Facebook Twitter

№ას-981-922-2012 24 სექტემბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ რ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ზიანის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ს მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: 2008 წელს მხარეებმა ერთად ცხოვრების პერიოდში, შვილის რ. კ-ს მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სს „პ. ბ-დან“ ერთობლივად აიღეს სესხი. სესხის გადახდა გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ მოხერხდა. ოჯახში არსებული უთანხმოების გამო მოპასუხე ნ. კ-მ მოსარჩელეს მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის ნება არ დართო. რ.კ-მ, შესასრულებელი ვალდებულების მიზნით, სესხი აიღო კერძო პირისაგან, ვინაიდან, შესაძლებელი იყო სესხის დასაფარად აუქციონზე გაყიდულიყო მესამე პირის უძრავი ქონება. მოსარჩელემ თანხის გადაუხდელობის გამო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაუთმო გამსესხებელ გ. დ-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ.კ-ა ვალდებულია, აუნაზღაუროს მას იმ თანხის ნახევარი - 25 000 ლარი რაც მოსარჩელემ საერთო ვალის დასაფარად გადაიხადა.

ნ. კ-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 16620 ლარს შეადგენდა, მოსარჩელის მიერ მითითებული, სესხად აღებული თანხა - 18000 აშშ დოლარი არ შეიძლება ჩაითვალოს ბანკში არსებული დავალიანების დასაფარად აღებულ სესხად. მხარეთა ქორწინება 2010 წლის 2 ნოემბერს შეწყდა, ხოლო რ.კ-ს 2010 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით სს „პ. ბ-ის“ მიმართ ვალი არ გააჩნდა. ამდენად, ქორწინების პერიოდში აღებული სესხი გადახდილ იქნა ქორწინების განმავლობაში და მას რაიმე საფუძველი არა აქვს, მოითხოვოს მისგან დავალიანების ნაწილის დაფარვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.კ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 5650.46 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის განჩინებით რ.კ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2008 წლის 24 იანვარს მსესხებელ რ. კ-სა და სს ,,პ. ბ-ს“ შორის გაფორმებულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ნ. კ-სა და სს ,,პ.ბ-ს“ შორის 2008 წლის 24 იანვარს გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით იყო უზრუნველყოფილი. მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე 30 თვის ვადით, წლიური 28%-იანი სარგებლის დარიცხვით 6000 ლარი გაიცა. სს ,,პ. ბ-სა“ და რ. კ-ს შორის 2008 წლის 7 მარტს გაფორმდა მეორე საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც 2008 წლის 7 მარტს ნ. კ-სთან და მ. დ-სთან გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებით იყო უზრუნველყოფილი. ბანკმა 36 თვის ვადით მსესხებელზე გასცა კრედიტი - 9400 ლარი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზემოთ მითითებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან არსებული დავალიანების გამო სს ,,პ. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს: რ. კ-ს, ნ. კ-სა და მ. დ-ს სს ,,პ. ბ-ის“ წინაშე არსებული დავალიანების - 5589.56 და 10322.12 ლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ. თანხის გადასახდევინებლად დადგენილ იქნა იპოთეკით დატვირთული, მ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. სასამართლო გადაწყვეტილებით არსებობს სოლიდარული ვალდებულება, სადაც სოლიდარული მოვალეები არიან: რ. კ-ა, ნ. კ-ა და მ. დ-ე. მსესხებელმა, რ. კ-მ, დავალიანების დასაფარად სს ,,პ. ბ-ს“ 16951.40 ლარი გადაუხადა (სააღსრულებო წარმოების ხარჯების ჩათვლით). აღნიშნული თანხის გადახდით შეწყდა სააღსრულებო წარმოება, რადგან სს ,,პ. ბ-ის“ დავალიანება დაიფარა სრულად. მოპასუხე ნ. კ-ს დავალიანების დაფარვაში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე განმარტებით, სს ,,პ. ბ-ის“ ვალის დასაფარად რ. კ-მ გ. დ-ისაგან აიღო სესხი. მოსარჩელემ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ რ.კ-ა გადაიხდიდა ნასესხებ თანხას 27000 აშშ დოლარს, მაშინ უძრავ ნივთს უკან დაიბრუნებდა. მოსარჩელემ ვალი ვერ დააბრუნა, რის გამოც, უძრავი ქონება გამსესხებელს დარჩა.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით, ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. მოცემულ შემთხვევაში, რ. კ-სა და სს ,,პ. ბ-ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები უზრუნველყოფილი იყო რა ნ. კ-სა და ბანკს შორის გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებებით, საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკვეთებოდა, ვინაიდან, სოლიდარულად პასუხისმგებელი პირებია - რ. კ-ა, ნ. კ-ა და მ. დ-ე. წილთა თანაბრობის გათვალისწინებით მოსარჩელეს ნ. კ-ს მიმართ აქვს გადახდილი თანხის 1/3 ნაწილის უკუმოთხოვნის უფლება. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სესხი აღებული იყო ქორწინების განმავლობაში, რადგან აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობა არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლით დადგენილ რეგულაციას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ.კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 24 იანვარს სს „პ. ბ-სა“ და რ. კ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია ნ. კ-სა და სს „პ. ბ-ს“ შორის გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით. სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება მ. დ-სთანაც გაფორმდა, რომელმაც თავისი უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთა. ხელშეკრულების თანახმად, სესხად აღებული თანხის გადახდის ვალდებულება რ. კ-ს, ნ.კ-სა და მ. დ-ს ჰქონდათ. ვინაიდან ვალდებულება ვერ შესრულდა სს „პ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა მსესხებლების მიმართ. 2009 წლის 22 ივლისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დავალიანების გადახდის ვალდებულება სოლიდარულად დაეკისრათ. დაკისრებული თანხის გადახდის მიზნით უნდა მომხდარიყო მ.დ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. რ.კ-მ აღნიშნულის ასარიდებლად, 2010 წლის 5 აგვისტოს გ.დ-საგან სესხად აიღო თანხა, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა კასატორის სახელზე რეგისტრირებული 64.60 კვ.მ უძრავი ქონება. მოსარჩელემ ნასესხები თანხა ვერ დააბრუნა, რის გამოც, უძრავი ნივთი გამსესხებელს გადაეცა საკუთრებაში. რ. კ-სა და ნ. კ-ს შორის 2011 წლის 14 სექტემბერს ქორწინება შეწყდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული სესხი წარმოადგენდა ოჯახის საერთო ვალს და მეუღლეები ვალდებულნი იყვნენ ერთობლივად გადაეხადათ იგი. ამასთან, სასამართლომ სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა კასატორის მიერ ვალის დასაფარავად განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, სს „პ. ბ-ში“ ოჯახისათვის სესხად აღებული თანხის გადახდის მიზნით კერძო პირისაგან აღებული სესხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია მეუღლეთა თანასაკუთრებიდან ზიანის გადახდევინება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. კ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე