Facebook Twitter

საქმე №ას-1038-973-2012 15 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ჟ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ნ.ბ–ის ს.ქ.ს.ი.მ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, საატესტაციო-საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ჟ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „ნ.ბ–ის ს.ქ.ს.ი.მ–ს“ მიმართ და მოითხოვა შემდეგი: მუზეუმის დირექტორ ო.ლ-ს 2012 წლის 3 იანვრის N12 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 28 იანვრის განკარგულების თანახმად შექმნილი ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის სახელფასო პროგრამის შესაბამისად, 2008 წლის იანვრიდან ყოველთვიური ხელფასის ოდენობად 260 ლარის განსაზღვრა, 2010 წლის იანვრიდან მიუღებელი ხელფასის - 4440 ლარის ანაზღაურება, სსიპ „ნ.ბ–ის ს–ის ქ. ს. ი. მ–ის“ 2012 წლის 3 იანვრის საატესტაციო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემფასებელი კომისიის N1 სხდომის ოქმის, ატესტაცია-ანგარიშგების ჩატარების შესახებ დირექტორ ო.ლ-ს 2011 წლის 14 ნოემბრის N88 ბრძანებისა და მისი ოთხი დანართის, მ. ჟ-ის ნაწილში 2011 წლის 30 ნოემბერს 25 თანამშრომლის მიმართ შედგენილი დანართი N4-ის, სსიპ „ნ.ბ–ის ს.ქ.ს.ი.მ–“ სამეცნიერო საბჭოს 2011 წლის 26 დეკემბრის სხდომის N1 ოქმის (მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა 2011 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშგება-ატესტაციის შედეგების განხილვის შესახებ), სასტიკი საყვედურისა და უკანასკნელი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ამავე მუზეუმის დირექტორის 2009 წლის 20 მარტის N17 ბრძანების, მოსარჩელის 0,5 საშტატო განაკვეთზე გადაყვანის შესახებ დირექტორის 2009 წლის 30 დეკემბრის N75 ბრძანების, თამნამშრომელთა მიმართ ატესტაციის გამოცხადების შესახებ 2008 წლის 6 ნოემბრის N65 ბრძანების, ატესტაცია-ანგარიშგების შესახებ 2010 წლის 12 ნოემბრის N68 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხე მუზეუმის დირექტორ ო.ლ-ს დავალდებულება, მ.ჟ-ის შელახული მორალური ღირსების აღდგენის მიზნით მასმედიისა და ტელევიზიის მეშვეობით წერილობით შედგენილი ბრძანებებისა და ოქმების უარყოფა, ბოდიშის მოხდა, სამუშაოზე აღდგენა და საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო სამართლით დადგენილი უფლებებისა და ღირსების შემლახველი ქმედების შეწყვეტა.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 1983 წლის 20 ოქტომბრიდან მ.ჟ-ი მუშაობდა ქუთაისის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მეცნიერ მუშაკად. 2008 წლიდან დაინიშნა ფონდის მცველად არქეოლოგიის განყოფილებაში, მისი სახელფასო განაკვეთი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, განისაზღვრა 260 ლარით. 2008 წლის 16 აპრილს მუზეუმის დირექტორად დაინიშნა ო. ლ-ა, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არღვევდა მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, 2006-2007 წლებში განხორციელებული რეფორმებისა და რეორგანიზაციის პირობებში არსებობდა ფონდის მცველის თანამდებობა, თუმცა ახალმა დირექტორმა თვითნებურად დააკომპლექტა კადრები, რის შედეგადაც მოხდა ხელფასების შემცირება, ასევე თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა. 2009 წლის 30 დეკემბრიდან მ.ჟ-ი გადაყვანილ იქნა 0,5 საშტატო განაკვეთზე და ხელფასი განესაზღვრა 75 ლარით. მუზეუმის დირექტორმა უკანონოდ შემოიღო ანგარიშგება-ატესტაცია, რა დროსაც თანამშრომელთა ინფორმირების აუცილებლობა არ ყოფილა დაცული, რასაც აკრიტიკებდა მოსარჩელე, სწორედ აღნიშნული გახდა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის, სადავო ბრძანებების მიღებისა და მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობა, რადგანაც მ.ჟ-ის სამსახურიდან დათხოვნა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო განხორციელდა. ის არ აკმაყოფილებდა მუზეუმის მუშაკის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რის გამოც მასთან ახალი ხელშეკრულება აღარ გაფორმებულა, შესაბამისად, არ არსებობს არც სხვა სასარჩელო მოთხოვნების გაზიარებისა და მათი დაკმაყოფილების წინაპირობები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მაისის განჩინებით მ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჟ-ი 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე, სსიპ „ნ.ბ–ის ს.ქ.ს.ი.მ–ს“ დირექტორთან გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, როგორც მოწვეული თანამშრომელი, დასაქმებული იყო მუზეუმის კოლექციების მცველის ტექნიკური ასისტენტის 1.0 საშტატო ერთეულზე. ხელშეკრულებით განსაზღვრული ხელფასის ოდენობა 260 ლარი იყო. 2009 წლის 30 დეკემბრის №75 ბრძანებით, არქეოლოგიური კოლექციების ტექნიკური ასისტენტი მ. ჟ-ი 1.0 საშტატო ერთეულიდან გადაყვანილ იქნა მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის 0.5 საშტატო ერთეულზე. ხელფასის ოდენობად განესაზღვრა 75 ლარი. მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის 0.5 საშტატო ერთეულზე მ.ჟ-ი დასაქმებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის ვადა ამოიწურა 2011 წლის 31 დეკემბერს. პალატა არ დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას, რომ მოსარჩელე საჯარო მოსამსახურე იყო, მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და დავის განხილვის დროს სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქმე გადაეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამ მიმართები პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მ.ჟ-ი არ წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და, შესაბამისად, მისი გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო შრომის კოდექსით დადგენილი ნორმები და პროცედურა. სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურის ცნებაზე, პალატის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ თანახმად, საჯარო თანამდებობათა ნუსხა, საჯარო მოხელეების რანგირება, საჯარო მოხელეთათვის კიდევ ერთი ნორმატიული დადასტურებაა სტატუსთან მიმართებაში. მუზეუმის კოლექციების მცველის ტექნიკური ასისტენტი და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტი, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად, მითითებული თანამდებობა ვერ იქნება განხილული საჯარო სამსახურად. აღნიშნული მსჯელობის გთვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელე საჯარო მოხელეს არ წარმოადგენდა და სამუშაოდან გათავისუფლების დროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების გამოყენება მის მიმართ არ დაიშვებოდა. პალატის განმარტებით, შრომითი ურთიერთობა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კერძოსამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს. თუკი კანონმდებლობით ეს ურთიერთობა მოწესრიგებული არ არის საჯარო შრომით-სამართლებრივი ნორმატიული აქტით - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასეთ შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება შრომის კოდექსით. სასამართლოს მითითებით, თუ პირი საჯარო მოსამსახურეს არ წარმოადგენს, მისი სამსახურში მიღება (დანიშვნა) ხდება შრომის კოდექსის საფუძველზე და სწორედ მითითებული კერძოსამართლებრივი ნორმატიული აქტი არეგულირებს მისი სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების პირობებს. ამდენად, პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას, რომ მ.ჟ-ის სამუშაოდან გათავისუფლებისა და სამუშაოზე აღდგენის საკითხის განხილვისას მართებულად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის ნორმებით. პალატამ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნა, რომ მუზეუმის დირექტორი სხვა სუბიექტებთან ურთიერთობაში წარმოადგენს მუზეუმს, ამიტომ იგი დებულებით უფლებამოსილია მართოს მუზეუმი და, მუზეუმის ინტერესიდან გამომდინარე, დადოს შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, 2011 წლის 1 იანვარს მხარეთა შორის დადებული შრომითი ურთიერთობა განისაზღვრა გარკვეული ვადით - 2010 წლის 30 დეკემბრამდე, რაც გულისხმობდა შრომითი ურთიერთობის სახელშეკრულებო ვადით შებოჭვას, რომელიც 2011 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა, შემდგომი შრომითი ურთიერთობა კი მხარეთა ნებაზე იყო დამოკიდებული. შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხის გარკვევის მიზნით, მოპასუხემ ჩაატარა გასული პერიოდის ანგარიშების მოსმენა, ასევე ატესტაცია და სათათბირო ორგანოსთან თათბირის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, მოსარჩელესთან აღარ გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა, რის უფლებასაც მას, როგორც შრომის კოდექსი, ასევე მუზეუმის დებულება აძლევდა. მოპასუხეს უფლება ჰქონდა, ატესტაციის ჩატარების გარეშეც აღარ გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა, რადგანაც მათ აკავშირებდათ ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2011 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე იყო უსაფუძვლო, ამასთან, ვინაიდან, უსაფუძვლო იყო სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, ასევე უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-4 მუხლსა და 103-ე მუხლზე და მტკიცებულებათა წარუდგენლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაეთანხმა აპელანტის მსჯელობას, დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციისა და შეზღუდვების თაობაზე, რომ დირექტორი უკრძალავდა თანამშრომლებთან ურთიერთობას, ციფრული აპარატით მუშაობას, არ აძლევდა თვითრეალიზაციისა და სხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, არ იზიარებდა მოსარჩელის არც ერთ, მათ შორის წერილობით წარდგენილ თხოვნას. პალატის მითითებით, აპელანტს ასევე არ წარუდგენია მოწმის სახით დაკითხული დ. ბ-ის ჩვენების უარმყოფელი მტკიცებულება, რომლითაც დგინდებოდა, რომ მ. ჟ-მა დაარღვია მუზეუმის შინაგანაწესით განსაზღვრული ქცევის წესები და მაგიდის გატანასთან დაკავშირებით ეკამათა თანამშრომლებს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია პირის პირადი არაქონებრივი უფლებები და დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ატესტაცია-ანგარიშგების ჩატარების შესახებ სსიპ „ნ.ბ–ის ს.ქ.ს.ი.მ–ს“ დირექტორ ო.ლ-ს ბრძანებების, ატესტაციის შედეგებზე განცხადების ფორმა-დანართების, 2012 წლის 3 იანვრის საატესტაციო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემფასებელი კომისიის სხდომის №1 ოქმისა და სამეცნიერო საბჭოს 2011 წლის 26 დეკემბრის სხდომის №1 ოქმის შედგენით მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტის დაუდასტურებლობის თაობაზე. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, მ.ჟ-ს არ წარუდგენია ამ აქტებში დაფიქსირებული ინფორმაციისა და ფაქტების უსწორობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ივარაუდება, რომ მუზეუმის მხრიდან მ. ჟ-ნის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჟ-მა, მოთხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორად აღნიშნა, რომ მოპასუხე დირექტორმა ატესტაცია-ანგარიშგება კანონის მოთხოვნის შესაბამისად ჩაატარა, აღნიშნული დასკვნის საფუძვლად სასამართლოს არ მიუთითებია სამართლებრივი ნორმა, გარდა მუზეუმის შიდა აქტებისა, რომელიც უფლებას აძლევდა დამსაქმებელს ზემოაღნიშნულის განხორციელებაზე. საჯარო სამსახურში დანიშვნის წესს არეგულირებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ხოლო კონკურსის ჩატარების წესი განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შესაბამისად, ო.ლ-ა ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა ზემოაღნიშნული აქტებით და არა უკანონო ბრძანებებით. მნიშვნელოვანია, რომ კასატორი საჯარო მოსამსახურე არ არის, რის გამოც მისთვის ატესტაცია-ანგარიშგების ჩატარებას კანონი არ ითვალისწინებდა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, დირექტორი ვალდებული იყო, ეხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის აქტით. გაუგებარია, სასამართლომ რა საფუძვლით მიანიჭა ატესტაციის ჩატარების უფლება მოპასუხეს, ასეთს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სადავო ქმედების განხორციელებით ო.ლ-მ გადაამეტა მის უფლებამოსილებას. სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად დაურთო მოპასუხის მიერ შედგენილი დოკუმენტები, თუმცა მას არ გაუკვლევია მუზეუმში 2008-2012 წლებში ჩატარებული ატესტაციის კანონთან შესაბამისობა, მისი ჩატარების მართლზომიერება და მხოლოდ ატესტაციის დანიშვნის გამო კანონიერად ჩათვალა სადავო გარემოებები და მტკიცებულებათა შეფასების გარეშე მიიღო მოპასუხის სასარგებლო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორია სამუშაოდან გათავისუფლების საკითხის ნაწილშიც, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვა იყო, სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა საქმეში წარმოდგენილი კასატორის კვალიფიციურობის დამადასტურებელი მტკიცებულებებისათვის და ის არაკვალიფიციურად არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, თავად შეეფასებინა მ.ჟ-ის კვალიფიციურობა, რადგანაც ამ საკითხის კვლევა კომპლექსური ექსპერტიზის კომპეტენციას წარმოადგენდა, სასამართლოს მსჯელობა კი, კასატორის ღირსების შემლახველია. მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებაში სასამართლო ხშირად იშველიებს ანალოგიას და არაერთგან მიუთითებს, რომ კანონი სადავო საკითხს არ არეგულირებს და აღნიშნულს თავად სასამართლო განმარტავს, მას ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია, მით უმეტეს, არ გააჩნია კანონის მხოლოდ ცალმხრივად იმგვარად განმარტების უფლება, რომ მოდავე მხარეთაგან მხოლოდ ერთს მიენიჭოს უფლებები. მ.ჟ-მა სარჩელი ადმინისტრაციულ კოლეგიაში წარადგინა, სასამართლომ კი საკუთარი ინიციატივით გადასცა ის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელე საჯარო მოხელეს არ წარმოადგენდა, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია დავის განსჯადობის წესი, ამასთანავე, საქმის სამოქალაქო წესით განხილვით მიიღო კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს 100%-იანი დაფინანსების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორი, რომელიც საჯარო თანამდებობის პირია და მას თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ბრძანების მიღებისას არ ხელმძღვანელობს საჯარო კანონმდებლობით და მისი ბრძანებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლებს. სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია და სათანადო შეფასება არ მიუცია საქმის იმ მასალებისათვის, რომელთა საფუძველზეც მხარე მორალური უფლების დარღვევას ადასტურებდა, ეს მტკიცებულებები წარდგენილ იქნა ასევე საგაზეთო სტატიების სახით, სადაც უტყუარადაა ასახული ო.ლ-ს მიერ მ.ჟ-ის უფლების დარღვევა, სასამართლომ, ყოველგვარი კვლევის გარეშე მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია მოსარჩელის ეს უფლება. საყურადღებოა, რომ ქუთაისის მუზეუმის საქმიანობა არაკვალიფიციურად ხორციელდება, ზიანდება სამუზეუმო ექსპონატები, რაც დასტურდება საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებებით, რომელთა საქმის განხილვის ეტაპზე მოპოვება ვერ შეძლო მოსარჩელემ, ამასთანავე, დირექტორი მის მიმართ ახორციელებდა დისკრიმინაციას, მან, კანონის გვერდის ავლით, მუზეუმის თითქმის 60-ზე მეტ თანამშრომელთაგან მხოლოდ 26 თანამშრომლის, მათ შორის კასატორის მიმართ დააწესა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება. აღნიშნული კი, თავისთავად მიანიშნებს დისკრიმინაციაზე. კასატორის განმარტებით, თავად დისკრიმინაციის ფაქტს ადასტურებს ასევე საკასაციო საჩივარზე დართული სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის ასლი, რომლის მოპოვებაც ასევე არ იყო მისთვის ხელმისაწვდომი. კასატორმა მიუთითა სარჩელში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებზე და აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნებთან მიმართებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ასევე შეუძლებელია მისი იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება, რადგანაც სასამართლო ეყრდნობა მხოლოდ მუზეუმის დებულებას, რომელიც სამართლებრივად კანონზე დაბალი იერარქიის მქონე აქტია, თუმცა არც ამ დებულებაშია აღნიშნული დირექტორის უფლებამოსილება, თვითნებურად ჩაატაროს უკანონო ატესტაცია-ანგარიშგება. კასატორმა ასევე მიუთითა მის მიერ სარჩელში აღნიშნულ მოცემული დავის ფაქტობრივ გარემოებებსა და მის ოჯახურ მდგომარეობაზე და განმარტა, რომ სასამართლოს საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განეხილა, აღნიშნულის გათვალისწინებით არასწორად არ იქნა გამოყენებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობისა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას შორის შეთანხმება, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და „იუნესკო-ს“ შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების შესახებ, საერთაშორის პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, კონვენცია კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საქართველოს კულტურის მინისტრის 2006 წლის 20 თებერვლის N3/39 ბრძანება, რომლის 17.3 პუნქტითაც განსაზღვრულია სამსახურში გარკვეული ვადით მიღებული მოხელის გათავისუფლება ატესტაციისაგან. სასამართლომ სწორად ვერ გაარკვია მოსარჩელის სამსახურებრივი სტატუსი, მაშინ, როდესაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტით, მე-4 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებითა და მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითაა რეგულირებული. საყურადღებოა, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც გაბათილდებოდა სარჩელში მითითებული გარემოებები, აღნიშნული მისი მტკიცების საგანი იყო, კერძოდ, მან ვერ მიუთითა ჩატარებული ატესტაცია-ანგარიშგება-კონკურსის კანონიერების დამადასტურებელი საფუძველი, ამ კუთხით ვერ მიუთითა ნორმატიულ აქტზე, ასევე ვერ განმარტა თავად განხორციელებული ღონისძიების დასახელება, რაც გადმოცემულია ო. ლ-ს მიერ გამოცემულ 2011 წლის 14 ნოემბრის N88, ასევე 2010 წლის 12 ნოემბრის N68 ბრძანებებში. საქმეში წარმოდგენილი საატესტაციო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემფასებელი კომისიის სხდომის შესახებ 2012 წლის 3 იანვრის N1 ოქმი ცხადყოფს, რომ კონკურსი მუზეუმში არ ჩატარებულა, კომისიამ თავისი შეხედულებით, ყოველგვარი მტკიცებულების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესახებ, რისი უფლებამოსილებაც კომისიას არ გააჩნდა. საქმეში ასევე არ მოიპოვება საკონკურსო პირობებისა და ტესტების არსებობის ამსახველი მტკიცებულებები, რაც სადავო ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნათა მართებულობას. საყურადღებოა, რომ, თუ კასატორის, როგორც არასაჯარო მოხელის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას შრომის კოდექსი, მაშინ ეს კანონი კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ამასთან, ვინაიდან მ.ჟ-ი საჯარო თანამდებობის პირი არ არის, არ შეიძლება მის მიმართ გამოყენებულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც კონკურსის ჩატარებას ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების და არა ამ თანამდებობიდან გათავისუფლების გამო. კასატორის მითითებით, მოპასუხე მუზეუმის დირექტორი ერთდროულად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რაც ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. საყურადღებოა, რომ უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გამოყენება სამუზეუმო საქმიანობის მიმართ დაუშვებელია, ვინაიდან ასეთს მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს, ამ თვალსაზრისით საყურადღებოა 2010 წლის 24 ნოემბრის N1 ოქმი, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ შიდა კონკურსი მხოლოდ დირექტორ ო.ლ-ს კეთილი ნების საფუძველზე გამოცხადდა და მას რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, ო.ლ-ს 2012 წლის 14 ნოემბრის N88 ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა ატესტაცია-ანგარიშგების ჩატარების შესაძლებლობა, აღნიშნულია თანამშრომელთა ვალდებულებაზე, დააგროვონ სათანადო კრედიტი ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისათვის, ამასთან, არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო კრედიტების რაოდენობა, ხოლო თავად ტერმინ „კრედიტს“ სამუზეუმო საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები არ ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით სადავო ბრძანებები, მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს ოქმები უკანონოა, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, არარა აქტად უნდა იქნას მიჩნეული. მ.ჟ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლთან ერთად მითითებულია საატესტაციო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემფასებელი კომისიის 2012 წლის 3 იანვრის N1 ოქმი და აღნიშნულია, რომ სხვა თანამშრომლებთან ერთად კასატორმა ვერ დააგროვა საატესტაციო-საკვალიფიკაციო მოთხოვნების მინიმალური ზღვარი, შესაბამისად, მასთან ახალი შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმდა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მ.ჟ-ის სამუშაოდან გათავისუფლება მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო არ მომხდარა, პირველი ინსტანციის სასამართლოს კი აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია, ამასთანავე, ბრძანებაში ზემოაღნიშნულის მითითებით შელახულია კასატორის ღირსება. კასატორმა ასევე წარადგინა პრეტენზია დავის ფაქტობრივ გარემოებებზე, სადაც დამატებით მიუთითა გასაჩივრებული განჩინების ურთიერთწინააღმდეგობაზე, მის დაუსაბუთებლობაზე, აღნიშნა, რომ ის სასამართლოს წინაშე არ ასაბუთებდა, რომ საჯარო მოხელე იყო, რაც სასამართლოს მიერ არასწორად იქნა აღქმული, მოსარჩელე მხოლოდ მისი სტატუსის განსაზღვრასა და ამის შესაბამისად ატესტაციის ჩატარების კანონიერებაზე მიუთითებდა, კასატორმა მიუთითა ასევე დავის განსჯადობის წესის დარღვევით განხილვასა და სასამართლოს მიერ იმ გარემოების არასწორად გაზიარებაზე, რომ კასატორი, რომელიც სამეცნიერო საქმიანობას ეწევა, თითქოს დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ახორციელებდა მუზეუმში, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას სასამართლომ მას მტკიცებულებათა მიღებაზე უარი არასწორად უთხრა, ასევე დაჩქარებულად მიიღო გადაწყვეტილება და არ მისცა შესაძლებლობა, ჩამოეყალიბებინა დასკვნითი სიტყვა.

წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს მ. ჟ-მა ასევე დაურთო მტკიცებულებები და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სამუზეუმო საქმიანობისა და მისი კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით ექსპერტიზის დანიშვნის, მოპასუხისაგან სამუზეუმო საქმიანობის განხორციელების კანონიერების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოთხოვის, ასევე საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. ჟ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ჟ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობებს ექსპერტიზის დანიშვნის, მტკიცებულებათა მოწინააღმდეგე მხარისაგან გამოთხოვისა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული შუამდგომლობები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები (მათ შორის ექსპერტის დასკვნა, მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თუ იმის მიერ წარმოდგენილი) ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ შუამდგომლობათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 163 ფურცლად (ტ. მე-2, ს.ფ.169-332).

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მ. ჟ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორის შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის, მტკიცებულებათა გამოთხოვისა და მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. მ.ჟ-ს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება 163 ფურცლად (ტ. მე-2, ს.ფ.169-332). საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე