საქმე №ა-2989-შ-62-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ი.მ.კ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა ქორწინება მ. ქ-სა და ა. ა-ს ასულ დ-ს შორის, რეგისტრირებული საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სამსახურის მიერ, ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ა-ი, 2010 წლის 13 სექტემბერს, სააქტო ჩან აწერი №71201030376, რაზეც გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წიგნში. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 24 მაისს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ი.მ.კ-მა შუმადგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ი.მ.კ-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხიველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც შუამდგომლობას უგზავნის კომპეტენტურ სასამართლოს, გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით.
მითითებული ნორმების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ასევე შუამდგომლობით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოვალეა შუამდგომლობა გადაუგზავნოს იმ სასამართლოს, რომელიც, კომპეტენტურია განიხილოს შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით.
დადგენილია, რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება მ. ქ-ის მიმართ, შესაბამისად, იგი წარმოადგენს იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ი.მ.კ-მა და არა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებულმა პირმა – მ. ქ-მ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ი.მ.კ-ის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ვოიკოვსკის რაიონის №75 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე ი.მ.კ-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2011 წლის 12 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.