№ას-972-913-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ლ-ი
მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, შვილისთვის დედის გვარის მინიჭებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 21 აპრილს დაბადებული მ. ხ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა საზღვარგარეთ არაუმეტეს ორი კვირის ვადით დასასვენებლად და მეცხრე კლასის შემდეგ არაუმეტეს ერთი სასწავლო წლით სწავლის მიზნით წაყვანის, ასევე მისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ოფიციალური დოკუმენტის მისაღებად. ასევე, მოითოვა შვილისთვის დედის გვარის მინიჭება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. ხ-ს (პ#...) შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის, 2005 წლის 21 აპრილს დაბადებული მ. ხ-ის მიმართ, საზღვარგარეთ დასასვენებლად არაუმეტეს ორი კვირის ვადით დედის მ. ლ-ის მიერ წაყვანასა და ამ მიზნით ბავშვისათვის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2005 წლის 21 აპრილს დაბადებული მ. ხ-ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ საზღვარგარეთ სასწავლებლად წასაყვანად და მისთვის საჭირო ნებისმიერი სახის ოფიციალური დოკუმენტის მისაღებად ნებართვის გაცემის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; 2005 წლის 21 აპრილს დაბადებულ მ. ხ-ს (პ/#...) მიეკუთვნა დედის გვარი – ლ-ი.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ხ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებით სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, კ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განჩინების შინაარსი, (რომლითაც აპელანტს მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7-დღიანი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოსადგენად) 2012 წლის 22 მაისს ტელეფონის საშუალებით ეცნობა აპელანტ კ. ხ-ს. აპელანტმა ხარვეზი გამოასწორა არა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადაში, არამედ მისი გასვლის შემდგომ, რის გამოც კ. ხ-ის სააპელაციო საჩიავრი დარჩა განუხილევლად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. ხ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ ხარვეზი ვადაში გამოასწორა, ვინაიდან სატელეფონო შეტყობინებით მისთვის ცნობილი იყო, რომ ხარვეზის შევსების ვადად განესაზღვრა 10 დღე, შესაბამისად, მის მიერ ხარვეზი დროულად იქნა გამოსწორებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 8 მაისის განჩინების შინაარსი, (რომლითაც აპელანტს მიეცა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7-დღიანი გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოსადგენად) 2012 წლის 22 მაისს ტელეფონის საშუალებით ეცნობა აპელანტ კ. ხ-ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7- დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 23 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 29 მაისს. აპელანტმა ხარვეზი გამოასწორა 2012 წლის 31 მაისს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც კ. ხ-ის სააპელაციო საჩიავრი დარჩა განუხილევლად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზი ვადაში გამოასწორა, ვინაიდან სატელეფონო შეტყობინებით მისთვის ცნობილი იყო, რომ ხარვეზის შევსების ვადად განესაზღვრა 10 დღე, შესაბამისად, მის მიერ ხარვეზი დროულად იქნა გამოსწორებული. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაქუმების საფუძვლად, ვინაიდან როგორც აღნიშნა, საქმის მასალების თანახმად, აპელანტს სატელეფონო საშუალებით ეუწყა ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების შინაარსი, სადაც ხარვეზის შევსების ვადა განისაზღვრა განჩინების ასლი ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება კი, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ლ. მურუსიძე