№ას-1077-1010-2012 20 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. პ-ის წარმომადგენელი ე. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე - რ. ჩ-ი, ნოტარიუსი – ლ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობაში ცვლილებების შეტანა, სამკიდრო ქონებიდან წილის გამოყოფა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 28 ოქტომბერს ე. პ-ის წარმომადგენელმა ე. ა-მ სარჩელით მომართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: რ. ჩ-ის და ნოტარიუს ლ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ახალციხის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ლ. მ-ის 2011 წლის 12 აგვისტოს რ. ჩ-ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ე. პ-ის სახელზე ½ წილის გამოყოფის შესახებ ცვლილების შეტანა. 2011 წლის 16 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ნოტარიუსი ლ. მ-ე ჩართული იქნა მესამე პირად მოპასუხის მხარეს.
ახალციხის რაიონული სასამარტლოს 2011 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტიელბით ე. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. პ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მაისის განჩინებით ე. პ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად და საქმის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 31 მაისს 14:30 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
2012 წლის 31 მაისს მ. ქ-ის მიერ ფაქსის მეშვეობით გამოგზავნილი განცხადება ე. პ-ის წარმომადგენელ ე. ა-ის ავადმყოფობის გამო საქმის განხილვის გადადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აპრილის საოქმო განჩინებით სასამართლოს მიერ დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტ ე. პ-ის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. პ-ის წარმომადგენელმა ე. ა-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობის გამო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოში ფაქსით მეშვეობით გადააგზავნა სამედიცინო ცნობა, პალატამ აღნიშნული მტკიცებულება არ ჩათვალა საკმარისად საქმის განხილვის გადადებისთვის და არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ე. პ-ის წარმომადგენელ ე. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო სასამართლო სხდომაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ. ამასთან, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი მხოლოდ მაშინ, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით ე.პ-ის წარმომადგენელი ე. ა-ე სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2012 წლის 31 მაისს 09 საათზე და 40 წუთზე ნ. გ-მ თირკმლის ჭვალის გამო გამოიძახა სამედიცინო დახმარების ბრიგადა და მას ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებანი საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება და წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელიც 2012 წლის 31 მაისს სასამართლო პროცესზე კერძო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა. კერძო საჩივარზე დართული ცნობა არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის წარმომადგენლის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. წარმოდგენილ ცნობაში სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი სასამართლო პროცესზე ე. ა-ის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას. ამასთან, თუ ავადმყოფობის გამო ე. პ-ის წარმომადგენელი ე. ა-ე ვერ ახერხებდა გამოცხადებას, საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული შეეძლო თავად ე. პ-ს გაეკეთებინა. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი სასამართლო პროცესზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.
ზემოაღშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. პ-ის წარმომადგენელ ე. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის საოქმო განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი