Facebook Twitter

№ას-1033-968-2012 11 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ს. რ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 3600 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, შპს ”ჯ-მა” 2008 წლის დეკემბერში შპს „ს. რ-ის“ მეშვეობით სადგურ თბილისიდან სადგურ რუსთავში გადაზიდა ტვირთი. შპს ”ს. რ-მ” კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, მაგრამ მოპასუხემ დროულად ვერ შეძლო ტვირთის მიღება, რის გამოც, მას 24 საათზე მეტი სარკინიგზო მომსახურებისათვის დაერიცხა ვაგონით სარგებლობის საფასური - 3600 ლარი. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განაცხადა, რომ ვაგონების მოცდენაში მას ბრალი არ მიუძღოდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ”ჯ-მა” 2008 წლის დეკემბერში და 2009 წლის იანვარში შპს „ს. რ-ის“ მეშვეობით სადგურ თბილისიდან სადგურ რუსთავში გადაზიდა ტვირთი, რაც არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ;

საქმეში წარმოდგენილი საერთო ფორმის აქტების, სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება–ჩაბარების სამახსოვროების მონაცმებით დადასტურდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2008 წლის 01 დეკემბრის №125105 საერთო ფორმის აქტის შესაბამისად ირკვევა, რომ მოპასუხემ მიიღო 13 ვაგონი. საერთო ფორმის აქტი განბაჟების მოლოდინში გაიხსნა 01.12.2008 წლის 09:30 საათზე და დაიხურა ამავე დღის 15:30 საათზე. #204100 სამახსოვრო ბარათის თანახმად ვაგონები დასაცლელად მიწოდდა 01.12.11-ის 16:30 საათზე და ბოლო ვაგონი დაიცალა 01.12.11-ის 9:00 საათზე.

2008 წლის 04 დეკემბრის №125113 საერთო ფორმის აქტიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ მიიღო 10 ვაგონი, საერთო ფორმის აქტი განბაჟების და საბუთების მოლოდინზე გაიხსნა ამავე დღის 09.30 საათზე და ვაგონები დაიცალა 14:00 საათზე. #204140 სამახსოვრო ბარათის თანახმად ვაგონები დასაცლელად მიწოდდა 04.12.11-ის 14:50 საათზე და ბოლო ვაგონი დაიცალა 05.12.11-ის 07:00 საათზე.

2008 წლის 09 დეკემბერს შპს ”ს. რ-ის” მეშვეობით გადმოიზიდა შპს ”ჯ-ის” ტვირთი. სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო №125124-ით დასტურდება, რომ საერთო ფორმის აქტი გაიხსნა 09 დეკემბრის 09:30 საათზე და დაიხურა ამავე დღის 14:30 საათზე. #204203 სამახსოვრო ბარათის შესაბამისად ვაგონები დასაცლელად მიწოდდა 12.02.08-ის 16:30 საათზე და დაიცალა 09:00 საათზე.

2009 წლის 22 იანვრის სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო #232312-ით დასტურდება, რომ ვაგონები დასაცლელად მიწოდდა 22.01.09-ის 14:40 საათზე და საბოლოოდ ყველა ვაგონის დაცლა მოხდა 22.01.09-ის 23 საათზე. საერთო ფორმის აქტი #125212 კი გაიხსნა 22.01.09-ის 09:30 საათზე და დაიხურა 22.01.09-ის 14 საათზე.

2009 წლის 20 იანვრის სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო #232289-ით დასტურდება, რომ ვაგონები დასაცლელად მიწოდდა 20.01.09-ის 14:20 საათზე და საბოლოოდ ყველა ვაგონის დაცლა მოხდა 21.01.09-ის 10:00 საათზე. საერთო ფორმის აქტი №125206 კი გაიხსნა 22.01.09-ის 09:30 საათზე და დაიხურა 22.01.09-ის 13:30 საათზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სამახსოვროების და საერთო ფორმის აქტებით დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მიერ ვაგონების მოცდენის შესახებ. სააპელაციო პალატამ პირველყოვლისა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1–ე მუხლზე მითითებით, მოსარჩელე მხარეს სწორად დააკისრა მტკიცების ტვირთი სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, იმის შესახებ, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ქონდა ვაგონების მოცდენის ფაქტს.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სამახსოვროებისა და საერთო ფორმის აქტების მონაცემებზე და აღნიშნა, რომ დასახელებული მტკიცებულებები არ შეიცავდა საკმარის მონაცემებს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ შპს ”ჯ-მა” 2008 წლის დეკემბერში და 2009 წლის იანვარში მოაცდინა ვაგონები. ამ მხრივ პალატამ აღნიშნა, რომ საერთო ფორმის აქტების შესაბამის გრაფაში დაფიქსირებული მოცდენის დაწყებისა და მოცდენის დასრულების შესახებ მონაცემები შეუსაბამობაში იყო თავად ამ საერთო აქტების შესაბამის სამახსოვროების მონაცემებთან.

პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არც საერთო ფორმის აქტები და არც სამახსოვროები არ შეიცავდა მონაცემებს იმის შესახებ თუ თითოეულ შემთხვევაში, როდის მოხდა შპს „ჯ-ისათვის“ ტვირთის მიღების შესახებ შეტყობინების განხორციელება.

ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოპასუხის მხრიდან ვაგონების მოცდენის ფაქტი. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, აპელანტი მხარე მოპასუხის მხრიდან ვაგონების მოცდენის შესახებ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ძირითადად მიუთითებდა დარიცხვის აქტზე. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი სამახსოვროების და საერთო ფორმის აქტების მონაცემების ურთიერთშეჯერება და ანალიზი არ იძლეოდა ცალსახა დასკვნის გაკეთების საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო პერიოდის განმავლობაში ვაგონები მოპასუხის მიზეზით მოცდნენ, ხოლო რაც, შეეხება დარიცხვის აქტზე აპელირებას, პალატამ მიიჩნია, რომ დარიცხვის აქტიც ემყარებოდა ზემოაღნიშნულ იმავე სამახსოვროებისა და საერთო ფორმის აქტის მონაცემებს და, ამდენად, არ არსებობდა არც მისი გაზიარების საფუძველი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სასამართლომ სამარტლებრივად სწორად შეაფასა მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 22.7–ე; 23.1–ე; 25.5; 44.2.–ე მუხლებით, ასევე სარკინიგზო კოდექსის 52–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნორმებზე მითითებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა მოპასუხის – შპს „ჯ-ის“ მხრიდან ვაგონების მოცდენის შესახებ ფაქტობრივი გარემოება, სარჩელი მართებულად მიიჩნია უსაფუძვლოდ.

სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 317.1-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ის გარეოება, რომ ვაგონების მოცდენა შპს „ჯ-ის“ მიზეზით მოხდა, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებისნ მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის აზრით, საქმეში არსებობდა წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო გადაზიდული ტვირთის მიღება და ვაგონების დაცლა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შპს „ჯ-ის“ მხრიდან ვაგონების მოცდენას ადგილი არ ჰქონია.

კასატორის აზრით, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ურთიერთობა, სასამართლოს დავის გადაწყვეტისას, გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708 მუხლებისა, უნდა გამოეყენებინა საქართველოს სარკინიგზო კოდექსი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ივლისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად

2. კასატორ სს „ს. რ-ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 26 ივნისს, №554 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი