№ას-1096-1027-2012 14 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ლ. და კ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა-ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხეები – ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, სს „ა-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის საოქმო განჩინება
დავის საგანი – ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ოქმიდან ქონების ამორიცხვა და ქონების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ა-ის“ სარჩელი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოს ქონების გადაცემის ოქმიდან ქონების ამორიცხვისა და მისი სს ა-ისათვის“ დაბრუნების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2005 წლის 8 აგვისტოსოქმიდან ამოირიცხა სარჩელით გათვალისწინებული შემდეგი ქონება: ჯოჯგინა ამწე; ბეტონის ამრევი; მეტალის ფორმა რიგელის; რკინის კარადა; გვერდითი ქვა; მეტალის ფორმა გადახურვის ფილის; მეტალის ფორმა გვერდითი ქვის ერთმაგი, კოლონის 14მ; საკედლე ბლოკის, ფუნდამენტის ბლოკის, მეტალის შიფერის საჭრელი აგრეგატი; ჩარხი ჩა-231; ჩარხი ფხშ-11; სასწორი; ელექტროშემდუღებელი აპარატი; შპს „ლ. და კ-ს“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და სს „ა-ს“ გადაეცა: ჯოჯგინა ამწე, ბეტონის ამრევი, რკინის კარადა, სასწორი, ელექტროშემდუღებელი აპარატი; სს „ა-ის“ სარჩელზე მეტალის ფორმის 3 ცალი გვერდითი ქვის საკედლე პანელის, 3 ცალი მეტალის ფორმის საკედლე ქვის, 3 ცალი გადახურვის მეტალის ფორმის, ფუნდამენტის ბლოკის, მეტალის ფორმა რიგელის, მეტალის შიფერის დასამზადებელი აპარატისა და ორი ჩარხის გადაცემის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ლ. და კ-მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით შპს „ლ. და კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივით გაასაჩივრა შპს „ლ. და კ-ის“ დირექტორმა მ. კ-მ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ლ. და კ-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 მაისის საოქმო განჩინება შპს „ლ. და კ-ს“ მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ კურიერმა ვერ მოახერხა გზავნილის ჩაბარება ვინაიდან ადრესატი გადასული იყო აღნიშნული მისამართიდან. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრებულ განჩინებას კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებულად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს 2011 წლის 14 სექტემბერს (ტ.7, ს.ფ.188). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 15 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 26 სექტემბერს, ხოლო კერძო საჩივარი შპს „ლ. და კ-მ“ შეიტანა 2012 წლის 30 ივლისს ტ.7, (ს.ფ.203-237), ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას დაცული აქვს კერძო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა, ვინაიდან შპს „ლ. და კ-ს“ კერძო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა ამოეწურა 2011 წლის 26 სექტემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს „ლ. და კ-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ. და კ-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია