Facebook Twitter
# as-37-391-07

საქმე № ა-3424-შ-67-2012 6 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე გ.გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ს-ი ცნობილ იქნა 2007 წლის 28 ნოემბერს დაბადებული მ. ე-ის მამად. მოპასუხე მ. ს-ს მოსარჩელის სასარგებლო დაეკისრა შვილის – მ. ე-ის სარჩენად ალიმენტის სახით ყოველთვიურად 10000 დრამის გადახდა 2010 წლის 15 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30000 დრამის გადახდა საადვოკატო მომსახურებისათვის და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4000 დრამის გადახდა. აგრეთვე მ. ს-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2400 დრამის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 23 აგვისტოს და სასომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე გ.გ-მა შუამდგომლობით მიმართა უზენაეს სასამართლოს სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე გ.გ-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხიველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. იგი შეიძლება წარედგინოს გადაწყვეტილების გამომტან პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც შუამდგომლობას უგზავნის კომპეტენტურ სასამართლოს, გადაწყვეტილება გამოიტანოს შუამდგომლობით.

მითითებული ნორმების თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ და მხოლოდ მხარის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ასევე შუამდგომლობით მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს, რომელიც მოვალეა შუამდგომლობა გადაუგზავნოს იმ სასამართლოს, რომელიც, კომპეტენტურია განიხილოს შუამდგომლობა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით.

დადგენილია, რომ სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება გამოტანილია ე. ე-ის სასარგებლოდ, შესაბამისად, იგი წარმოადგენს იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე გ.გ-მა და არა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებით დაინტერესებულმა პირმა – ე. ე-მა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე გ.გ-ის შუამდგომლობა დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სასომხეთის რესპუბლიკის ლორიისკის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს მოსამართლე გ.გ-ის შუამდგომლობა ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.