საქმე №ას-1027-962-2012 18 ოქტომბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლე. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლე. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა შვილთან, 2008 წლის 1 იანვარს დაბადებულ ა. ბ-თან ურთიერთობის მიზნით დღეების შემდეგი სახით დადგენა – ყოველ კვირაში ხუთშაბათს 17:00 საათიდან კვირის 17:00 საათამდე (სახლში წაყვანით), ასევე, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების დროს 15 დღით ბავშვის წაყვანა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლე. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლე. ბ-ს მიეცა უფლება, ურთიერთობა იქონიოს (წაყვანის უფლებით) არასრულწლოვან შვილთან, 2008 წლის 1 იანვარს დაბადებულ ა. ბ-თან თვეში ორჯერ, პარასკევის 10:00 საათიდან კვირის 15:00 საათამდე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ლე. b-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ლე. ბ-ს მიეცემა უფლება, ურთიერთობა იქონიოს (წაყვანის უფლებით) არასრულწლოვან შვილთან, 2008 წლის 1 იანვარს დაბადებულ ა. ბ-თან თვეში ოთხჯერ, პარასკევის 10:00 საათიდან კვირის 17:00 საათამდე, ასევე ზაფხულის და ზამთრის არდადეგების დროს 15-15 დღით, ხოლო ლ. ბ-მა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ლე. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ლე. ბ-ს არასრულწლოვან შვილთან, 2008 წლის 1 იანვარს დაბადებულ ა. ბ-თან ურთიერთობა განისაზღვრა შემდეგნაირად: პარასკევის 15:00 საათიდან კვირის 15:00 საათამდე, თვეში ორჯერ არასრულწლოვანი ა. ბ-ის წაყვანის უფლებით და დედასთან – ლ. ბ-თან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ზაფხულისა და ზამთრის არადადეგების დროს ა. ბ-ის 10-10 დღით წაყვანის უფლებითა და დედასთან – ლ. ბ-თან მისი დაბრუნების ვალდებულებით შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ლე. ბ-სა და ლ. ბ-ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი – 2008 წლის 1 იანვარს დაბადებული ა. ბ-ი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ა. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. მამის – ლე. ბ-ის ოჯახში არის კარგი საცხოვრებელი პირობები.
ბავშვის დედის, ლ. ბ-ის, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.
ა. ბ-ი ირიცხება ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების N.. ფილიალში აღსაზრდელად.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე და 1199-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას თანაბარ უფლებებს ანიჭებს ბავშვის ორივე მშობელს. ამ უფლების გონივრული განსაზღვრა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, რა დროსაც გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
„ბავშვის უფლებათა შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები. უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ, როგორც ეროვნული კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებზე. ამ ურთიერთობების სასამართლო წესით დადგენისას მხედველობაშია მისაღები არასრულწლოვანი ბავშვის უფლება, ჰქონდეს რეგულარული ურთიერთობა იმ მშობელთანაც, რომელთანაც არ ცხოვრობს. ამ თვალსაზრისით მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის სწორედ ბავშვის ინტერესები, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამოკიდებულება მშობლებისადმი, ის სოციალური და საყოფაცხოვრებო გარემო, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, მისი ცხოვრების წესი.
მოცემულ შემთხვევაში პალატამ არასრულწლოვან ა. ბ-ის მამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ, მართალია, მამის ოჯახში არის კარგი და ჯანსაღი გარემო, რაც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის, თუმცა საქმის მასალებიდან დგინდება, რომ ა. ბ-ი დადის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში, ამიტომ მამასთან მისი ურთიერთობის წესის განსაზღვრით არასრულწლოვანი არ უნდა მოწყდეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სიარულს, მის თანატოლებთან ურთიერთობას და ცხოვრების ყოველდღიურ რიტმს.
ამავდროულად, პალატის მოსაზრებით, ბავშვს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ვადით დარჩეს მამასთან, რაც შესაძლებელია ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. პალატის ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ლე.ბ-ს არასრულწლოვან შვილთან, ა. ბ-თან ურთიერთობა უნდა განესაზღვროს კვირის განმავლობაში პარასკევის 15:00 საათიდან კვირას 15:00 საათამდე თვეში ორჯერ, ხოლო ზაფხულისა და ზამთრის არდადეგების დროს კი, 10-10 დღით. სასამართლომ ჩათვალა, რომ ამგვარი რეჟიმის დადგენით დაცულია როგორც ბავშვის, ისე მშობლების ინტერესები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი რეჟიმის განსაზღვრა თავისთავად გულისხმობს შვილის მამასთან ყოფნის პერიოდში მამის მხრიდან ყველა იმ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, რასაც ბავშვის უპირატესი ინტერესები მოითხოვს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა ამ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ასევე უგულებელყოფილ იქნა „ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის“ მე-6 მუხლი.
პალატამ არ გაითვალისწინა არასრულწლოვნის ასაკი და ის ფაქტი, რომ დიდი ხნით დედასთან დაშორება უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოსარჩელეს დაევალა ბავშვის დაბრუნება ლ. ბ-ისათვის, ფაქტობრივად კი არასრულწლოვანი ა. ბ-ის დედას ლ. ბ-ი წარმოადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია