Facebook Twitter
#as-1301-1536-05

№ას-1305-1231-2012 25 სექტემბერი 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

მოსამართლე: მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. მ-ს ზ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის 14 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 2 625 აშშ დოლარის გადახდა. ნ. მ-ს ზ. თ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითად თანხაზე 14 000 აშშ დოლარზე, პირგასამტეხლოს 0.05% გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სარჩელის აღძვრის დღიდან (2012 წლის 16 იანვრიდან) დავალიანების სრულ დაფარვამდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 7 აშშ დოლარს. თანხის გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ნ. მ-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, დაბა წყნეთი, ქუჩა ს-ე №20, შენობა №1-ში 48.08 კვ.მ. საკადასტრო კოდი №....

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს გასაჩივრებული განჩინების ასლი გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2012 წლის 5 სექტემბერს (ტ. II ს.ფ. 22). აქედან გამომდინარე განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2012 წლის 17 სექტემბერს, ხოლო მან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა 2012 წლის 18 სექტემბერს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. მ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მ. სულხანიშვილი