საქმე №ას-932-875-2012 17 სექტემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ე. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-ის მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელეს და მოპასუხეს თანასაკუთრებაში გააჩნიათ უძრავი ნივთები ქ.თბილისში, ი-ის ქ. #37-ში მდებარე 126.00 კვ.მ #45 ბინა, გ-ს გამზირ #15-ში მდებარე 70 კვ.მ #56 ბინა და გ-ს გამზირ #15-ში, #56-ე ბინის ქვემოთ მდებარე 30 კვ.მ სარდაფი. ზემოთ მითითებული უძრავი ნივთების 1/2 ეკუთვნის ე. გ-ს, ხოლო დარჩენილი 1/2 კი - გ. ს-ს. საზიარო უფლების გაუქმება ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია.
გ. ს-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ნატურით გაყოფა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია საზიარო უფლების გაუქმება ერთი საზიარო საგნის მოსარჩელისთვის, ხოლო მეორე საზიარო საგნის მოპასუხისთვის მიკუთვნების გზით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისში, ი-ის ქ. #37-ში მდებარე 126 კვ.მ 45-ე ბინაზე საზიარო უფლება რეალიზაციის გზით გაუქმდა და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებზე მათი წილების შესაბამისად, კერძოდ, ე. გ-ს 1/2 წილი, ხოლო გ. ს-ს - 1/2 წილი მიეკუთვნა; გაუქმდა საზიარო უფლება ქ. თბილისში, გ-ს გამზირ #15-ში 70 კვ.მ 56-ე ბინაზე მისი რეალიზაციის გზით და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად, კერძოდ, ე. გ-ს მიეკუთვნა 1/2 წილი, გ. ს-ს 1/2 წილი; ქ.თბილისში, გ-ს გამზირ #15-ში მდებარე #56-ე ბინის ქვემოთ მდებარე 30.00 კვ.მ სარდაფზე, საზიარო უფლება გაუქმდა მისი რეალიზაციის გზით და საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებზე მათი წილის შესაბამისად, კერძოდ, ე. გ-ს 1/2 წილი, გ. ს-ს 1/2 წილი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის განჩინებით გ.ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისში, ი-ის ქ. #37-ში, მდებარე 126.00 კვ.მ #45-ე, გ-ს გამზირ 15-ში მდებარე #56-ე 70.00 კვ.მ ბინა და თბილისში, გ-ს გამზირ #15-ში, #56-ე ბინის ქვემოთ არსებული 30.00 კვ.მ სარდაფი წარმოადგენს ე. გ-ისა და გ. მ-ის თანასაკუთრებას. კერძოდ, უძრავი ქონების 1/2 ნაწილი ე. გ-ის, ხოლო 1/2 ნაწილი გ. მ-ის საკუთრებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საბურთალოს სამსახურის 2009 წლის 27 სექტემბრის დასკვნის თანახმად, გ. ს-ს გაუუქმდა გ. მ-ის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე შესაბამისი პირადი ნომერი და შეუნარჩუნდა გვარი ს-ი პირადი ნომრით .... სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #010771-2011/03 დასკნის შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების გამიჯვნა შეუძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა საზიარო უფლება ვრცელდება საცხოვრებელი კორპუსის (მრავალბინიანი სახლის) ბინებზე, რომელთა ნატურით გაყოფაც ორ ერთგვაროვან ნაწილად მათი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია. რაც შეეხება 30.00 კვ.მ ფართის სარდაფის ნატურით გაყოფას, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ ფართის სიმცირის გამო უძრავი ქონება გაყოფით დაკარგავს თავის სამეურნეო დანიშნულებას. ამასთან, იმისთვის, რომ აღნიშნული ნივთის ერთგვაროვან ორ ნაწილად ნატურით გაიყოს, აუცილებელი იქნება სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, რაც შესაბამისი უწყებებიდან სპეციალურ ნებართვას საჭიროებს. აღნიშნული კი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შეუძლებლობაზე. აპელანტი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საზიარო საგნებზე, როგორც გამიჯვნის ცალ-ცალკე ობიექტებზე, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით შეუძლებელია. ამასთან, იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ, ვინაიდან გასამიჯნ ქონებას წარმოადგენს ორი იდენტური ღირებულების ბინა, საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფით შესაძლებელია, განხორციელდეს ერთი საზიარო საგნის მოსარჩელისთვის, ხოლო მეორე - საზიარო საგნის მოპასუხისთვის მიკუთვნების გზით.
პალატამ განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმება თანასაკუთრებაში არსებულ სამ უძრავ ქონებაზე, რომლებიც წარმოადგენენ გამიჯვნის ცალ-ცალკე ობიექტებს და, შესაბამისად, საზიარო უფლებაც უნდა გაუქმდეს კონკრეტულ ნივთზე. რაც შეხება იმ გარემოებას, რომ საზიარო საგანს წარმოადგენს ორი ერთნაირი ღირებულების ბინა, აღნიშნული გარემოება ნების გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია განმსაზღვრელი იყოს მხარეთა შორის მორიგების პირობების შეჯერების მომენტში და ვერ მიიჩნევა საზიარო საგნის რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ს-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი მიუთითებს ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობაზე, რა დროსაც საზიარო საგანი იყიდება. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოა ორი ერთნაირი ღირებულების უძრავი ქონება, რომელიც შეიძლება გაიმიჯნოს ერთი საზიარო საგნის მოსარჩელისთვის, ხოლო მეორე საზიარო საგნის მოპასუხისთვის მიკუთვნების გზით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
მოცემული დავის საგანია საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებები საქმე №ას-954-992-2011; №ას-881-924-2011), რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ს-ს უნდა დაუბრუნდეს ა. ბ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
გ. ს-ს დაუბრუნდეს ა. ბ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% – 210 ლარი. (2012 წლის 5 ივლისი, საგადასახადო დავალება #5).
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
პ.ქათამაძე