Facebook Twitter

№ ას-1007-943-2012 18 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ. გ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.-გ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, 112 568. 75 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის ამხანაგობა ,,გ-ის” წევრი და თბილისში, გ-ის მე-3 შეს. №1;3;5;7; 6/7, გ-ის 46ბ-ში მდებარე ობიექტის მშენებელი. მშებლობისათვის აუცილებელი სახსრების მოზიდვის მიზნით, მოსარჩელესა და სს ,,თ. ბ-ს” შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ამასთან, ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ამხანაგობის კუთვნილი უძრავი ნივთი მდებარე თბილისი, გ-ის მე-3 შეს. №1;3;5;7; 6/7, გ-ის 46ბ-ში. უფლებით დატვირთული ნივთი შეფასდა 673129 აშშ დოლარად, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 1157835.78 ლარს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, უფლებრივად დატვირთული ნივთი საკუთრების უფლებით აღირიცხა და სს ,,თ. ბ-ი”-ს სახელზე, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ნივთი იგივე ფასად გაასხვისა მოპასუხეზე. განკარგული ნივთი უფლებრივად დატვირთვის მომენტისათვის იყო კარკასულ მდომარეობაში, რის გამოც იგი შედარებით მცირე ფასად შეფასდა. ამასთან, მოსარჩელეს ბანკის წინაშე არ აუღია ნივთის გაუმჯობესების ვალდებულება. ნივთის განკარგვის შემდგომ მოსარჩელის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების შედეგად მოიმატა მისმა საბაზრო ღირებულებამ, რაშიც გამოიხატა მოპასუხის მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მაისის განჩინებით შპს „ს-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო შემდეგ გარემოებატა გამო:

30.06.2010 წლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს იპოთეკის ხელშეკრულებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, მესაკუთრის უძრავი ქონების კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს ,,თ. ბ-მა” და ამხანაგობა ,,გ-ის” თავმჯომარემ. ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა გამოავლინეს ნება, კრედიტორ სს ,,თ. ბ-სა” და მოვალე ა. შ-ს შორის 2001 წლის 8 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო პროდუქციის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით სს ,,თ. ბ-ს” საკუთრებაში გადაცემოდა იპოთეკით დატვირთული თბილისი, გ-ის მე-3 შეს. №1; N3; N5; N7; N6/7, გ-ის 46ბ-ში მდებარე უძრავი ნივთები, რომელთა მახასიათებლებია: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... შეფასებული 82 283.50 აშშ დოლარად; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... შეფასებული 77 680.81 აშშ დოლარად; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... შეფასებული 106 920 აშშ დოლარად; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... შეფასებული 106 050 აშშ დოლარად; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... შეფასებული 89201 აშშ დოლარად; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... შეფასებული 30 943 აშშ დოლარად; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... შეფასებული 75 060 აშშ დოლარად; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №... შეფასებული 57 084.50 აშშ დოლარად (ტ.II, ს.ფ.81-88). იპოთეკის ხელშეკრულებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად მესაკუთრის უძრავი ქონების კრედიტორისათვის გადაცემის შესახებ ერთობლივი განცხადების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა სს „თ. ბ“-ს სახელზე საკუთრების უფლებით (ტ.II, ს.ფ. 89-104).

12.01.2011 წელს ერთის მხრივ, სს ,, თ. ბ-სა” და მეორეს მხრივ, შპს ,,რ. გ-ს” შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს ,,თ. ბ-მა” გაყიდა, ხოლო შპს „რ. გ-მა“ იყიდა თბილისში, გ-ის მე-3 შეს. №1; N3; N5; N7; N6/7, გ-ის 46ბ-ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონება:

- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 75 060 აშშ დოლარით.

- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 89 201 აშშ დოლარით.

- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 108 224.50 აშშ დოლარით.

- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 80 283.50 აშშ დოლარით.

- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...; ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 106 920 აშშ დოლარით.

- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №..... ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 82 283.50 აშშ დოლარით (ტ.II, 55-59).

ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სს ,,თ. ბ-მა” გაყიდა, ხოლო შპს „რ. გ-მა“ იყიდა თბილისი, გ-ის მე-3 შეს. №1; N3; N5; N7; N6/7, გ-ის 46ბ-ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონება: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...; ნასყიდობის ფასი - 30 943 აშშ დოლარი; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.... ნასყიდობის ფასი - 57 084.50 აშშ დოლარი; ამავე ხელშეკრულებით მყიდველის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ხელშეკრულების საგანი (ტ.II, ს.ფ.60-64). 12.01.2011წ. ხელშეკრულებებით შეძენილი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „რ. გ-ი“-ს სახელზე (ტ.II, ს.ფ. 65-80). ამდენად, პალატის მითითებით, წინამდებარე საქმეში მოპასუხე იყო იმ ქონების მესაკუთრე, რომელიც მოვალე ა. შ-ის საკრედიტო ვალდებულების დაფარვის მიზნით, ამხანაგობის მიერ ბანკისათვის გადაცემული ქონების მესაკუთრე გახდა უკვე ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შპს „ს-ა“ ითხოვდა მოპასუხე შპს „რ. გ-ს“ დაკისრებოდა ამხანაგობა „გ-ის“ კორპუსში მისი კუთვნილი ფართის პროპორციულად მოსარჩელის მიერ 2011 წლის 11 იანვრიდან (მოპასუხის საკუთრების წარმოშობიდან) 2011 წლის 24 მარტის ჩათვლით განხორციელებული გაუმჯობესებების პროპორციული ანაზღაურება 32 885,99 ლარის ოდენობით (იხ.:სააპელაციო საჩივარი). აპელანტის განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული გაუმჯობესება საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით შეადგენდა 182 193.86 ლარს (ლიფტები - 137 802.26 ლარი, ფასადის სამუშაოები - 44 391.6) და ვინაიდან შპს „რ. გ-ი“-ს საკუთრებაში არსებული ფართები შეადგენდა სამშენებლო ობიექტის საცხოვრებელი და დამხმარე ფართების ჯამის 18,05 %-ს, შესაბამისად, მისი წილის პროპორციულად მოთხოვნილი გაუმჯობესების თანხა შეადგენდა 32 885,99 ლარს (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ IV. ს.ფ. 153).

სააპელაციო პალატა დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ შპს „რ. გ-ი“ არ წარმოადგენდა აღნიშნული სამუშაოების (იმ შემთხვევაში თუ დადასტურდებოდა სადავო პერიოდში მათი განხორციელება) ღირებულების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს. 09.08.2006წ. შპს ,,ს-ს”, გ. შ-სა და გ. გ-ს შორის გაფორმებული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით დაფუძნდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „გ-ი“ (ტ.IV, ს.ფ.51-61). ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა თბილისში, გ-ის 46ბ-ში მდებარე 227 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის დანგრევა და მის ნაცვლად ახალი მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. ამავე ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად, შენობის მშენებლობა მოიცავდა შენობის სრული კარკასის აღმართვას, აუცილებელი კომუნიკაციების მიერთებას, გარე ფასადის შელესვასა და შეღებვას, საერთო სარგებლობის ფართების (კიბის უჯრედები, სახურავი და ა.შ) მოპირკეთებას. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა ამხანაგობაში შენატანების და დამფუძნებელთა წილი, კერძოდ, ხელშეკრულების 4.2 მუხლის შესაბამისად, შპს „ს.“-ს შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა: პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ფინანსური სახსრები და ქ, თბილისში, გ-ის ქ. №46-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ს-ა“, ამხანაგობის რამდენიმე დამფუძნებელ წევრთან ერთად, ვალდებული იყო დაეფინანსებინა მშენებლობა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად მიიჩნეოდა მის მიერ სადავო პერიოდში სამუშაოების განხორციელების ფაქტს, შპს „ს-ა“ მაინც ჩაითვლებოდა პირად, რომელიც ასრულებდა ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებას და შესაბამისად, დაუსაბუთებელი იყო ამ სამუშაოების ღირებულების, როგორც კანონისმიერი ვალდებულების ანაზღაურების მოთხოვნა იმ პირისგან, რომელიც გახდა ამხანაგობის კუთვნილ მშენებარე სახლში გარკვეული ქონების მესაკუთრე შპს „ს-ს“ მიერ უკვე განკარგული ქონების ახალ მესაკუთრესთან, სს „თ. ბ-თან“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2. პუნქტში მითითებული საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში სარჩელი მაინც არ დაკმაყოფილდებოდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

- შპს „ს.“-ს მტკიცების ტვირთია ამტკიცოს, რომ 2011 წლის 11 იანვრიდან 2011 წლის 24 მარტის ჩათვლით პერიოდში საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა მის მიერ მითითებული სამუშაოები - დამონტაჟდა ლიფტები, შეიღება კორპუსის ფასადი. საქმის მასალებით არ დასტურდება მითითებულ პერიოდში მოსარჩელის მიერ მითითებული სამუშაოების ჩატარება.

- საქმეში წარმოდგენილი ერთის მხრივ, შპს „ჰ-ს“ და მეორეს მხრივ, შპს „ს-ს“ შორის 22.01.2011წ. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის (ტ.I, ს.ფ.361) შესაბამისად, მხარეები ადასტურებენ, რომ „შემსრულებელმა“ შპს „ჰ-ის“ სახით გადასცა, ხოლო „შემკვეთმა“ შპს „ს-ის“ სახით მიიღო ქ. თბილისში, გ-ის ქ. N46-ში ორი ლიფტი „ჰ-ის“ მონტაჟის შესრულება. რაც შეეხება ლიფტების მონტაჟის თარიღს, შპს „ჰ-ი“-ს დირექტორის მიერ 27.12.2011წ. გაცემული ცნობის თანახმად, შპს „ჰ-ის“ მიერ ქ. თბილისში, გ-ის ქ. N46-ში განხორცილედა 2 ერთეული 630 კგ. ლიფტის მონტაჟი და ლიფტების მონტაჟის ძირითადი ნაწილი დასრულდა 2010 წლის ნოემბრის ბოლოს (ტ.IV, ს.ფ.95).

- რაც შეეხება საცხოვრებელი კორპუსის გარე ფასადის სამღებრო სამუშაოებს, საქმეში წარმოდგენილია ერთის მხრივ, შპს „ფ.+“–ს და მეორეს მხრივ, შპს „ს-ს“ შორის 04.11.2011წ. შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, შპს„ ფ. +“–მა (შემსრულებელი) შეასრულა 24.12.2010წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და საკუთარი მასალებით შეღება სახლის ფასადი (ტ.I, ს.ფ.116). მიღება-ჩაბარების აქტი არ შეიცავს მითითებას შპს „ფ.+“-ის მიერ სამუშაოების განხორცილების თარიღთან დაკავშირებით. ამდენად, მხოლოდ ზემოაღნიშნული აქტით ვერ დგინდება კონკრეტულად რა პერიოდში ხორციელდებოდა სამუშაოები და ეს სამუშაოები განხორცილედა თუ არა შპს „რ. გ-ის“ საკუთრებაში უძრავი ქონების გადასვლის შემდგომ, ანუ სადავო პერიოდში. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილია სხვა სამოქალაქო საქმეზე თავად შპს „ს-ს“ მიერ მტკიცებულებების სახით წარდგენილი 2010 წლის შემოდგომაზე გადაღებული ფოტოსურათების ასლები, საიდანაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ფოტოსურათების გადაღების მომენტში საცხოვრებელი კორპუსის ფასადი უკვე დასრულებული იყო. აღნიშნულ ფოტომასალაზე ასევე ჩანდა რომ, ამ პერიოდში კორპუსში დამონტაჟებულია ლიფტიც (ტ.IV, ს.ფ.102-107).

ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,გ.”-ს 2011 წლის 16 მაისის წევრთა საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის გამგეობას დაევალა რესურსების მოზიდვის უზრუნველყოფა, მათ შორის, კრედიტების სახით ამხანაგობის გაჩერებული მშენებლობის დასასრულებლად და ვალდებულების გასასტუმრებლად. ამ მიზნით ამხანაგობის გამგეობას მიენიჭა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებისა და ამხანაგობის სახელით ვალდებულებების აღების უფლებამოსილება. ხოლო აღნიშნული სესხი განაწილდა ამხანაგობის წევრებზე მშენებარე კორპუსში მათ საკუთრებაში არსებული ფართების პროპორციულად. კრების ოქმში შპს „რ. გ-ი“ მითითებულია წევრთა სიაში (ტ.II, ს.ფ.112-116).

ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,გ.”-ს 2011 წლის 31 მაისის წევრთა საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის მიმდინარე მშენებლობის დასრულების და დაგროვილი დავალიანების გასტუმრების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამხანაგობაში დამატებითი შესატანის განხორციელების თაობაზე. ამასთან, აღნიშნული შენატანის ოდენობა განისაზღვრა ერთ კვადრატულ მეტრზე 148 ლარის ოდენობით, ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართების მიხედვით პროპორციული გაანგარიშების პრინციპით. კრებაში მონაწილეობას იღებდა შპს „რ. გ-ც“ (ტ.II, ს.ფ.125-128). ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნულ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად შპს „რ. გ.“-ს მიერ ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ იქნა თანხა 156 024 ლარისა და 56 თეთრის ოდენობით (ტ.IV, ს.ფ 20-24). ამდენად, შპს „რ. გ-მა“ ახალი ვალდებულება იკისრა ნებაყოფლობით.

რაც შეეხება ამხანაგობის ხელშეკრულების ფარგლებში მოვალის (მოსარჩელე) მიერ კრედიტორის (ამხანაგობა) წინაშე უკვე ნაკისრ ვალდებულებებს (ფასადის შეღებვა, ლიფტების დამონტაჟება), პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მათი ვალდებულების გარეშე შესრულებად მიჩნევის და კრედიტორის (ამხანაგობა) მიერ ჯერ ბანკზე გასხვისებული, შემდეგ გაყიდული ქონების ამჟამინდელ მესაკუთრეზე (შპს „რ. გ-ი“) დაკისრების წინამძღვრები, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.\

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებით შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1644.30 ლარი) 70% – 1151.01 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ს-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 25 ივლისს, №80 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1644.30 ლარი) ლარის 70% – 1151.01 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი