლის აგვისტოდან 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით. პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომლითაც აპელანტი სადავოდ ხდის 2007 წელს გაწეული მომსახურების ანაზღაურებას იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი 2007 წლის მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნულის გარეშე კი, შეუძლებლია, დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა: მომსახურების ღირებულება, ანაზღაურების ვადები და პირობები და ა.შ. სააპელაციო პალატამ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.4 პუნქტზე, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სს ,,ი. XXI“ სასარჩელო მოთხოვნა 2007 წლის აგვისტოდან დეკემბრის პერიოდში წარმოშობილი დავალიანების 1364,90 ლარის ნაწილში ხანდაზმულად იქნა მიჩნეული და სასარჩელო მოთხოვნა 1364,90 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

პალატამ მიუთითა ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბილინგის ინფორმაცია არის მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელთაც ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს ან ბოლო მომხმარებელს ანგარიშსწორების ჩატარების მიზნით. თავისი შინაარსით საბილინგო მონაცემი წარმოადგენს გაწეული მომსახურებისა და მისი ღირებულების დამადასტურებელ დოკუმენტს. მოსარჩელის მიერ 2007 წლის 14 აგვისტოდან 2011 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით მოპასუხისთვის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მტკიცებულების სახით საქმეში წარმოდგენილი იქნა საბილინგო მონაცემები ელექტრონული ფორმით, რომელშიც მოცემულია აბონენტის სატელეფონო ნომერი, ზარების განხორციელების თარიღი და ხანგრძლივობა. მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც საბილინგო მონაცემებთან ერთობლიობაში ადასტურებენ, რომ სადავო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაეწია სატელეფონო-საინფორმაციო მომსახურება. მომსახურების საფასურის ოდენობა დგინდება საქმეში წარმოდგენილი კლიენტის ბრუნვის ისტორიით, რომლის თანახმად, 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით შეადგენდა 14490,59 ლარს. აქედან გადახდილი იქნა მხოლოდ 12,879,95 ლარი, შესაბამისად, არ არის ანაზღაურებული 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის სექტემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურების ღირებულების დარჩენილი ნაწილი - 1610,64 ლარი.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მან მოპასუხეს დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გაუწია მითითებული ღირებულების მომსახურება. ამ გარემოების დასამტკიცებლად მოსარჩელემ წარმოადგინა საბილინგო მონაცემები და მის საფუძველზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ასევე, კლიენტის ბრუნვის ისტორია. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს, რომელსაც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა გაექარწყლებინა მოსარჩელის პოზიცია, რისი უზრუნველყოფაც მოპასუხემ ვერ შესძლო.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათმულ დროსა და ადგილას. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა 2008 წლის იანვრიდან 2011 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურების ღირებულების – 1610,64 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ვინაიდან, მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა აენაზღაურებინა მიღებული მომსახურების საფასური, 2007 წლის დეკემბრამდე არსებული დავალიანების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2008 წლის იანვარში და ამ პერიოდიდან დაიწყო სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დენა, რომელიც ამოიწურა 2011 წლის იანვარში. მოსარჩელემ კი, სასამართლოს სასარჩელო განცხადებით 2011 წლის 12 ოქტომბერს ხანდაზმულობის ვადის დარღვევით მიმართა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 2007 წლის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტი სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმაც. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე 2008 წლის აპრილიდან და შემდგომაც იხდიდა მიმდინარე დავალიანების ნაწილს, 2008 წლის იანვრიდან წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული მსჯელობას საქმის განმხილველმა სასამართლომ საფუძველად დაუდო სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის დეფინიცია, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მოთხოვნასა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის აშკარა შეუსაბამობაა. მოსარჩელე 2008 წელთან მიმართებით უთითებს, რომ 6937.79 ლარის ღირებულების მომსახურება გასწია, ხოლო რეალურად წარმოდგენილი აქვს 6657.65 ლარის მომსახურეობის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურები. ამასთან, 517.60 ლარის ანგარიშფაქტურების მიღება მოპასუხის მიერ დადასტურებულია. 2009 წელთან მიმართებით უთითებს, რომ გასწია 4566.40 ლარის მომსახურება, რეალურად კი წარმოდგენილია 4570.3 ლარის ანგარიშფაქტურები. 2010 წელთან მიმართებით სარჩელში მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ გასწია 2744.60 ლარის მომსახურება, რეალურად წარმოდგენილი აქვს 2691.30 ლარის ანგარიშფაქტურები, რომელთაგან, 1701.60 ლარის ანგარიშფაქტურის მიღება კასატორის მიერ, დადასტურებულია. 706.30 ლარის ანგარიშფაქტურაზე მითითებულია, რომ გაიგზავნა ფოსტით, თუმცა ფოსტით გაგზავნის დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. სს „ი. 21“ 2011 წელს უთითებს, რომ გასწია 241.80 ლარის მომსახურება. რეალურად წარმოდგენილი აქვს 295.10 ლარის ანგარიშფაქტურები, რომელთაგან 154.7 ლარის ანგარიშფაქტურის კასატორისათვის გადაცემა დადასტურებულია.

სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელიც ურთიერთშეუსაბამოა და ეს შეუსაბამობა არც პირველი ინსტანციისა და არც მეორე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს არ აღმოფხვრილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

მოცემული დავის საგანია მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

პ.ქათამაძე