№ას-994-933-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ. შ-ა, ჯ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე -ს. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. შ-სა და ჯ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 2800 აშშ დოლარის, გადაუხდელი ბინის ქირის – 950 ლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით 221 აშშ დოლარისა და ბანკში გადახდილი პროცენტის 1170 ლარის გადახდის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ აღიარეს ვალდებულების 2200 აშშ დოლარის არსებობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კ. შ-სა და ჯ. ს-ს ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 3021 აშშ დოლარის გადახდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. შ-მ და ჯ. ს-მა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებით კ. შ-სა და ჯ. ს-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინებით სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, კ. შ-სა და ჯ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. შ-სა და ჯ. ს-ის წარმომადგენელმა მ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მტკიცებულება სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აპელანტების რეგისტრაციის თაობაზე, რაც ცხადყოფდა, რომ ისინი კანონის თანახმად, გათავისუფლებულები იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კ. შ-სა და ჯ. ს-ის წარმომადგენელ მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებით კ. შ-სა და ჯ. ს-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ჩაბარდა კ. შ-ს 2012 წლის 23 მაისს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მიმღების ხელმოწერით და პირადი ნომრის მითითებით (პ/ნ ...) (ს.ფ. 111-112). ამდენად, აპელანტებისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 07 (შვიდი) დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 24 მაისს და ამოიწურა 2012 წლის 30 მაისს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, მხოლოდ, აპელანტების წარმომადგენელმა მ. მ-მა განჩინებით დადგენილი ვადის დარღვევით, კერძოდ, 2012 წლის 06 ივნისს განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და მოითხოვა აპელანტიების გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება (ს.ფ.113-114), რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მტკიცებულება სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში აპელანტების რეგისტრაციის თაობაზე, რაც ცხადყოფდა, რომ ისინი კანონის თანახმად, გათავისუფლებულები იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, სასამართლომ კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, ფაქტობრივად მოუსპო საშუალება სიმართლის დადგენისა.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა აპელანტების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტებმა დაკარგეს საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კ. შ-სა და ჯ. ს-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. შ-სა და ჯ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ლ. მურუსიძე