Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-521-493(კ-06) 31 ოქტომბერი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: შვებულების სანაცვლო ფულადი კომპენსაციისა და სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლობის გამო გადაცილებული დღეებისათვის ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 3 მაისს ა. ო-მა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ 2004-2005 წლების 45-დღიანი შვებულების სანაცვლო კომპენსაციის, ასევე‚ 30 დღის ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოპასუხისათვის შემდეგი საფუძვლით:

ა. ო-მა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში იმსახურა 16 წელი, ხოლო, ბოლო 10 წელი იყო სამხედრო მოსამსახურე წესდებით – .......

2004წ. 4 ოქტომბერს ა. ო-ი გადაყვანილ იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში, ხოლო 2005წ. 25 იანვარს სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შერწყმის შედეგად, რაც განხორციელდა უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაციით, ა. ო-ი დათხოვნილ იქნა უშიშროების სამინისტროს სამხედრო სამსახურიდან.

მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა, რომ ა. ო-ს არ უსარგებლია 2004-2005 წლების კუთვნილი 45-დღიანი შვებულებით, თანახმად «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 41-ე მუხლისა.

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიმართ დარღვეულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან იგი არ გაუფრთხილებიათ უშიშროების სამინისტროს მოსალოდნელი ლიკვიდაციის გამო სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, რის გამოც მას მითითებული კანონის 109-ე მუხლის შესაბამისად, უნდა მიეცეს ერთი თვის ხელფასი.

ა. ო-ის სარჩელი არ ცნო მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ უშიშროების მინისტრის 2004წ. 4 ოქტომბრის ¹2813-პშ ბრძანებით ა. ო-ი გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, რის გამოც იგი ვერ ისარგებლებდა შვებულებით, ხოლო 2005 წელს მოხდა უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაცია.

მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელეს სახელფასო თანხის გაანგარიშებასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ აღნიშნული გაანგარიშება არ უნდა მოხდეს შინაგან საქმეთა მინისტრის ¹55 ბრძანებით, რადგან ა. ო-ი არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. შესაბამისად, მისი თანამდებობრივი განაკვეთი უნდა განისაზღვროს როგორც უშიშროების თანამშრომლი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოსარჩელის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა 2004წ. 45 დღიანი საშვებულებო თანხის ანაზღაურება ა. ო-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროისათვის არსებული ფულადი ანაზღაურების შესაბამისად, ა. ო-ს უარი ეთქვა 2005წ. 45-დღიანი საშვებულებო თანხისა და უშიშროების სამინისტროს მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ ერთი თვით ადრე გაუფრთხილებლობის გამო 30 დღის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ა. ო-ი მუშაობდა საქრათველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის გარე მეთვალყურეობის სამმართველოს მზვერავად, რომელიც‚ უშიშროების მინისტრის 2004წ. 4 ოქტომბრის ¹1314 ბრძანებით, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში; შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის 2005წ. 29 ნოემბრის ¹7/7-4411 წერილის თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს უნარჩუნდებათ ფულადი ანაზღაურება ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად არა უმეტეს 2 თვისა, რაც მოსარჩელეს ანაზღაურებული აქვს 2004წ. 4 დეკემბრამდე; ა. ო-ი დათხოვნილ იქნა 2005წ. 25 დეკემბრიდან ¹1314 ბრძანებით არაანაზღაურებადი კადრების განკარგულებიდან; ა. ო-ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა უშიშროების სამინისტროსთან, რის გამოც «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 1.1 მუხლს თანახმად _ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მითითებული კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს‚ ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ო-ს არ უსარგებლია 2004წ. შვებულებით. შესაბამისად, ა. ო-ის სამსახურიდან დათხოვნისას მისთვის უნდა აენაზღაურებინათ 2004წ. გამოუყენებელი შვებულების თანხა.

საქალაქო სასამართლომ შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამეურნეო და ფინანსური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს ¹10/4/5-2627 წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ო-ის თვიური ფულადი ანაზღაურება 2004წ. 1 დეკემბრისათვის შეადგენდა 172.68 ლარს, ხოლო 2005წ. იანვრისათვის «შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ» შინაგან საქმეთა მინისტრის ¹55 ბრძანების თანახმად ოპერატიული თანამშრომლისა და მასთან გათანაბრებული პირის პირველი კატეგორიის ხელფასი განისაზღვრა 320 ლარით.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2004წ. 45-დღიანი საშვებულებო თანხის ანაზღაურების ნაწილში მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროისათვის არსებული ფულადი ანაზღაურების შესაბამისად.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონში 2004წ. 24 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების მე-2 მუხლის თანახმად, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მომხდარიყო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაცია. აღნიშნულის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის 2005წ. 25 იანვრის ¹134 ბრძანებით უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები დათხოვნილ იქნენ სამხედრო სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში, რა დროისთვისაც ა. ო-ი იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო ესარგებლა 2005წ. შვებულებით და მოეთხოვა გამოუყენებელი შვებულების ასანაზღაურებელი თანხა.

საქალაქო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა უშიშროების სამინისტროს მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ ერთი თვით ადრე გაუფრთხილებლობისათვის 30 დღის ხელფასის ანაზღაურების ნაწილში. საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მის მიმართ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 2004წ. 4 ოქტომბრის ბრძანება ა. ოვსეპიანის კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, თავად წარმოადგენდა გაფრთხილებას მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე და დამატებით გაფრთხილება საჭირო არ იყო, რადგან კადრების განკარგულებაში გადაყვანა გულისხმობს მომავალში მის შესაძლო გადადგომას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006წ. 10 იანვრის გადაწყვეტიელბის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 2004წ. 45-დღიანი შვებულების კომპენსაციის _ 259,02 ლარის, 2005წ. გამოუყენებელი 45-დღიანი შვებულების კომპენსაციის _ 671,99 ლარის, მოსალოდნელი ლიკვიდაციის გამო დათხოვნის შესახებ 30 დღით ადრე გაუფრთხილებლობისათვის 447,99 ლარის, ასევე ერთდროული გასასვლელი დახმარების ოთხი თვის ხელფასის 1791,92 ლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი მოტივით:

აპელანტის მითითებით, მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა რიგი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ, დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 41-ე მუხლი, რომელიც ადგენს მოსამსახურეებისათვის 30-დღიან ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებას, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებაში 10 წელზე მეტი სტაჟის მქონე მოსამსახურეებისათვის ითვალისწინებს დამატებით 15 კალენდარული დღის ოდენობით ანაზღაურებად შვებულებას. ასევე დარღვეულ იქნა «შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 49-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შვებულების ფულადი კომპენსაციით შეცვლას შს ორგანოს თანამშრომლის სამუსაოდან დათხოვნის შემთხვევაში, თუ მას შვებულებით არ უსარგებლია.

აპელანტის მოსაზრებით, 2004წ. 4 ოქტომბერს კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ, ორი თვის განმავლობაში მისთვის უნდა მიეცათ ხელფასი, ხოლო დეკემბერში უნდა გაეფორმებინათ 2004წ. კუთვნილი შვებულება.

გარდა აღნიშნულისა, აპელნატის მითითებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის შესაბამისად, ა. ო-ი და მასთან ერთად სამსახურიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეები გაფრთხილებული უნდა ყოფილიყვნენ ერთი თვით ადრე.

აპელანტის მოსაზრებით, არასწორია საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ა. ო-ის გათავისუფლებისას არ დარღვეულა «საჯარო სმსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლი და საჭირო არ იყო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება. აპელანტის მითითებით, კადრების განკარგულებაში გადაყვანა ყოველთვის არ მთავრდება მოსამსახურის გათავისუფლებით და იგი არ ნიშნავს მოხელის გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ მას ითხოვენ სამხედრო სამსახურიდან. აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლოს დასკვნა აღნიშნულთან დაკავშირებით, არ არის გამყარებული სამართლებრივად.

ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ ცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოთხოვნა 4 თვიანი კომპენსაციის გაცემის თაობაზე მიიჩნია მოთხოვნის გაზრდად და აღნიშნულს არ დაეთანხმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 24 მაისის განჩინებით ა. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006წ. 10 იანვრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და აღნიშნა, რომ ა. ო-ზე, როგორც 2004წ. 4 ოქტომბრიდან კადრების განკარგულებაში მყოფი სტატუსის მქონე პირზე არ ვრცელდება ლიკვიდაციის გამო გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე გაფრთხილების აუცილებლობა, რის გამოც ა. ო-ს, მიღებული აქვს რა ორი თვის თანამდებობრივი სარგო, არ გააჩნია ერთი თვის ოდენობით გასასვლელი დახმარების მიღების უფლება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ა. ო-ი თადარიგში დათხოვნილ იქნა 2005წ. 24 იანვრის ბრძანებით. 2005 წელს იგი სამხედრო მოსამსახურეს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, ამ პერიოდისათვის არც შვებულება ეკუთვნოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ო-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 24 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ 2005წ. გამოუყენებელი 45-დღიანი კომპენსაციის _ 671,99 ლარის, მოსალოდნელი დათხოვნის შესახებ გაუფრთხილებლობის გამო 30 დღის ხელფასის 447,99 ლარის, სულ 1119,98 ლარის ანაზღაურების დაკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის შემდეგი მოტივით:

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ა. ო-ი კადრების განკარგულებაში გადაყვანის შემდეგ, 2005 წელს არ იყო სამხედრო მოსამსახურე და შესაბამისად, არც შვებულება ეკუთვნოდა. კასატორის მითითებით, უშიშროების სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ 2005წ. 25 იანვრის ბრძანებით დასტურდება, რომ ა. ო-ი 2004წ. 24 დეკემბრამდე, უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაციამდე იყო სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, 2005წ. 25 იანვრამდე კი გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლსი 25 იანვრის ¹134 ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან სამხედრო ძალების რეზერვში, რომლის შემადგენლობიდანაც ამოირიცხება საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და გამოტანილის საქმის მასალების გამოკვლევის გარეშე. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნა გაფრთხილების აუცილებლობის შესახებ, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 11.4 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, შრომის კანონთა კოდექსის 67.4 მუხლის «ბ» ქვეპუნქტი, «შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი.

საკასაციო სასამართლოს 2006წ. 18 ოქტომბრის განჩინებით ა. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე (პროცესუალური კასაცია).

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 24 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენების, საქმის გარემოებების გამოკვლევისა და მართებულად შეფასების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება მიიღო, ადგილი არ ჰქონია საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევებს, რომლებსაც შედეგად არასწორი განჩინების გამოტანა მოჰყვა, საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების სსკ-ის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა ა. ო-ის მოთხოვნა 2005წ. შვებულების სანაცვლო ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ, რადგან საქმის მასალებით დასტურდება და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ ა. ო-ი 2004წ. 4 ოქტომბრიდან ¹2813პ/შ ბრძანებით გადაყვანილი იყო კადრების განკარგულებაში, სადაც იმყოფებოდა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის 2005წ. 25 იანვრისათვის. შესაბამისად, სასამართლოებმა მართებულად არ გაავრცელეს მის მიმართ შრომის კანონთა კოდექსის 67-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულების სანაცვლო კომპენსაციის მიღების უფლება, რადგან ა. ო-ი გათავისუფლების დროისათვის იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, რაც გულისხმობს შტატგარეშე დარჩენილი პირის იმგვარ მდგომარეობას, როდესაც იგი არ ასრულებს შრომით მოვალეობებს და კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში უნდა გადაწყდეს მისი შრომითი მოწყობის საკითხი. შესაბამისად ასეთი პირები არ სარგებლობენ შვებულებით, მით უფრო, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსამსახურისათვის დგინდება ყოველწლიური შვებულება, კადრების განკარგულებაში კი პირი იმყოფება არა უმეტეს 4 თვისა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მართებულად არ იქნა გაზიარებული ა. ო-ის მოთხოვნა 2005წ. შვებულების სანაცვლო კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მას «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 3.1 მუხლის შესაბამისად, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი და არასწორია აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ა. ო-ი 2005 წელს არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. თუმცა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სსკ-ის 393.3 მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს, რადგან მოცემულ შემთხვევაში მითითებული კანონის სწორი განმარტება სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას ვერ გამოიწვევდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე მართებულად არ იქნა გაზიარებული ა. ო-ის მოთხოვნა მის მიმართ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108.1 მუხლით დადგენილი, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლობის გამო ამავე კანონის 108.2 მუხლის შესაბამისად, ყოველი გადაცილებული დღისათვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ და ა. ო-ს მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს, იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ, უთითებენ სარჩელის საგანსა და საფუძველს. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის ფარგლებში და მას უფლება არა აქვს მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც მას არ მოუთხოვია. კონკრეტულ შემთხვევაში, ა. ო-ი ერთი თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108.2 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის ანაზღაურების ვალდებულებას მოხელის მიმართ ამავე კანონის 108.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაუფრთხილებლობისათვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108.1 მუხლი გაფრთხილების ვალდებულებას ადმინისტრაციას აკისრებს მოხელის მიმართ. ამავე კანონის მე-6 მუხლის თანახმად კი, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ო-ის მიმართ ვერ იქნება გავრცელებული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108.2 მუხლი, რადგან ა. ო-ი იყო შტატგარეშე დარჩენილი მოსამსახურე და არა მოხელე, რამდენადაც ამ დროისათვის იგი იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ვალდებულებას ითვალისწინებს ასევე შრომის კანონთა კოდექსიც, კერძოდ, მითითებული კოდექსის 422 მუხლის თანახმად, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც. თუმცა აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციის მხრიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გაფრთხილების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის რაიმე სახის კომპენსაციის გაცემას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ო-ის მიმართ ადგილი ჰქონდა შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის მოთხოვნის დარღვევას, რადგან მართალია, ა. ო-ი 2004წ. 4 ოქტომბრის ¹2813-პ/შ ბრძანებით გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, რაც გულისხმობს შტატგარეშე დარჩენილი პირის ისეთ მდგომარეობას, როდესაც უნდა გადაწყდეს მისი შრომითი მოწყობის საკითხი და კანონით დადგენილი კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლოა პირი დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან, ანუ ასეთ პირობებში პირისათვის მოსალოდნელია სამსახურიდან დათხოვნა. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ო-ის მიმართ ადმინისტრაციამ არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილების შესახებ. ასეთი ვალდებულება ადმინისტრაციას შრომის კანონთა კოდექსით ეკისრებოდა და გაფრთხილების ვალდებულებისაგან მას არ ათავისუფლებდა ის გარემოება, რომ ა. ო-ი იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, რადგან მოცემულ შემთხვევაში ა. ო- ი კადრების განკარგულებაში ყოფნის კანონით დადგენილი 4-თვიანი ვადის ამოწურვამდე, შინაგან საქმეთა მინისტრის 2005წ. 25 იანვრის ¹134 ბრძანებით დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.1 მუხლის შესაბამისად, უშიშროების სამინისტროს ლიკვიდაციის გამო, რაც წარმოადგენს პირის სამსახურიდან დათხოვნის უპირობო საფუძველს. ასეთ პირობებში ადმინისტრაცია ვალდებული იყო‚ ა. ო-ი გაეფრთხილებინა მოსალოდნელი გათავისუფლების უპირობო საფუძვლის არსებობის შესახებ, რადგან ა. ო-ს აღარ რჩებოდა მისი შრომითი მოწყობის საკითხის დადებითად გადაწყვეტის ვარაუდი. რაც შეეხება ა. ო-ის მოთხოვნას გაუფრთხილებლობის გამო 1 თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან აღნიშნულს შრომის კანონთა კოდექსი არ ითვალისწინებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოტივები არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 24 მაისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 24 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

სამსახურიდან განთავისუფლება დაწესებულების ლიკვიდაციის გამო