Nას-1082-1013-2012 17 სექტემბერი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ. კ-ი
წარმომადგენელი - ლ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. კ-ი ცნობილ იქნა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე, აწ გარდაცვლილი შ. კ-ის კომლის უძრავი ქონების - 1,25 ჰა მიწის ნაკვეთისა და 20 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რ. კ-ი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში ლ. კ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მა და გ. გ-მ.
2012 წლის 25 მაისს ლ. კ-ის წარმომადგენელმა ლ. კ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა, წარადგინა ორდერი, რომლის მიხედვითაც ევალებოდა ლ. კ-ის ინტერესების დაცვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ლ. კ-ის მიერ კ. მ-ის სახელზე გაფორმებული მინდობილობა და კ. მ-ის მიერ ლ. კ-ის სახელზე გაფორმებული მინდობილობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით ლ. კ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა მის მიერ კ. მ-ის ან ლ. კ-ის სახელზე გაცემული რწმუნებულება, რომლითაც წარმომადგენელს მინიჭებული ექნებოდა წარმომადგენლობის უფლება სააპელაციო სასამართლოში, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ მხარე წარადგენდა კ. მ-ის სახელზე გაფორმებულ მინდობილობას, მას ასევე უნდა წარედგინა ამ უკანასკნელის მიერ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლ. კ-ს წერილობით უნდა გამოეხატა ნება, რომ სააპელაციო საჩივარს ეთანხმებოდა.
2012 წლის 19 ივნისს ლ. კ-ის წარმომადგენელმა ლ. კ-მ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივნისის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 10 დღით გაგრძელდა.
2012 წლის 11 ივლისს ლ. კ-ის წარმომადგენელმა კ. მ-მა სასამართლოს განცხადებით მიმართა და წარადგინა კ. მ-ის მიერ ლ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, ასევე ლ. კ-ის მიერ კ. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადანდობის უფლების გარეშე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტს დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება ლ. კ-ის წარმომადგენელმა ლ. კ-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მხარის მითითებით, მან სასამართლოს წარუდგინა ორდერი, რომლის მიხედვითაც ლ. კ-ის ინტერესების დაცვა ევალებოდა, გარდა ამისა, განცხადებაში მიუთითა, რომ წარადგენდა დეპეშას, რომლის თანახმადაც ლ. კ-ი მხარს უჭერდა სააპელაციო საჩივარს და თანახმა იყო, მისი ინტერესები ლ. კ-ს დაეცვა. აღნიშნული დეპეშა, გაუგებრობის გამო, სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, რადგანაც, კ. მ-ი უფლებამოსილი იყო დაეცვა ლ. კ-ის ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოში, სააპელაციო საჩივარი კი, მან სწორედ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეიტანა. სააპელაციო სასამართლომ სხდომაზე დაუშვა ლ. კ-ე, როგორც ლ. კ-ის წარმომადგენელი, სააპელაციო საჩივარი კი, განუხილველად დატოვა, რისი უფლებამოსილებაც არ გააჩნდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის წარმომადგენელ ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: როგორც საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოში ლ. კ-ის ინტერესებს იცავდა კ. მ-ი. მანვე შეიტანა სააპელაციო საჩივარი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, რომელსაც ხელს მხოლოდ წარმომადგენელი აწერდა. 2012 წლის 25 მაისს, ლ. კ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ეთანხმებოდა წარდგენილ სააპელაციო საჩივარს და ლ. კ-ის მიერ მის სახელზე გაფორმებულ მინდობილობას უახლოეს დღეებში წარადგენდა. განცხადებას თან ერთვოდა ორდერი, რომლის მიხედვითაც ლ. კ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ლ. კ-ის ინტერესების დაცვა ევალებოდა, ასევე ლ. კ-ის მიერ კ. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, ამ უკანასკნელს ლ. კ-ის ინტერსების დაცვა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოში ევალებოდა და კ. მ-ის მიერ ლ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ ვინაიდან საქმეში მოიპოვებოდა ორდერი, სააპელაციო სასამართლოს ლ. კ-ის საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის თანახმად, მხარის წარმომადგენელი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში შეიძლება იყოს მხოლოდ ადვოკატი, გარდა ორგანიზაციის თანამშრომლებისა ამ ორგანიზაციის საქმეებზე. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე ხელს კ. მ-ი აწერდა, რომელიც, თავად მხარის განმარტებით, ადვოკატი არ არის. ადვოკატი იყო ლ. კ-ე, რომელიც ლ. კ-ის ინტერესებს ორდერის საფუძველზე იცავდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაფორმებულ მინდობილობაში, ადვოკატის უფლებამოსილება კი დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ზემოხსენებული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ადვოკატს უფლება აქვს ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
იმავე კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი - მინდობილობა ან ორდერი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატი უფლებამოსილია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება როგორც ორდერის, ისე მინდობილობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადვოკატის ორდერი, ისევე როგორც მინდობილობა, წარმოადგენს სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ადვოკატის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს ადვოკატს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში ჩამოთვლილი საპროცესო მოქმედებებისა. მითითებული ნორმის მიხედვით, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში იხ. სუსგ Nას-1614-1608-2011).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა ადგენს იმ საპროცესო მოქმედებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე. იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობის თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლში მითითებულ მოქმედებათა შესრულება მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში სპეციალურადაა აღნიშნული ამ მოქმედებათა შესრულებისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ. ეს საპროცესო მოქმედებები უკავშირდება მარწმუნებლის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვას და ამიტომ, მათ შესახებ სპეციალურად უნდა იყოს აღნიშნული მინდობილობაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ ვინაიდან მან სააპელაციო სასამართლოში ორდერი წარადგინა, სასამართლოს ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში უნდა მიეღო. ასევე უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას ლ. კ-ე დაუშვა როგორც ლ. კ-ის წარმომადგენელი, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ორდერის საფუძველზე ადვოკატს შეუძლია მარწმუნებლის სახელით საქმე აწარმოოს სასამართლოში, რაც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებასა და მონაწილეობასაც გულისხმობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ლ. კ-ე ორდერის საფუძველზე დაეშვა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის შეტანას, აღნიშნული სსსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი სპეციალური უფლებაა, რომლის გადაცემის თაობაზეც უნდა აღინიშნოს სათანადო წესით გაცემულ მინდობილობაში, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლის 11 ივლისს ლ. კ-ის წარმომადგენელმა კ. მ-მა სასამართლოს განცხადებით მიმართა და წარადგინა კლარა მეტრეველის მიერ ლ. კ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა, ასევე ლ. კ-ის მიერ კ. მ-ის სახელზე გაცემული მინდობილობა (იხ. ტ. მე-3, ს.ფ. 78-82). აღნიშნული მინდობილობის თანახმად, კ. მ-ს ლ. კ-ის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა სხვა პირებისათვის გადანდობის უფლების გარეშე, შესაბამისად, კ. მ-ი აღნიშნულ უფლებამოსილებას ადვოკატს ვერ გადასცემდა. აქვე ის გარემოებაცაა საყურადღებო, რომ მინდობილობის შინაარსის თანახმად, კ. მ-ი პირადად და არა როგორც ლ. კ-ის წარმომადგენელი ანიჭებს ლ. კ-ს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. კ. მ-ი კი, მოცემულ საქმეზე მხარე ან მესამე პირი არ ყოფილა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის საფუძველზე, მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას გამორიცხავს (დამატებით იხ. სუსგ Nას-24-309-08).
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ხარვეზის განჩინების თანახმად, ლ. კ-ს შეეძლო კ. მ-ის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს წერილობით დათანხმებოდა, რაც მას არ შეუსრულებია. მხარის მხოლოდ სიტყვიერი განმარტება, რომ მსგავსი შინაარსის დეპეშა სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა, მხედველობაში მიღებული ვერ იქნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არაუფლებამოსილმა პირმა შეიტანა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ იგი განუხილველად მართებულად დატოვა, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 420-ე, 94-ე, 98-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ის წარმომადგენელ ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ივლისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ლ. მურუსიძე
პ. ქათამაძე