Facebook Twitter

საქმე №ას-1035-970-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის მიმართ მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2010 წლის 13 სექტემბრის N12-11 ბრძანების ბათილად ცნობის, ამ ბრძანებით შეწყვეტილი ხელშეკრულებით დაკავებულ თანამდებობაზე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგად მოსარჩელის აღდგენის, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის 2010 წლის 13 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 1195,50 ლარის ანაზღაურების, 2011 წლის 1 იანვრისათვის არსებული იძულებითი განაცდურის - 3579 ლარის, ხოლო 2011 წლის 1 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, დაყოვნებული თანხის - 3579 ლარის 0,07%-ის დაკისრების, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლის 2010 წლის 1 სექტემბრის N17 ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და სოფელ დ-ის საჯარო სკოლისათვის 2010 წლის 1 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 63,48 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამის „კვალიფიციური მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობით დასახელებულ რეგიონების სკოლებში“ გამარჯვებული და მონაწილე პედაგოგია, 2009 წლის 27 აგვისტოდან 2010 წლის 13 სექტემბრამდე მუშაობდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში. მოსარჩელე, მისი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით, განაწილების შედეგად მოხვდა სოფელ დარბაზის საჯარო სკოლაში. კოორდინატორის მითითებით, მოსარჩელემ გადაწყვიტა კომპიუტერის შესწავლა, რამაც განაპირობა კონფლიქტური სიტუაცია მას და სკოლის დირექტორს შორის. პროგრამის კოორდინატორის მითითებით, დახმარებისათვის მოსარჩელემ მიმართა ბოლნისის რესურსცენტრს, თუმცა, დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ფაქტების არასწორი შეფასებისა და კოორდინატორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2010 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით გათავისუფლდა სამსახურიდან.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით მოითხოვა:

მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ სამუშაოდან მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი მის მიერ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული ხელშეკრულების სისტემატური დარღვევა გახდა, ამასთან, რადგანაც არ არსებობდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, ასევე არ არსებობდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.

წარმოდგენილი სარჩელი ასევე არ ცნო ბოლნისის რაიონის სოფელ დ-ის საჯარო სკოლამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მაისის განჩინებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 27 აგვისტოდან 2010 წლის 13 სექტემბრამდე ლ. მ-ი იყო მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო პროგრამის - „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში-ს“ მონაწილე, რომელიც ამ პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად მივლენილ იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლაში, მოპასუხე ცენტრის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-ის საჯარო სკოლაში განაწილებული ლ. მ-ი, ამ სკოლის დირექტორის 2009 წლის 1 სექტემბრის N21 ბრძანებით დაინიშნა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და მას მიეცა 3 საგაკვეთილო საათი (კვირაში) მე-12 კლასში. ლ. მ-ის, როგორც მოპასუხე სკოლის პედაგოგის, ყოველთვიური ხელფასი (დარიცხული) შეადგენდა 63,48 ლარს. სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ლ. მ-ს, როგორც პროგრამის მონაწილეს შორის 2009 წლის 27 აგვისტოს (4 თვის ვადით), 2010 წლის 1 იანვარს (6 თვის ვადით) და 2010 წლის 1 ივლისს (6 თვის ვადით) გაფორმდა (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ) ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ლ. მ-მა ივალდებულა, შეესრულებინა შემდეგი მომსახურება:

1. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში, სახელდობრ, ბოლნისის, დ-ის საჯარო სკოლებში და, საჭიროებისამებრ, მიმდებარე სოფლების სკოლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების ჩატარება (არანაკლებ 18 საათი კვირაში): თავისუფალი საათების შემთხვევაში, როგორც პედაგოგს, სხვა შემთხვევაში - პედაგოგთან ერთად.

2. ქართული ენის კლუბის შექმნა; კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო მასალების ჩამონათვალის მომზადება, რომლებიც შემსყიდველს (ცენტრს) უნდა წარედგინოს მომსახურების გაწევის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში.

3. სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება შემსყიდველთან შეთანხმებით წინასწარ მომზადებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, სამოქმედო გეგმის შემუშავება.

4. მომსახურების სახეებისათვის - ქართული ენის კლუბის ფუნქციონირებისა და მასწავლებელთა ტრენინგებისათვის კვირაში არანაკლებ 12 საათის დათმობა, ხოლო ამ საათების განაწილების განხორციელება შემსყიდველთან (ცენტრთან) შეთანხმებით;

5. ზემოჩამოთვლილი მომსახურების გაწევისათვის არანაკლებ 30 საათის გამოყოფა; ამავე დროს მასწავლებლის ყოველკვირეული სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს სრული დატვირთვის მასწავლებლისათვის გათვალისწინებულ 36 საათს.

6. კონკრეტულ რეგიონში მცხოვრებ უმცირესობათა ენის შესწავლა.

7. პერიოდული ანგარიშების მომზადება და წარდგენა შემსყიდველის (ცენტრის) წარმომადგენლისათვის, რომელიც ზედამხედველობს ამ ხელშეკრულებით და მისი დანართებით განსაზღვრული პირობების შესრულებას.

მოპასუხე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და მოსარჩელე ლ. მ-ს შორის 2010 წლის 1 ივლისს დადებული ხელშეკრულება შეწყდა მოპასუხის მიერ 2010 წლის 13 სექტემბერს გამოცემული N12-11 ბრძანების საფუძველზე. სადავო ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დებულების“ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დ-ის საჯარო სკოლის დირექტორის 2010 წლის 1 სექტემბრის N17 ბრძანებით, ლ. მ-ი გათავისუფლდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თანამდებობიდან. სადავო ბრძანებაში, მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია კოლექტივში კონფლიქტის შექმნა, შიდასასკოლო დისციპლინის დარღვევა. სადავოს წარმოადგენდა ლ. მ-ი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან 2010 წლის 1 ივლისს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა თუ არა ჯეროვნად და როგორც დარბაზის საჯარო სკოლის პედაგოგი, ასრულებდა თუ არა დამსაქმებელ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დარბაზის საჯარო სკოლის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას – მე-12 კლასში ქართული ენასა და ლიტერატურაში მისთვის გამოყოფილი 3 საათის ჩატარებას ყოველკვირეულად. სასამართლოს მითითებით, ლ. მ-ი სადავო ბრძანებების ბათილობას მის მიერ 2010 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების, ასევე დარბაზის საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას უკავშირებდა და ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითებდა სარჩელზე დართულ დოკუმენტებზე, საკლასო ჟურნალსა და მოწმეების: გ. გ-ის, ე. ხ-ისა და დ. ბ-ის ჩვენებებზე. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ არც სარჩელზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, საკლასო ჟურნალის ჩანაწერები და არც თავად მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენება არ შეიცავდა საკმარის მონაცემებს ლ. მ-ის მიერ 2010 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შესახებ. მოწმეების: გ. გ-ისა და ე. ხ-ის ჩვენებით დასტურდებოდა, სკოლაში გამოცხადებისას ლ. მ-ის მიერ დაახლოებით 5 საათის დათმობა ერთობლივი გაკვეთილის, ასევე კუთვნილი გაკვეთილის ჩასატარებლად, თუმცა, მოსარჩელის მიერვე მოწვეულმა მოწმეებმა დაადასტურეს ლ. მ-ის მიერ მუშაობის დაწყებიდან პირველი სამი თვის შემდეგ (2009 წლის დეკემბრიდან) გაკვეთილების სისტემატური გაცდენის ფაქტი, ასევე ის, რომ მოსარჩელე საერთოდ არ ჩადიოდა დარბაზის საჯარო სკოლაში გაკვეთილების ჩასატარებლად, რის გამოც პირადად მათ უხდებოდათ ლ. მ-ის კუთვნილი გაკვეთილების ჩატარება. სასამართლომ მიუთითა გ. გ-ის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც ლ. მ-ი მას პირადად უკავშირდებოდა იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ვერ ახერხებდა დ-ის საჯარო სკოლაში ჩასვლას და მას აყენებდა საქმის კურსში აღნიშნულთან დაკავშირებით. პალატის მითითებით, გ. გ-ისა და ე. ხ-ის ჩვენება შეესაბამება სკოლის დირექტორ მ. გ-ის ახსნა–განმარტებას 2009 წლის ნოემბრის ბოლოდან ლ. მ-ის მიერ გაკვეთილების სისტემატურად გაცდენისა და მის ნაცვლად მე-12 კლასში სამი გაკვეთილის სხვა მასწავლებლების მიერ ჩატარების შესახებ. გ. გ-ისა და ე. ხ-ის ჩვენების ის ეპიზოდი, რითიც დასტურდებოდა ლ. მ-ის მიერ გაკვეთილების გაცდენა, მოსარჩელის მიერ საპირისპირო მტკიცებულებით შედავებული არ ყოფილა (ლ.მ. უშუალოდ ესწრებოდა მოწმეთა დაკითხვის პროცესს). პალატამ ასევე მიუთითა მოწმე დ. ბ-ის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც ლ. მ-ი კვირაში ერთ დღეს, ხუთშაბათობით ხუთსაათიან გაკვეთილებს ატარებდა სოფელ ხ-ის სკოლაში. პალატის მოსაზრებით, გ. გ-ის, ე. ხ-ის და დ. ბ-ის ჩვენებებისა და საკლასო ჟურნალის მონაცემების შესაბამისად, ლ. მ-ი მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა პალატამ აღნიშნული არ მიიჩნია საკმარისად მოსარჩელის პოზიციის გაზიარებისათვის, რომ 2010 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა ჯეროვნად და, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს არ გააჩნდა ამ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი. პალატამ მიუთითა დასახელებული ხელშეკრულების დანართ 1-ზე, რომლის მიხედვითაც ლ. მ-ი ვალდებული იყო, ამ ხელშეკრულების ფარგლებში ჩაეტარებინა კვირაში 30 საათი, საიდანაც 18 საათი უნდა დათმობოდა უშუალოდ საგაკვეთილო საათებს მოსწავლეებთან, ხოლო 12 საათი ქართული ენის მასწავლებლებთან, ასევე ადგილობრივ თემთან მუშაობას. ლ. მ-ი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ქართული ენის კლუბის ფუნქციონირება, უზრუნველეყო შემსყიდველთან შეთანხმებით, წინასწარ მომზადებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით სკოლებში დასაქმებულ მასწავლებელთა ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება, რის შესრულების ფაქტიც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. გარდა აღნიშნულისა, პალატამ ასევე მიუთითა მოწმე ჭ-ის ჩვენებაზე, რომლითაც დასტურდებოდა ლ. მ-ის მიერ დ-ის საჯარო სკოლაში 18-საათიანი დატვირთვით მუშაობაზე უარის თქმა, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა ლ.მ-ის, როგორც შემსრულებელის მიერ შემსყიდველისათვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისი უნაკლო შესყიდვის საგანის მიუწოდებლობის შესახებ.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასება და მიიჩნია, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ლ. მ-ს შორის 2010 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებით წარმოიშვა არა შრომითი, არამედ მომსახურების გაწევის სამართლებრივი ურთიერთობა და, ხელშეკრულების მე-8 მუხლის თანახმად, მხარეებმა წინასწარ შეათანხმეს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. სასამართლოს მოსაზრებით, ლ. მ-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (დანართი 1) შესაბამისად, მომსახურების განუხორციელებლობისა და გაკვეთილების სისტემატური გაცდენის პირობებში კონტრაჰენტი – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, როგორც მომსახურების მიმღები, 2010 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების მე-8 მუხლიდან გამომდინარე, უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად და ვადამდე შეეწყვიტა ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა. სასამართლომ ასევე მიუთითა სოფელ დარბაზის საჯარო სკოლასა და ლ. მ-ს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობაზე, რომელიც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამის მიზნებიდან გამომდინარეობდა, თუმცა სკოლასთან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დამოუკიდებელი ურთიერთობა იყო და 2010 წლის 1 ივლისის ხელშეკრულების შეწყვეტა ავტომატურად ვერ გამოიწვევდა სოფელ დ-ის საჯარო სკოლასა და ლ. მ-ს შორის წარმოშობილი შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 მუხლით, პირველი მუხლის პირველი ნაწილით და, რამდენადაც დავა ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარმოშობილი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა, მიიჩნია, რომ მასზე სპეციალური - „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული მოწესრიგება უნდა გავრცელებულიყო. შეფასების საგანს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემისა და მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი. პალატის განმარტებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, პედაგოგიური საქმიანობა არის მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა, რაც პირველ რიგში გაკვეთილის ჩატარებას ნიშნავს. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან დირექტორის მიერ სადავო ბრძანების მიღებასა და ლ. მ-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას წინ უძღოდა მოსარჩელის, როგორც სკოლის მასწავლებლის მიერ გარკვეული ქმედებების განხორციელება (რომელთა შედეგადაც ლ. მ-ი გათავისუფლდა მასწავლებლის თანამდებობიდან), დამსაქმებელი, როგორც სასწავლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პირი, უფლებამოსილი იყო, მიეღო სამსახურიდან დასაქმებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანება, აღნიშნული კი გამორიცხავდა სარჩელის როგორც ბრძანების ბათილად ცნობის, ისე განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 383-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 225-ე მუხლის ნაწილი, კერძოდ, სასამართლომ 2012 წლის 2 აპრილის სხდომა გადადო სხვა დროისათვის იმ მოტივით, რომ ვერ მოესწრო მტკიცებულებათა მხარეთა დასწრებით გამოკვლევა, ხოლო ახალ სასამართლო სხდომაზე, 2012 წლის 21 მაისს, ნაცვლად მტკიცებულებათა გამოკვლევისა, გამოაცხადა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. პალატამ განჩინების ფაქტობრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა მოწმეთა ჩვენებითა და სარჩელზე დართული მტკიცებულებებით, რის შედეგადაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შესახებ. აღნიშნულით სასამართლომ აპელანტს არ მისცა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა, წარედგინა სასამართლოსათვის მისი პოზიცია სადავო მტკიცებულებების თაობაზე და ამ მტკიცებულებათა ცალმხრივი შეფასების გზით მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, განჩინების დასაბუთებაში აღნიშნული მტკიცებულებები არ წარმოადგენს გამოკვლეულს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. სასამართლოს მტკიცებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა კონტრაქტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, შესაბამისად, დამსაქმებლისა და ცენტრის მიერ არასრულყოფილი შესრულება იქნა მიღებული. საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2010 წლის 1 ივლისამდე კასატორისათვის რაიმე გაფრთხილება ან საყვედური მიცემული არ ყოფილა ვალდებულების დარღვევის გამო. 2010 წლის 1 სექტემბრისათვის სასწავლო პროცესი დაწყებული არ ყოფილა და იმის გამო, რომ კასატორმა მოითხოვა კომპიუტერული კლასის ამოქმედება, საპასუხოდ ის გათავისუფლდა სამსახურიდან, აღნიშნულით დასტურდება, რომ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ფიზიკურად არ არსებობდა ლ.მ-ის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფრთხე და სასამართლოს მხრიდან მთავარი აქცენტი წარსულ პერიოდზე გაკეთდა, რაც გავლენას ვერ მოახდენს სამომავლო ურთიერთობაზე, ხოლო 2010 წლის 1 ივლისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლ.მ-ის მიერ რაიმე ვალდებულების დარღვევის ფაქტი გადაწყვეტილებით დადგენილი არ არის. კასატორი დაეთანხმა გასაჩივრებული განჩინებით უდავოდ მიჩნეულ გარემოებებს, ამასთან, მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის ინტერესების დამცველი ადვოკატების დაჯარიმებაზე, რაც, მისი მოსაზრებით, კანონსაწინააღმდეგოდ განხორციელდა. სადავო გარემოებას წარმოადგენდა კასატორის მიერ 2010 წლის 1 ივლისის ხელშეკრულებისა და სოფელ დ-ის საჯარო სკოლის მიმართ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, კერძოდ, მე-12 კლასში ლ.მ-ისათვის გამოყოფილი 3-საათიანი დატვირთვით გაკვეთილების ყოველკვირეულად ჩატარება, საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლ.მ-ის მიერ ვალდებულების დარღვევის დადასტურების მიზნით სასამართლო მიუთითებს მხოლოდ მოწმე ჭ-ის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც დასაქმებულმა უარი განაცხადა სკოლის დირექტორის შეთავაზებაზე 3 საათის ნაცვლად ემუშავა 18-საათიანი დატვირთვით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი 18-საათიანი დატვირთვით ისედაც მუშაობდა, სკოლის დირექტორის შეთავაზების განხილვა უნდა მომხდარიყო სექტემბერში სკოლის კათედრაზე, რომლის ჩატარების შესაძლებლობაც ლ.მ-ს აღარ მიეცა, ხოლო სასამართლოს მიერ მოხმობილი მოწმის ზემოაღნიშნული ჩვენება ადასტურებს დირექტორის კმაყოფილებას ლ.მ-ის მუშაობის მიმართ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული კასატორის მიერ ხელშეკრულების დადებიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მისი პირობების დარღვევა როგორც პროფესიული განათლების ცენტრის, ისე სოფელ დ-ის საჯარო სკოლის მიმართ. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მოსარჩელის ინიციატივით იყვნენ მოწვეული და სათანადოდ ვერ ფლობდნენ ქართულ ენას, სასამართლომ ასევე არ მისცა შეფასება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორიცაა: საკლასო ჟურნალი, დირექტორის შუალედური მოხსენება, სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სამადლობელი წერილი, სასამართლომ ასევე არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრით სადავოდ მიჩნეულ გარემოებაზე, რომ ლ. მ-ი სამუშაოდან გათავისუფლდა სკოლის დირექტორის N17 ბრძანებით, ხოლო მას ეცნობა, რომ გათავისუფლდა 2010 წლის N6 ბრძანებით. სასამართლოს მიერ ასევე არასწორად იქნა შეფასებული პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ კასატორთან ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერება, ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ცენტრის პრეტენზიები ემყარება, ეთნიკური უმცირესობების კოორდინატორის მოხსენებითი ბარათია, რომელიც ლ.მ-ის გათავისუფლების შემდეგაა შედგენილი და არ ასახავს არსებულ რეალობას, იგი ემყარება მხოლოდ კოორდინატორის განმარტებებს და რაიმე მტკიცებულებით არ არის განმტკიცებული, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობის საწინააღმდეგო შემდეგ მტკიცებულებებზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის წერილზე, ორგანიზაცია „კ.-ხ-ის“ ცნობა-დახასიათებაზე, თავად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ სერტიფიკატზე ლ.მ-ის მიერ ქართული ენის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდისა და ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის პროგრამაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 ივლისის განჩინებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო ბრძანებების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში ლ. მ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ნ-ის მიერ 2012 წლის 19 ივლისს №147 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. ლ. მ-ს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ნ-ის მიერ 2012 წლის 19 ივლისს №147 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე