№ას-961-903-2012 24 სექტემბერი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. პ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. XXI“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 31 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ს. XXI-მა“ მოპასუხე თ. პ-ის მიმართ. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის თანხის – 4000 აშშ დოლარის, 2011 წლის 13 სექტემბრამდე გადაუხდელი საპროცენტო სარგებლის – 1600 აშშ დოლარის და ვალდებულების სრულად შესრულებამდე (გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის 3%-ის (120 აშშ დოლარი) დაკისრება. ამავდროულად, მოსარჩელემ მოითხოვა თანხის ამოსაღებად იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. XXI-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ. პ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხის 4000 აშშ დოლარის, სარგებლის 1600 აშშ დოლარის და ვალდებულების შესრულებამდე ყოველთვიურად 2011 წლის 13 ოქტომბრიდან სესხის ძირი თანხის 3%-ის – 120 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხის ამოსაღებად დადგინდა იპოთეკით დატვირთული საგნის, კერძოდ, თ. პ-ის საკუთრებაში არსებული, ქ.ბათუმში, ზ-ების ქ.№20-ში მდებარე უძრავი ქონების რეალიზაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სესხის ძირ თანხაზე სარგებლის დარიცხვისა და პროცენტის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. პ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სესხის ძირ თანხაზე (4000 აშშ დოლარი) სარჩელის აღძვრამდე ყოველთვიურად 1%-ის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 მაისის განჩინებით თ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2010 წლის 13 სექტემბერს თ. პ-მ მოწინააღმდეგე მხარისაგან 1 წლის ვადით, ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლით ისესხა 4000 აშშ დოლარი.
ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად თ. პ-მ, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, იპოთეკით დატვირთა კუთვნილი ქონება.
თ. პ-მ მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხადა მხოლოდ 5 თვის სარგებელი. დანარჩენი თანხა მას არ გადაუხდია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 623-625-ე, 627-628-ე, 316-317-ე, 361-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა არამარტო ნასესხები თანხა, არამედ, გადაეხადა ასევე სარგებელი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ საქალაქო სასამართლოს უნდა დაეკისრებინა მისთვის სარგებლის, 1600 აშშ დოლარის გადახდა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელთა თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს სესხის პროცენტი და აპელანტი ვალდებული იყო ხელშეკრულების ეს პირობა ჯეროვნად შეესრულებინა. უდავო იყო, რომ თ. პ-მ მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხადა ჯამში 5 თვის სარგებელი. აქედან გამომდინარე, დარჩენილი 8 თვის სარგებელი მას არ გადაუხდია. ხელშეკრულების მიხედვით, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის სარგებლის სახით ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 200 აშშ დოლარი (4000 X 5%). რვა თვის განმავლობაში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 1600 აშშ დოლარი (200 X 8). ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 1600 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე კანონიერი იყო და საქალაქო სასამართლომ იგი სწორად დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტს იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მისთვის სარგებლის გადახდა უნდა დაეკისრებინა მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. შპს „ს. XXI“ სარჩელით მოითხოვდა მოპასუხისათვის სარგებლის დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი. რამდენადაც თ. პ-მ გადააცილა ფულადი თანხის გადახდის ვადას, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი ვალდებული იყო მთელი გადაცილებული დროისათვის, ანუ, 2011 წლის 13 ოქტომბრიდან ვალის დაბრუნებამდე, მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სარგებლის სახით, ყოველთვიურად, 4000 აშშ დოლარის 5%-ის გადახდის ვალდებულებას. მოსარჩელემ კი მოითხოვა მოპასუხისათვის შეთანხმებულზე ნაკლები თანხის, ყოველთვიურად, 4000 აშშ დოლარის 3%-ის დაკისრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი მართებულად დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თამაზ პაპიძემ სადავოდ გახადა საკასაციო საჩივრით, რომლითაც მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სესხის ძირ თანხაზე (4000 აშშ დოლარი) სარჩელის აღძვრამდე ყოველთვიურად 1%-ის დაკისრება. შემდგომში კასატორმა მოთხოვნა შეამცირა, ამჟამად, იგი მოითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და მისთვის საპროცენტო სარგებლის სახით 2011 წლის თებერვლის თვიდან დღემდე ყოველთვიურად ძირითადი თანხის მხოლოდ 2%-ის დაკისრებას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სასამართლომ უკანონოდ დააკისრა მოპასუხეს საპროცენტო განაკვეთის გადახდა და უსაფუძვლოდ არ შეამცირა დაკისრებული ძირითადი თანხის საპროცენტო განაკვეთი, მაშინ როდესაც მოპასუხე აღნიშნულზე თანახმა იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. პ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. პ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. პ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ. პ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ. პ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე