№ას-955-898-2012 24 სექტემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იჯარის ხელშეკრულების პირობების შესრულების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 3 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ქ.ბ. ს. პ-მა კ-მა“ მოპასუხე სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: ა. მოპასუხე სკოლის 2011 წლის 15 სექტემბრის №01-08/30 ბრძანების ბათილად ცნობა; ბ. 2011 წლის 13 აპრილს მასა და სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლას შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების პირობების შესრულების დავალდებულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 მაისის განჩინებით შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის თებერვალში სსიპ ქ.ბ. №.. საჯარო სკოლამ გაზეთ ,,ა-ის“ მეშვეობით გამოაცხადა აუქციონი 400კვ.მ ფართის იჯარით გაცემის თაობაზე, 24 თვის ვადით.
2011 წლის 5 მარტს გაიმართა აუქციონი, რომელშიც გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,ქ.ბ. ს. პ. კ-ი”.
2011 წლის 13 აპრილს სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლასა და შპს ,,ქ.ბ. ს. პ. კ-ს” შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე იღებს დროებით სარგებლობაში ქ.ბათუმში, ჰ. ა-ის ქ.№30-ში მდებარე სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლის შენობის მეორე და მესამე სართულზე არსებულ 400კვ.მ ფართს. საიჯარო ფართი მოიჯარეს გადაეცა კერძო სასწავლო დაწესებულების გახსნისათვის. იჯარის ქირა განისაზღვრა თვეში 1210 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა – 24 თვით.
სსიპ ქ.ბათუმის №7 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №01-08/30 ბრძანებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე 2011 წლის 13 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა.
მოწინააღმდეგე მხარემ – სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლამ, 2011 წლის 1 ივლისს წერილი გაუგზავნა შპს ,,ქ.ბ. ს. პ. კ-ს” და აცნობა, რომ იჯარის ხელშეკრულება 1 სექტემბრიდან ვადამდე უნდა გაუქმებულიყო, რადგან ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლას 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან ეკრძალებოდა მის სარგებლობაში არსებულ შენობაში კერძო სამართლის იურიდიული პირის (რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს) ყოფნა.
ზემოაღნიშნულ წერილზე შპს ,,ქ.ბ. ს. პ. კ-მა” უპასუხა, რომ უარს აცხადებდა იჯარის ხელშეკრულების ვადამდე გაუქმებაზე, რადგან ხელშეკრულება დადებული იყო ორი წლით და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მოპასუხეს არ შეეძლო.
მოპასუხემ 2011 წლის 1 სექტემბერს კვლავ გაუგზავნა მოსარჩელეს წერილი და აცნობა, რომ კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე 15 სექტემბრიდან შეუწყვეტდა ხელშეკრულებას, რის გამოც ამ პერიოდისათვის მას უნდა გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი. აღნიშნულზე, შპს ,,ქ.ბ. ს. პ. კ-მა” (მოსარჩელემ) უარი განაცხადა.
საქმეზე დადგინდა და სადავო არ გამხდარა, რომ ორივე მხარისათვის ცნობილი იყო ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება მხარეთა შორის მაინც დაიდო 2 წლის ვადით. ამასთან, იჯარის ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება გაუქმდეს, თუკი საიჯარო ქონების გამოყენებით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამდენად, გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობდა სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან, კერძოდ, იგი ეფუძნებოდა იჯარის ხელშეკრულებას. როგორც დადგინდა, სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №01-08/30 ბრძანებით აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა. სააპელაციო სასამართლომ, სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლის (მოპასუხის) მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არ მიიჩნია უკანონოდ, რადგან ეს მოქმედება შეესაბამებოდა, როგორც იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, ასევე კანონის მოთხოვნებს.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, არ შეიძლება იყენებდნენ ამ პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას. ამავე კანონის 58-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილია, რომ ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
სააპელაციო სასამართლომ, ზემოთ მოყვანილი ნორმების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ შპს ,,ქ.ბ. ს. პ. კ-ის” სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო საჩივარი მოტივირებულია შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა 2011 წლის 15 სექტემბრის №01-08/30 ბრძანების საფუძველზე, მაშინ როდესაც, მათ შორის ეს ხელშეკრულება დადებულია 2 წლის ვადით, ნებაყოფლობით, კანონის სრული დაცვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებული ვადა არ გასულა და მხარეს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არ შეუძლია. იჯარის ხელშეკრულება არის ორმხრივი გარიგება, რომლსი შეწყვეტა ან/და ცალმხრივად გაუქმება დაუშვებელია.
სასამართლომ კიდევ დადგენილად მიიჩნია ის, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ 2011 წლის 1 სექტემბრიდან საჯარო სკოლაში დაუშვებელია იმავე ტიპის სხვა სასწავლებლის ფუნქციონირება, საჯარო სკოლა ახორციელებს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე საქმიანობას, ხოლო მოსარჩელე პროფესიულ საქმიანობას. ამდენად, ადგილი არ აქვს კანონის დარღვევას.
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იჯარის ხელშეკრულების დადებისას მხარისათვის ცნობილი იყო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულს კასატორი არ ეთანხმება. მოპასუხემ 400კვ.მ ფართის იჯარით გაცემის თაობაზე აუქციონი გამოაცხადა გაზეთ „ა-ის“ 2011 წლის №5-7 თებერვლის ნომერში, სადაც მიეთითა, რომ იჯარის დასახელებული ობიექტი გაიცემოდა 24 თვის ვადით. შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-მა“ აუქციონში მიიღო მონაწილეობა და გამოცხადდა გამარჯვებულად. შესაბამისად, მასთან გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება იმ ვადით, რაც გაზეთში იყო გაცხადებული. ამასთან, იჯარის გაცემის დროისათვის სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლას გააჩნდა თანხმობა როგორც აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის, ასევე, აჭარის ა/რ-ის კულტურისა და განათლების სამინისტროებიდან. ყოველივე ეს გახდა საფუძველი აუქციონის გამოცხადებისათვის. ამდენად, იჯარის ხელშეკრულება არის კანონიერი.
გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგოა. სსიპ ქ.ბათუმის №.. საჯარო სკოლასა და შპს ქ.ბ. ს. პ. კ-ს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება არის ორმხრივი გარიგება, რომლის ცალმხრივად შეწყვეტა მოპასუხეს არ შეუძლია. ამასთან, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აქედან გამომდინარე, მოპასუხის უფლება შეზღუდულია, მას არ შეუძლია მოითხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, რადგან მოსარჩელე ამ ნივთს კანონიერად (ხელშეკრულების საფუძველზე) ფლობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი, მათ შორის: 9.07.2012წ. გადახდილი 150 ლარი და 23.07.2012წ. გადახდილი 150 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ქ.ბ. ს. პ. კ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი, მათ შორის: 9.07.2012წ. გადახდილი 150 ლარი და 23.07.2012წ. გადახდილი 150 ლარი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე