საქმე №ას-1069-995-2012 13 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ო-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ო-ის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, დაბა წყნეთში, .. ა-ის ქ.№18-ში მდებარე 646 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 187 კვ.მ შენობა-ნაგებობის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მ. ო-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით აპელანტ მ. ო-ს დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
2012 წლის 14 ივნისს ხარვეზის განჩინების ჩაბარებაზე მ. ო-მა უარი განაცხადა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა 2012 წლის 14 ივნისს სასამართლო გზავნილის მხარისათვის ჩაბარებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხევევაში ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 15 ივნისიდან და ამოიწურა 2012 წლის 25 ივნისს. ამდენად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2012 წლის 25 ივნისის ჩათვლით.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის დანაწესით და აღნიშნა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ო-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
მ. ო-მა უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის მიღებაზე, თუმცა მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული საპროცესო მოქმედების სამართლებრივი შედეგი, რაც არც გზავნილის მიმტან პირს განუმარტავს. მართალია, მისი სააპელაციო საჩივარი შეტანილია წარმომადგენლის მიერ, მაგრამ მხარემ შეწყვიტა მასთან ურთიერთობა.
სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმისას მ. ო-ი ინფორმირებული იყო სააპელაციო საჩივარზე არსებული ხარვეზის თაობაზე და მხარე იმედოვნებდა, რომ აღნიშნული გზავნილის ჩაუბარებლობით მოიგებდა დროს სახელმწიფო ბაჟის შესატანად აუცილებელი თანხის მოსაძიებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლო უწყების ჩაბარებისას ადრესატის უარის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგების განმარტების ვალდებულებას, ამიტომ ანალოგიის წესით გამოყენებულ უნდა იქნას ამავე კოდექსის 72-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი. ამდენად, დაირღვა მ. ო-ის უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის 2012 წლის 11 ივნისის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში მისი გამოსწორება – სახელმწიფო ბაჟის სახით 160 ლარის გადახდის ქვითრის დედნისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნული განჩინება მ. ო-ს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა შპს „ს. ფ-ის“ შეტყობინებით ირკვევა, რომ ფოსტის კურიერმა ორჯერ მიაკითხა ადრესატს, 2012 წლის 13 ივნისს გზავნილი მხარეს ვერ ჩაბარდა არყოფნის გამო, ხოლო 2012 წლის 14 ივნისს ადრესატმა სასამართლო გზავნილის მიღებაზე უარი განაცხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იცავს რა მხარეთა კანონიერ ინტერესებს, ითვალისწინებს საქმის განხილვისას აუცილებელ საპროცესო მოქმედებათა განხორციელების შესახებ მათთვის შეტყობინების უფლებას. ამ უფლების რეალიზაციის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მხარისათვის მიწოდება (სასამართლოში მხარის დაბარება, სარჩელზე ან რომელიმე საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე მხარის ინფორმირება და სხვა), რასაც კანონით განსაზღვრული კონკრეტული შედეგი მოჰყვება.
მხარე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს სასამართლოსაგან ინფორმაციის მიღებაზე და არ ჩაიბაროს სასამართლო უწყება თუ გზავნილი, თუმცა ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად კანონმდებელმა დაადგინა, რომ მხარის მიერ სასამართლო უწყების ან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმისას აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება და მხარის უარი საქმის განხილვას ხელს არ შეუშლის. ამასთან, არ არსებობს დათქმა მხარის მიერ სასამართლო უწყების ან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმისას საფოსტო კურიერის მიერ აღნიშნულის სამართლებრივი შედეგების განმარტების ვალდებულების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კერძო საჩივრის ავტორმა დაადასტურა მის მიერ სასამართლო გზავნილის მიღებაზე უარის თქმის ფაქტი, რაც იმით ახსნა, რომ ამ დროს მისთვის ცნობილი იყო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ და იგი ცდილობდა დროის მოგებას სახელმწიფო ბაჟის შესატანად აუცილებელი თანხის მოსაძიებლად.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარის მიერ დასახელებული არგუმენტი სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად საჭირო თანხის მოსაგროვებლად საჭირო დამატებითი ვადა აპელანტს შეეძლო მოეთხოვა მართლზომიერი საპროცესო მოქმედების შესრულებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლზე დაყრდნობით ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელების გზით. აღნიშნული შესაძლებლობით მას არ უსარგებლია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინება აპელანტ მ. ო-ს 2012 წლის 14 ივნისს ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
აღნიშნული მეტყველებს, რომ აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 15 ივნისიდან და ამოიწურა 2012 წლის 25 ივნისს (24 ივნისი იყო დასვენების დღე). ამ ვადაში და არც შემდგომ აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სხვა რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ო-ის სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინება ამ საკითხზე სავსებით კანონიერია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.