№ას-1075-1008-2012 10 სექტემბერი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - პ. კ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ჟ. ბ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ბ-სა და ნ. ფ-ს მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ 1998 წლის 30 ნოემბერს, ქ.თბილისში, თ-ის ქ. მეორე შესახვევ #1-ში მდებარე უძრავი ქონება ზ. ხ-საგან კანონით დადგენილი წესით შეიძინა. აღნიშნულ სახლში 1977 წლის 24 ივლისიდან ჟ.ბ. ცხოვრობდა მდგმურად, რომელმაც თავდაპირველ მესაკუთრესთან ლ. ტ-თან მორიგების საფუძველზე თავისთან ჩაიწერა იმ დროისათვის არასრულწლოვანი შვილი - ნ. ფ-ა. აღნიშნული მორიგება ქ.თბილისის კიროვის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988 წლის განჩინებით დამტკიცდა. ჟ.ბ-ს, ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის 2000 წლის 22 მაისის #1-57 განკარგულებით, 27 კვ.მ ფართი გამოეყო, სადაც იგი საცხოვრებლად გადავიდა, ხოლო დაქირავებულ ბინაში თავისი ქალიშვილი ოჯახთან ერთად დატოვა საცხოვრებლად. ვინაიდან, ნ.ფ-სთან მოსარჩელეს ქირავნობის ხელშეკრულება არ დაუდია, ამასთან, დამქირავებელი 4 წელია ბინის ქირას არ იხდის, ჟ.ბ-სთან დადებული ქირავნობის ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს.
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით პ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. ბ-სა და ნ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. კ-მ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 14 ნოემბრის განჩინებით პ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლო ინსტანციების მიერ.
2012 წლის 5 ივნისს პ. კ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას საფუძვლად არასწორი მტკიცებულებები დაედო, რაც დასტურდება ქ. თბილისის კიროვის სახ. რაიონის შს განყოფილების მომართვით, 1988 წელს ჟ.ბ-ს მიერ სასამართლოში წარდგენილი საჩივრითა და თბილისის კიროვის რაიონის სახალხო სასამართლოს 1988 წლის 3 ივნისის განჩინებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით პ. კ-ს განცხადება, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2005 წლის 14 ნოემბერს, შესაბამისად გასულია გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5 წლიანი ვადა.
აღნიშნულ განჩინებაზე პ. კ-მ შეიტანა კერძო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაში არასწორადაა მითითებული, რომ გასულია 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ხუთწლიანი ვადა. სასამართლომ არ გაითვალისწინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. კ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პ.კ-ა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2012 წლის 5 ივნისს წარდგენილ განცხადებაში თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რაც გასაჩივრებული განჩინებით დარჩა განუხილველი. განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად კი, მითითებული იყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5 - წლიანი ვადის გასვლა. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარში 2012 წლის 28 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებულია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებები.
2007 წლის 10 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით პალატამ განიხილა პ.კ-ს მოთხოვნა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ და არ დააკმაყოფილა იგი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით კი, პ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით დგინდება, რომ დავის საგანი იყო, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება, ხოლო გასაჩივრებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინება, რომლითაც პ.კ-ს განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველი დარჩა.
განსახილველ შემთხვევაში, პ.კ-ს მოთხოვნაა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომელიც კანონიერ ძალაში 2005 წლის 14 ნოემბერს შევიდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დასახელებულ მუხლშია მითითებული, ამავე კოდექსის 422-ე მუხლი წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითებს: ა) გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ) ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ) პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. წარდგენილ განცხადებაში კი, არც ერთ ზემოაღნიშნულ საფუძველზე არ არის მითითებული და, შესაბამისად, არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებებია წარმოდგენილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორს, რომ თავისი შინაარსით განცხადებაში მითითებული გარემოებები წარმოადგენს არა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, არამედ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძველს, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა ყოველგვარი საფუძვლით, რომელზეც მხარე მიუთითებს, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის პირობებში. ამ ნორმით კანონი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნია საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას, ამასთანავე, კანონის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი უნდა გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიუთითოს ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მოცემულ საქმეში სადავოა პ.კვირკვიამ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით 5 - წლიანი ვადის დაცვით მიმართა თუ არა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი გამორიცხავს, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, რომლითაც პ.კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების 5 - წლიანი ვადის ათვლა 2005 წლის 15 ნოემბრიდან იწყება. პ.კ-მ კი, აღნიშნული მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონით მითითებული ვადის დარღვევით 2012 წლის 5 ივნისს მიმართა. კანონი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ ვადად - 5 წელს იმპერატიულად ადგენს. იმპერატიული ნორმის თავისებურება კი იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ იძლევა ნორმაში მოცემული დანაწესისგან სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას. მასში მითითებული ქცევის წესი მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა, ამასთან, აღნიშნული ნორმით არ არის გათვალისწინებული მოცემული ვადის არც გაგრძელების, აღდგენისა და არც შეჩერების შესაძლებლობა. აღნიშნული კი, 2007 წლის 10 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებების გათვალისწინების შემთხვევაშიც, მის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მეოთხე ნაწილის იმპერატიული ხასიათი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ამასთან, აღნიშნულით დაცულია არა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ინტერესი, არამედ ნებისმიერი პირის კანონიერი, სამართლიანი და საფუძვლიანი ნდობა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პ. კ-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პ. კ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
პ. ქათამაძე