№ას-1275-1203-2012 28 სექტემბერი 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რ. გ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება. რ. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სამსახურს დაევალა, მოახდინოს ქ. ქუთაისში, თ-ების ქ. №24-ში დ. მ-ის თანასაკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის ცვლილება ტექბიუროს მონაცემებისა და საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ქუთაისის სამსახურის 2010 წლის 5 იანვრის №298434 გადაწყვეტილება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
2012 წლის 21 ივნისს დ. მ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინებით დ. მ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, სამოქალაქო საქმეზე №2/ბ-364-11წ. დ. მ-ის სააპელაციო საჩივრის გამო რ. გ-ის მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის და რეესტრის სამსახურის დავალდებულების თაობაზე ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. მ-ის წარმომადგენელმა ა. თ-მა გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაიბარა 2012 წლის 1 აგვისტოს (ს.ფ.359). აქედან გამომდინარე განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2012 წლის 13 აგვისტოს, ხოლო დ. მ-მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. მ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი