№ას-1017-953-2012 3 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. რ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ისა და ო. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის, მის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 33045 ლარის ოდენობით, საადვოკატო ხარჯების – 300 ლარის დაკისრება. ასევე, მოითხოვა მოპასუხე ო. ა-ისათვის მის სასარგებლოდ ზიანის – 500 ლარის დაკისრება.
მოპასუხე ი. ბ-მა სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობის გამო.
მოპასუხე ო. ა-მ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ნ. რ-ის სახლიდან მართალია წაიღო ნივთები, მაგრამ მათი ღირებულება არ იცის. იგი ეთანხმება ი. ბ-ის წარმომადგენლის განმარტებას მასზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულბებებით ნივთების ღირებულება არაა დადგენილი, ამას გარდა, ქურდობა მან ჩაიდინა და მოსარჩელეზე მიყენებულ ზიანთან ი. ბ-ს კავშირი არ აქვს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ნ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ო. ა-ს და ი. ბ-ს მოსარჩელე ნ. რ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 33045 ლარის გადახდა; მოპასუხე ო. ა-ს მოსარჩელე ნ. რ-ის სასარგებლოდ დაეკირა 500 ლარის გადახდა; მოპასუხე ო. ა-ს და ი. ბ-ს მოსარჩელე ნ. რ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი მასტან მიმართებაში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება იმედა ბერეკაშვილისათვის ნ. რ-ის სასარგებლოდ 33 045 ლარის და საპროცესო ხარჯების სოლიდარულად გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. რ-ის სასარჩელო მოთხოვნა ი. ბ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ი. ბ-ს ნ. რ-ის სასარგებლოდ ო. ა-სთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა 700 ლარის ანაზღაურება, იმედა ბერეკაშვილს ნ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა საპროცესო ხარჯის -28 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 24 იანვრის განაჩენით დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 2 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, ო. ა-მ უკანონოდ შეაღწია ქალაქ ქუთაისში, ვ-ის ქუჩა №21-ში მცხოვრებ ნ. რ-ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ფულს 500 ლარის ოდენობით და 33045 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ოქროს სამკაულებს, რითაც დაზარალებულ ნ. რ-ს მიადგა 33545 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ჩადენილი დანაშაულის გამო, ო. ა-ე მიცემულ იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის განაჩენით (საქმე №1/33) მოპასუხე ო. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ” და ,,გ” (11 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და მეოთხე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული სასაჯელები შეიკრიბა სრულად და ო. ა-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, საიდანაც 7 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ხუთი წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 წელი.
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 10 თებერვლის განაჩენით დადგინდა, რომ 2011 წლის მარტში, ი. ბ-მა იცოდა ო. ა-ის მიერ ნივთების დანაშაული გზით მოპოვების შესახებ, წინასწარი შეცნობით მისგან შეიძინა 2011 წლის 02 მარტს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან ქურდობის გზით დაუფლებული ოქროს სხვადასხვა დასახელების სამკაულები.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/667-2011წ) მოპასუხე ი. ბ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი) და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, მათ შორის და ნ. რ-ის ეპიზოდში სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა ი. ბ-მა და მოპასუხე ი. ა-მ განმარტეს, რომ ი. ა-ის მიერ, ნ. რ-ის საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ოქროს ნივთებიდან ი. ბ-მა შეიძინა მხოლოდ 700 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულები.
პალატის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2012 წლის 10 თებერვლის განაჩენით დადგენილია, რომ 2011 წლის მარტში, ი. ბ-მა წინასწარი შეცნობით, ო. ა-ისაგან შეიძინა 2011 წლის 02 მარტს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან ქურდობის გზით დაუფლებული ოქროს სხვადასხვა დასახელების სამკაულები, თუმცა განაჩენი არ შეიცავს მონაცემებს რა სახისა და ღირებულებისას წარმოადგენდა ეს ნივთები და არ შეიცავს ნ. რ-ისათვის ი. ბ-ის მიერ მიყენებული ზიანის გაანგარიშებას. შესაბამისად, ი. ბ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი, არ წარმოადგენს სსსკ-ის 102-ე და 30917 მუხლებით განსაზღვრულ სათანადო მტკიცებულებას, ნ. რ-ისათვის ი.ბ-ის მიერ მიყენებული ზიანის გაანგარიშების თაობაზე.
რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის განაჩენს, პალატის მითითებით, მასში დაფიქსირებულია მხოლოდ ო. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ო. ა-ის მიერ ნ. რ-ზე მიყენებული ზიანის ოდენობა და არც აღნიშნული განაჩენი და არც სხვა მტკიცებულება არ შეიცავს მონაცემებს, რომ ო. ა-ის მიერ, ნ. რ-ის ბინიდან მოპარული ყველა ნივთი შეიძინა ი. ბ-მა.
ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ი. ა-ის მიერ, ნ. რ-ის საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ოქროს ნივთებიდან ი. ბ-მა შეიძინა 700 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულები, პალატამ მიიჩნია, რომ ი. ბ-ის მიერ, ნ. რ-ისათვის დანაშაულით მიყენებული ზიანი შეადგენდა 700 ლარს.
ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განაჩენით (საქმე №1/667-2011წ) დადგინდა, რომ მოპასუხე ი. ბ-ი, ნ. რ-ის ეპიზოდში ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაული, რომლითაც მატერიალური ზიანი არ აღმატება 10000 ლარს, შესაბამისად, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მსჯელობა მასზე, რომ ი. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედებით მიადგა 33 045 ლარის ოდენობით ზიანი.
ვინაიდან, ი. ბ-მა წინასწარი შეცნობით, ო. ა-ისაგან შეიძინა 2011 წლის 02 მარტს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლიდან ქურდობის გზით დაუფლებული, 700 ლარის ღირებულების ოქროს სხვადასხვა დასახელების სამკაულები, ამასთან სარჩელის განხილვის დროისათვის აღნიშნული სამკაულები აღარ არსებობს, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ო. ა-სთან სოლიდარულად ი. ბ-ისათვის ნ. რ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე, სკ-ის 992-ე, 408-ე, 409 მუხლებიდან გამომდინარე საფუძვლიანი იყო.
ვინაიდან,საქმის მასალებით დადასტურებულია ი. ბ-ის მიერ, ნ. რ-ისათვის მხოლოდ 700 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი, პალატამ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ო. ა-სთან სოლიდარულად ი. ბ-ისათვის ნ. რ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დასაბუთებული იყო და ი. ბ-ს ო. ა-სთან სოლიდარულად ნ. რ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა 700 ლარის ანაზღაურება. ამასთან, პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების მიზნით, ო. ა-ისათვის ნ. რ-ის სასარგებლოდ 33 045 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული არ ყოფილა და შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული თანხიდან, მხოლოდ 700 ლარი წარმოადგენს ი. ბ-ისა და ო. ა-ის მიერ სოლიდარულად გადასახდელს, ხოლო სხვა ნაწილში ი. ბ-ს ო. ა-სთან ერთად სოლიდარული გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ იმედა ბერეკაშვილის მხრიდან სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ზეპირ განაცხადს იმის შესახებ, თითქოს ნ. რ-ს საცხოვრებელი სახლიდან ო. ა-ის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ოქროს ნივთებიდან, მან მხოლოდ 700 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულები შეიძინა. კასატორის განმარტებით, აღნიშნულის დასადასტურებლად, საქმეში არ მოიპოვებოდა რაიმე მტკიცებულება და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების მტკიცებულებად მიჩნევა სასამართლოს მხრიდან გაუმართლებელი და არაკანონიერია.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტიელბის მიღებისას არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 464-ე, 992-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე, 309-320 -ე მუხლები, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლი, რაც გახდა საფუძველი საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივლისის განჩინებით ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი ნ. რ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟჲს გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
მ. სულხანიშვილი