Facebook Twitter

№ას-916-861-2012 13 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე ნ. ხ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ და უზრუნველყოფილ იქნეს მოსარჩელე დ. ჯ-ის მიერ თავისი შეხედულებისამებრ იპოთეკის საგნის გამოყენებაში ხელშეშლის აღკვეთა და მოსარჩელისათვის ქ. თბილისში, დ-ის ქ. №24 -ში მდებარე შენობა-ნაგებობების №1, №2, №3, №4-დან 1/6 ნაწილის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. ამასთან, მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებოლივ აღსრულება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის გამოყენებაში ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თ. ა-ი (მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე) წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა დ-ი, №24, შენობა-ნაგებობებიდან №1, №2,№3, №4 1/6 ნაწილის მესაკუთრეს (ტ. I. ს.ფ. 11).

2010 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, თ. ა-მა (მესაკუთრემ) ნ. ხ-ს (იპოთეკარს) გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა დ-ი, №24, შენობა-ნაგებობებიდან №1, №2, №3, №4 1/6 ნაწილი სარგებლობის უფლებით სამი წლის ვადით. თავის მხრივ, ნ. ხ-მ მსესხებელს _ თ. ა-ს გადასცა 5 500 აშშ დოლარი (ტ. I. ს.ფ. 16-18).

2011 წლის 24 იანვარს, 2010 წლის 22 სექტემბრის უძრავი ქონების სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად, იპოთეკით განსაზღვრული მოთხოვნის უფლება ნ. ხ-დან გადავიდა დ. ჯ-ზე (ტ. I. ს.ფ. 20-21).

2011 წლის 28 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილ იქნა, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა დ-ი, №24, შენობა-ნაგებობებიდან №1, №2, №3, №4 1/6 ნაწილის მესაკუთრე არის თ. ა-ი, ხოლო იპოთეკარი – დ. ჯ-ი (ტ. I. ს.ფ. 22-23).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2010 წლის 22 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში 2011 წლის 24 იანვარს განხორციელებული ცვლილება შეეხო მხოლოდ იპოთეკით განსაზღვრული მოთხოვნის უფლების გადაცემას და სამოქალაქო კოდექსის 198-ე და 201-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდა, რომ 2011 წლის 24 იანვარს 2010 წლის 22 სექტემბრის უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებით, იპოთეკარმა ნ. ხ-მ იპოთეკით განსაზღვრული მოთხოვნის უფლება დაუთმო დ. ჯ-ს. ამასთან, 2010 წლის 22 სექტემბრის უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებით, იპოთეკის საგანი – თ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, იპოთეკარ ნ. ხ-ს გადაეცა ბინაში ცხოვრების უფლებით. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იმყოფებოდა, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის დასკვნა მასზე, რომ მოთხოვნის დათმობით ახალ კრედიტორზე გადავიდა ყველა უფლება და უზრუნველყოფის ყველა საშუალებაც ისეთ მდგომარეობაში, როგორც ეს იყო მოთხოვნის დათმობისას, მათ შორის _ ბინაში ცხოვრების უფლებაც.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დ. ჯ-ს, 2011 წლის 24 იანვარს, 2010 წლის 22 სექტემბრის უძრავი ქონების იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, გააჩნდა თ. ა-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფლობის უფლება.

სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 161-ე, 170-ე, 198-ე, 201-ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, 161-ე, 170.1-ე,198-ე, 201-ე მუხლები და დასახელებული ნორმების საფუძველზე, არასწორად დაასკვნა, რომ იპოთეკის ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მოსარჩელეზე გადავიდა ყველა უფლება, მათ შორის ცხოვრების უფლებაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 292 ივნისის განჩინებით ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ. ხ-ს (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №9 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 14 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ლ. მურუსიძე