Facebook Twitter

№ას-1039-974-2012 11 ოქტომბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება (ძირიტად სარჩელში), უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოტხოვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, რომლის თანახმად, 2003 წლის ნოემბრის თვეში ა. ს-სა და ა. მ-ს შორის მოხდა ზეპირი შეთანხმება ქ. ნინოწმინდაში პ-ის ქ. #67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ა. მ-ის დავალდებულება, გააფორმოს (გაასხვისოს) ქ. ნინოწმინდაში პ-ის ქ. #67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მის (ა. ს-ის) სახელზე, ვინაიდან ა. მ-მა თავის დროზე აიღო აღნიშნულის ვალდებულება

მოპასუხე ა. მ-მა სასარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ, ვინაიდან ქ. ნინოწმინდაში პ-ის ქ. #67-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ იყო ზეპირი შეთანხმება და უძრავ ნივთზე დადებული ზეპირი შეთანხმება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ასევე მოსარჩელის მიერ 2000 აშშ დოლარის გადაცემის დროსაც მასა და მოსარჩელეს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული, ამიტომ თანხის გადაცემა არ წარმოადგენდა ძირითადი ხელშეკრულების (სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების) წინარე ხელშეკრულებას, ვინაიდან ძირითადი ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც. ამასთან მოპასუხე თანახმაა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი გააფორმოს ა. ს-ის სახელზე უკვე 8000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ. ამასთან, ა. მ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვას ა. ს-ისა და მისი ოჯახის წევრების ქ. ნინოწმინდაში პ-ის ქ. #67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება.

ა. ს-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მას აღნიშნული საცხოვრებელი სახლი უკანონოდ არა ჰქონდა დაკავებული, იქ ცხოვრობს ა. მ-ის თანხმობით და არის კეთილსინდისიერი მფლობელი, მას აღნიშნული საცხოვრებელი სახლში ცხოვრების პერიოდში ჩატარებული აქვს არაერთი სარემონტო სამუშაოები, რითაც საკმაოდ გაიზარდა სახლის ღირებულება.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ა. მ-ს დაევალა გაესხვისებინა (გაეფორმებინა) ქ. ნინოწმინდაში პ-ის ქ. #67-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ა. ს-ზე, რაზედაც ა. ს-ი ვალდებული იყო გადაეხადა 500 დოლარი; ა. მ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით ა. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თავისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდ, დაკმაყოფილდა ა. მ-ის შეგებებული სარჩელი, ა. ს-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ა. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ნინოწმინდა, პ-ის ქ. #63 და გადაეცა ა. მ-ს.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადაგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2003 წელს ა. მ-სა და ა. ს-ს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, 2500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ქ. ნინოწმინდაში, პ-ის ქ. #63-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის შესახებ.

2004 წლის 24 მაისს ა. ს-მა ა. მ-ს გადაუხადა სახლის ღირებულების ნაწილი – 2000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ ა. მ-მა ა. ს-ს გადასცა სადავო სახლი, სადაც დღემდე ცხოვრობდა (ფლობდა) ა. ს-ი და მისი ოჯახი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. 2006 წლის 8 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელიც 2007 წლის 15 მარტიდან ამოქმედდა, უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგება სანოტარო წესით დადასტურებას აღარ მოითხოვს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-ს და ა. მ-ს შორის დადებული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებდა უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ფორმისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

სააპელაციო პალატის მითითებით, სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 323-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას, ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ა. ს-ს და ა. მ-ს შორის დადებული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებდას უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ფორმისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მათ შორის არსებული ხელშეკრულება არათუ დამოწმებული იყო სანოტარო წესით, არამედ - წერილობითი ფორმითაც კი არ იყო დადებული.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 323-ე და 327-ე მუხლების ანალიზის საფუძველზე, დაადგინა, რომ უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ნამდვილად მიჩნევისათვის აუცილებელი იყო, მხარეთა ნამდვილი ნება, არსებით პირობებზე შეთანხმება და გარიგების სანოტარო წესით დამოწმება.

მოცემულ შემთხვევაში, იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ ა. ს-ს და ა. მ-ს შორის დადებული ხელშეკრულება არ აკმაყოფილებდა უძრავი ქონების თაობაზე დადებული გარიგების ფორმისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალდებულებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.2-ე, 316-ე მუხლები და ხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. მ-ი ვალდებული იყო მიეღო დარჩენილი (გადაუხდელი) თანხა - 500 აშშ დოლარი ა. ს-ისაგან და გადაეფორმებინა საცხოვრებელი სახლი ამ უკანასკნელზე, ანუ დაედო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თუ სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ა. მ-ის ბრალეული ქმედების შედეგად არ დაიდო ხელშეკრულება, მაშინ დაინტერესებულ პირს - ა. ს-ს ჰქონდა უფლება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისა , რომელიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად (სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). აღნისნული ცხადყოფდა, რომ ხელშეკრულების მომზადების სტადიაზე წარმოშობილი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ ზიანის (გაწეული ხარჯების) ანაზღაურების დავალდებულებაში და არა (ნასყიდობის) ხელშეკრულების დადების დაკისრებაში, ვინაიდან ეს წინააღმდეგობაში მოვა ისეთ ფუნდამენტალურ პრინციპთან, როგორიცაა ხელშეკრულების თავისუფლების, მათ შორის ხელშეკრულების (დადების) თავისუფლების პრინციპთან (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი).

გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალდებულება არასწორი იყო, რადგან მისი განხორციელება (აღსრულება) ფაქტობრივადაც და სამართლებრივადაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან ა. მ-ი არ წარმოადგენდა სადაო უძრავი ქონების ერთადადერთ მესაკუთრეს, ხოლო სარჩელი სხვა თანამესაკუთრეების მიმართ არ აღძრულა და არც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების თაობაზე, ხელშეკრულების მომზადების სტადიაზე მათი ნება არ გამოვლენილა.

იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ა. მ-ი წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ნინოწმინდა, პ-ის ქ. #63, მესაკუთრეს. ასევე, მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) ა. ს-ი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდა სადავო ნივთს, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ არსებობდა სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ დაუსაბუთებელი იყო თუ რა ქონებასთან დაკავშირებით განიხილეს საქმე სასამართლოებმა, არაის თუ არა ა. მ-ი ამ ქონების მესაკუთრე და უფლებამოსილი პირი, რომ მხოლოდ მისი მოთხოვნით გამოსახლდნენ მოპასუხეები 9შეგებებულ სარჩელშიზ) სადავო ბინიდა. ამასთან, ა. ს-ის სარჩელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება, გადაწყვეტილება დააფუძჴნა იმ ფაქტებზე, თითქოს ა. ს-ი ითხოვდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადებულად ცნობას, რაც არ არის მართებული, იგი ითხოვდა ა. მ-ის დავალდებულებას შეესრულებინა ვალდებულება ქონების საჯაროს რეესტრში ა. ს-ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად შეაფასეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ა. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600 ლარი) 70% – 420ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ა. ს-ს დაუბრუნდეს თ. წ-ის მიერ 2012 წლის 27 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (400 ლარი) და 2012 წლის 31 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (200 ლარი), სულ 600 ლარის 70% – 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

მ. სულხანიშვილი