Facebook Twitter
#as-1396-1412-2011 oqtomberi, 2011 weli

№ას-1042-977-2012 2 ოქტომბერი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ვ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. დ-ს მიმართ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: თბილისში, ნ-ის ქ.#6-ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით გ. ვ-ისა და ზ. დ-ს თანასაკუთრებას წარმოადგენს. მოსარჩელემ აღნიშნული ქონების ½ ნაწილი 2010 წლის 11 ივნისს გ. გ-საგან, ხოლო ამ უკანასკნელმა კი, 2008 წლის 22 აგვისტოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს #01/03-114 განკარგულების საფუძველზე შეიძინა. უძრავი ქონების შეძენის შემდგომ გ.გ-ი ცდილობდა, საცხოვრებელი სახლის ½ წილიდან ადრინდელი მესაკუთრე გამოესახლებინა. აღნიშნული საფუძვლით მან პოლიციას მიმართა, რომელმაც გამოსახლებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ სადავო ქონება წარმოადგენს თანასაკუთრებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ნ-ის ქ.#6-ში არსებულ უძრავ ნივთზე, რომელიც ამჟამად ირიცხება გ. ვ-ისა და ზ. დ-ს თანასაკუთრებაში, საზიარო უფლება გაუქმდა. თითოეულ მესაკუთრეს უძრავი ქონებიდან ½ წილის შესაბამისი რეალური წილი მიეკუთვნა. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ა.ბ-მ, რომელმაც აღნიშნული უძრავი ქონება ზ.დ-საგან შეიძინა.

2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ა.ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2011 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, ვინაიდან სასამართლო მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელიც სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით, მოსარჩელე - გ.ვ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ნ-ის ქ.#6-ში არსებულ უძრავ ნივთზე, გ. ვ-ისა და ა. ბ-ის საზიარო უფლება გაუქმდა. თითოეულ მესაკუთრეს მიეკუთვნა უძრავი ქონებიდან ½ წილის შესაბამისი რეალური წილი. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით ა.ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინებით წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 დეკემბერს, 17.00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – ა. ბ-ე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. პალატამ განმარტა, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივანის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი – ა. ბ-ე მის წინააღმდეგ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოიწვია დედის გარდაცვალებამ და დაკრძალვასთან დაკავშირებულმა ფინანსურმა პრობლემებმა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ა. ბ-ის დედა - ნ. ვ-ი გარდაიცვალა 2011 წლის 26 ნოემბერს. აპელანტის განმარტებით დგინდება, რომ მისი დედა - ნ. ვ-ი დაკრძალეს 2011 წლის 1 დეკემბერს. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, როგორიცაა ახლო ნათესავის გარადაცვალება ობიექტურად უნდა აბრკოლებდეს მოწვეული მხარის გამოუცხადებლობას სასამართლოს სხდომაზე. კონკრეტულ შემთხვევაში დგინდება, რომ სასამართლოს სხდომა დანიშნული იყო 2011 წლის 7 დეკემბერს, ხოლო აპელანტის დედის დაკრძალვა მოხდა სხდომამდე 6 დღით ადრე, სახელდობრ, 2011 წლის 1 დეკემბერს. დროის ამ არც თუ ისე, მცირე შუალედის არსებობა საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ პალატამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება ახლო ნათესავის გარდაცვალების თაობაზე, არ მიიჩნიოს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებად, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო პროცესზე მის გამოცხადებას ანდა გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს ინფორმირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ბ-ის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ საფუძვლებს. მოპასუხეს შეეძლო, აღნიშნულის თაობაზე დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოობა, რომელმაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის ამ კუთხით რეალიზება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-მ შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე, რომელიც არ არსებობდა. კასატორის პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზი - დედის გარდაცვალება პალატამ საპატიო მიზეზად არ მიიჩნია. წარდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდებოდა, რომ დედა - ნ. ვ-ი გარდაიცვალა 2011 წლის 26 ნოემბერს და დაკრძალეს 7 დეკემბერს. ამავე დღეს იყო დანიშნული სასამართლო სხდომა, რამაც პროცესზე გამოუცხადებლობა გამოიწვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რ. კ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. კვანტალიანი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე