Facebook Twitter

საქმე №ას-927-870-2012 17 სექტემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი. ჟ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ჟ-ის მიმართ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა შემდეგი დასაბუთებით: ი.გ-ე 2010 წლის 4 ივნისიდან ი. ჟ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება. ი. გ-სა და ი. ჟ-ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: 2000 წლის .. იანვარს დაბადებული თ. გ-ე, 2001 წლის .. აგვისტოს დაბადებული მ. გ-ე და 2010 წლის .. ივნისს დაბადებული ა. გ-ე. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონდათ კონფლიქტები, რაც დღემდე გრძელდება, რის გამოც, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია. ი. გ-მ მოპასუხეს განქორწინების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ითხოვს შესარიგებელ ვადას. ამასთან, მოპასუხე თანახმაა, ქორწინება შეწყდეს, თუ ამავდროულად მხარეთა შორის ქონებრივი საკითხიც იქნება გადაწყვეტილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი ი. ჟ-ის მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდა, ი. გ-სა და ი. ჟ-ს შორის 2010 წლის 4 ივნისს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის #1 ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით ი.ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: ი. ჟ-ი და ი. გ-ე 2010 წლის 4 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. მხარეებს ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი. ი.გ-ე გამორიცხავს ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და შესარიგებელი ვადის გარეშე ითხოვს განქორწინებას. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჟ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: ოჯახური დავის სპეციფიკიდან და შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 1128-ე მუხლი სასამართლოს აკისრებს საქმის განხილვის დაწყებამდე და პროცესის მიმდინარეობისას დაინტერესდეს, არსებობს თუ არა მეუღლეთა შორის შეთანხმება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და ალიმენტის თაობაზე, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში საუთარ თავზე აიღოს ზემოხსენებული საკითხების დარეგულირების ფუნქცია. ეს განპირობებულია საოჯახო კანონმდებლობის ძირითადი მიზნებით, რაც წარმოადგენს შვილების საუკეთესო ინტერესების დაცვას სახელმწიფოს მხრიდან. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლის მიხედვით, იმისათვის, რომ წარმოიშვას სასამართლოს ვალდებულება განქორწინებასთან ერთად განიხილოს ქონებრივი საკითხები, საკმარისია ერთ-ერთი მეუღლის თხოვნა, ანუ, მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი მეუღლე არის მოსარჩელე ან მოპასუხე. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ერთ-ერთი მხარის ინიციატივას, სასამართლოს დახმარებით უზრუნველყონ ქონებრივი საკითხების გადაწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

მოცემული დავის საგანია ქორწინების შეწყვეტა. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 1130-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ჟ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ი. ჟ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 210 ლარი (2012 წლის 14 ივნისი, საგადასახადო დავალება #1).

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

პ.ქათამაძე