№ას-966-907-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 09 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,კ. 22–ს’’, შპს ,,ბ-ს’’ ტ. ა-ე, ქ. ც-ს, ე. ი-ს, მ. გ-ს, მ. გ-ს და ნ. გ-ს (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,კ. 22’’ დამფუძნებლები) მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 50 172 აშშ დოლარის გადახდა.ამავე გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2619 ლარისა და 3500 ლარის _ მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა მ. გ-სა და ნ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ. მე-3 ს.ფ. 8-17);
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ: მიეთითებინათ გადაწყვეტილების რა ნაწილია მათ მიერ გასაჩივრებული; სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის (არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5 000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აპელანტებს ასევე დაევალათ ნ. მ-ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ან მათ (მ. გ-ს და ნ. გ-ის) მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტ მ. გ-ს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მ. გ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2012 წლის 2 მაისს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 7 მაისი. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას არ გენემარტა თავისი უფლებები, როგორ დაეცვა თავი, რის გამოც ხარვეზი ადვოკატის უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე ვერ შეავსო, შესაბამისად, ვეღარ მიაქცია ყურადღება სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მას არ მიეცა საშუალება დაეცვა თავისი სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ მ. გ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალათ: მიეთითებინათ გადაწყვეტილების რა ნაწილია მათ მიერ გასაჩივრებული; სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის სააპელაციო საჩივრის ღირებულების 4%-ის (არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5 000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით წარდგენა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აპელანტებს ასევე დაევალათ ნ. მ-ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ან მათ (მ. გ-ს და ნ. გ-ის) მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებითვე ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტ მ. გ-ს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტს ჩაჰბარდა 2012 წლის 2 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მ. გ-ს ხელმოწერით (იხ.ტ.3,ს.ფ. 69). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5- დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 3 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 7 მაისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას არ გენემარტა თავისი უფლებები, როგორ დაეცვა თავი, რის გამოც ხარვეზი ადვოკატის უფლებამოსილების დადასტურების თაობაზე ვერ შეავსო, შესაბამისად, ვეღარ მიაქცია ყურადღება სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მას არ მიეცა საშუალება დაეცვა თავისი სააპელაციო საჩივარი, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 აპრილის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით, აპელანტს ნათლად განემარტა ხარვეზის თაობაზე და ამასთან, ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივ შედეგებზე (იხ. ტ.3, ს.ფ.62-64).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. გ-ს სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ლ. მურუსიძე